ველოდებით, რომ დასკვნა, რომელსაც ვენეციის კომისია 16 ივნისს დაამტკიცებს, წინასწარ დოკუმენტზე კიდევ უფრო პოზიტიური იქნება

ველოდებით, რომ დასკვნა, რომელსაც ვენეციის კომისია 16 ივნისს დაამტკიცებს, წინასწარ დოკუმენტზე კიდევ უფრო პოზიტიური იქნება

საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია რეკომენდაციებს 16 ივნისს დაამტკიცებს.

ვენეციის კომისიის პლენარულ სესიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. საქართველოს დელეგაცია იმედოვნებს, რომ საბოლოო დასკვნა „კიდევ უფრო პოზიტიური იქნება, ვიდრე წინასწარი დასკვნაა“.

„ჩვენ უკვე გვაქვს გაგზავნილი გარკვეული მოსაზრებები, რომელიც დასკვნის ტექნიკურ ხარვეზებს შეეხება, რაც იყო გამოწვეული ან თარგმანით ან გარკვეული სხვა პირობებით. დამატებით ვაპირებთ, მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რის გათვალისწინებას ვაპირებთ დასკვნიდან. თქვენ იცით, რომ თითქმის ყველაფრის გათვალისწინებას ვაპირებთ და ეს ინფორმაციაც გვინდა, რომ ვენეციის კომისიას ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო დასკვნაში ეს ყველაფერი აისახება და იგი კიდევ უფრო პოზიტიური იქნება, ვიდრე არის წინასწარი დასკვნა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ თამარ ჩუგოშვილმა.

კონკრეტული ხარვეზების დასახელებისას, ჩუგოშვილმა მაგალითად მოიყვანა საარჩევნო ხმის უფლებასთან დაკავშირებული ნორმა, რომელზეც, მისი თქმით, ტექსტის ჩანაწერიდან გამომდინარე კომისიას შეექმნა არასწორი წარმოდგენა; ასევე, ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით ჩანაწერი ვერ იქნა ნაპოვნი პროექტის ტექსტში.

თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელსაც ვენეციის კომისია 16 ივნისის სხდომაზე მიიღებს, 19 ივნისს გახდება ხელმისაწვდომი.