აშშ-ის პარტნიორები და მოკავშირეები რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას მთხოვენ

აშშ-ის პარტნიორები და მოკავშირეები რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას მთხოვენ

აშშ-ის პარტნიორები და მოკავშირეები რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა.

„რომ იცოდეთ, რა მესმის მოკავშირეებისგან და პარტნიორებისგან. მე ჯერ არ მქონია ორმხრივი შეხვედრები, რომელზეც კოლეგებს ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდანაც კი არ ეთხოვათ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება“, - განაცხადა რექს ტილერსონმა აშშ-ის კონგრესის სენატის მოსმენებზე სიტყვით გამოსვლისას.

ტილერსონის თქმით, აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორები მიიჩნევენ, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გაუარესება საბოლოო ჯამში მათი მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს.

„პარტნიორები მთხოვენ, რომ შევეცადო და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება მოვახდინო“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს აშშ-ის სენატში შეთანხმებულ კანონპროექტს, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავკავდეთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით. არ ვფიქრობ, რომ არსებული ურთიერთობები აშშ-ის ინტერესებს ან მსოფლიოში სტაბილურობის ინტერესებს პასუხობდეს. ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ ან ურთიერთობების შემდგომი გაუარესების გზით ან შევეცადოთ ურთიერთობების სტაბილიზირება და გაუმჯობესება მოვახდინოთ“, - დასძინა ტილერსონმა.