ქუთაისის აქციას არასამთავრობო ორგანიზაციები დააკვირდებიან

ქუთაისის აქციას არასამთავრობო ორგანიზაციები დააკვირდებიან

10 ივნისს ქუთაისში დაგეგმილ აქციას არასამთავრობო ორგანიზაციები "სამართლიანი არჩევნები” და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დააკვირდებიან. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში უკვე მეორე თვეა ახორციელებენ და, საქართველოს მასშტაბით, პოლიტიკური პარტიების მიერ გამართულ ყველა შეხვედრას ადევნებენ თვალყურს. როგორც ისინი ამბობენ, აქციაში მონაწილე საზოგადოების ინფორმირებულობა მათი უფლებების შესახებ მშვიდობიანი აქციის გამართვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

ქუთაისში 10 ივნისს კოალიცია ”ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ აქციაზე წასვლას გეგმავს ქუთაისის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე. ის სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. როგორც ის გვიყვება, სატელეფონო შეტყობინება გათავისუფლების შესახებ საავადმყოფოს მფლობელი კომპანიის ”ჩემი ოჯახის კლინიკის” ხელმძღვანელისგან მიიღო. გათავისუფლების მიზეზად დასახელდა ორი დაწესებულების ინტეგრაციის პროცესი, თუმცა თემურ ნადირაძე გათავისუფლების მიზეზად ”ქართული ოცნების” 27 მაისის აქციას ასახელებს:

”საავადმყოფოების ინტეგრაციის პროცესს დაახლოებით ორი თვე სჭირდებოდა. როცა საავადმყოფოები გაერთიანდებოდა, შესაძლებელი იყო, რომ სხვა თანამდებობაზე გადავეყვანე. 24 წელია, რაც დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს ვხელმძღვანელობ, მაგრამ მფლობელმა კომპანიამ მოულოდნელად და სასწრაფოდ მიიღო გადაწყვეტილება ჩემი გათავისუფლების შესახებ, რადგან მე 27 მაისს ვიყავი თბილისში. ცნობისმოყვარეობამ მძლია და წავედი ”ქართული ოცნების” აქციაზე, რომ გამეგო, რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე.”


სანამ ”ქართული ოცნება” ქუთაიში მშვიდობიანი აქციის გამართვის თარიღად 10 ივნისს, ხოლო აქციის ჩატარების ადგილად ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიას დაასახელებდა, მათ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ოთხჯერ მიმართეს ქუთაისის მერიას სხვადასხვა ადგილისა და დროის გამოყოფის მოთხოვნით, მაგრამ ფესტივალ „არტ-ივნისის“ კულტურული ღონისძიებების გამო კოალიციამ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მშვიდობიანი აქციის გამართვის უფლება ვერ მოიპოვა და სწორედ ამიტომ აქციის გამართვის თარიღად 7 ივნისის ნაცვლად 10 ივნისი ჩაინიშნა, აქციის გამართვის ადგილად კი - ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორია.

10 ივნისს ქუთაისში დაგეგმილ აქციას არასამთავრობო ორგანიზაციები "სამართლიანი არჩევნები” და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დააკვირდებიან. თამუნა ფაჩულია, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი, ”ქართული ოცნების” მშვიდობიანი აქციის ერთ-ერთი დამკვირვებელი იქნება. როგორც ის გვეუბნება, დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში განახორციელებენ:

”დავაკვირდებით, თუ რამდენად იქნება უზრუნველყოფილი შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს უფლება სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება.”

თუმცა, გარდა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიების უზრუნველყოფის შესწავლისა, არასამთავრობო ორგანიზაციები იმასაც დააკვირდებიან, ხომ არ ირღვევა თავად პარტიების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ნინო ლომჯარია,”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს:

”დაკვირვების მთავარი მიზანია, ერთი მხრივ, დავაკვირდეთ იმას, თუ რამდენად აქვთ პარტიებს საშუალება ზეწოლისაგან თავისუფალ გარემოში განახორციელონ შეხვედრები ამომრჩეველთან და, მეორე მხრივ, თავად პარტიების მიერ ხომ არ კეთდება რაიმე უკანონო დაპირებები მოქალაქეების მისამართით და მათი მხრიდანაც ხომ არ ირღვევა საარჩევნო კანონმდებლობა.”

როგორც ”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ვარაუდობს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციებში მონაწილეობის შიში გაჩნდა. ის საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიგი წერეთლის სიტყვებს იხსენებს, რომლის მიხედვითაც, საჯარო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანები ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებში არ უნდა ღებულობდნენ მონაწილეობას და თუკი ეს ასე ხდება, მაშინ ისინი სამსახურიდან უნდა წავიდნენ. სწორედ ამიტომ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ნინო ლომჯარია განმარტავს, თუ ვის და რა ფორმით შეუძლია მშვიდობიან აქციებში მონაწილეობის მიღება და ვის არა:

”საზოგადოების თითოეულ წევრს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოების შემადგენლობაში ან ირიცხებიან ამ შემადგენლობაში. აქციაში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ ასევე პროკურატურის წარმომადგენლებს, მოსამართლეებს, სამხედროებს, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და სახალხო დამცველს.”

როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, აქციასა თუ დემონსტრაციაში მონაწილეობა ადამიანის გამოხატვის თავუსუფლებაა და ამ უფლებაში ნებისმიერი ჩარევა ან ზეწოლა არის ქმედება, რომელიც, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ისჯება. თუმცა ის იქვე სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ერთ მუხლზე მიუთითებს საზოგადოებას და ამბობს, რომ აქციაში მონაწილეებმა ისიც უნდა იცოდნენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, რომელიც ამომრჩეველთა მოსყიდვას გულისხმობს, ისჯება როგორც პოლიტიკური პარტიების წარომადგენლებისაგან მოქალაქეებისათვის დაპირებების განხორციელება, მაგალითად, მატერიალური ფასეულობების გადაცემა, ასევე მოქალაქეების მხრიდან ამ მომსახურების მიღება.

აქვე გეტყვით, რომ 9 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებულ "ქართული ოცნების" აქტივისტებს კობა ჯაბუას და ნინო ყურუას, აღმკვეთი ღონისძიების სახით, გირაო 3000-3000 ლარის ოდენობით შეუფარდა. გამოძიების მასალების მიხედვით, "ქართული ოცნების" აქტივისტებს ბრალი ედებათ, რომ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრებისას მოქალაქეებს, "ქართული ოცნების" პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ, ბუკლეტების შევსებისა და მათში ქონებრივი ხასიათის სურვილების დაფიქსირების გზით, ფულისა და სხვა უპირატესობების მიღებას დაჰპირდნენ.