ლიტვა თანამონაწილეა 2008 წლის სისხლიანი მოვლენებისა, რომელიც სააკაშვილის დანაშაულებრივმა რეჟიმმა წამოიწყო

ლიტვა თანამონაწილეა 2008 წლის სისხლიანი მოვლენებისა, რომელიც სააკაშვილის დანაშაულებრივმა რეჟიმმა წამოიწყო

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩიუსის მიერ აფხაზეთთან და რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. ლიტველი მინისტრი გამოვიდა მოწოდებით, გაგრძელდეს აფხაზეთის არაღიარებისა და იზოლაციის პოლიტიკა, რუსეთის ხელისუფლება კი ანექსიაში დაადანაშაულა.

„ბატონ მინისტრს გვსურს შევახსენოთ, რომ ლიტვა ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს არმიის მოდერნიზებაში აქტიურად მონაწილეობს, გადასცემს მას სხვადასხვა შეიარაღებას და ამით აქეზებს საქართველოს ხელმძღვანელობის რევანშისტულ განწყობას აფხასზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. ამგვარად, ლიტვა თანამონაწილეა 2008 წლის სისხლიანი მოვლენებისა, რომელიც სააკაშვილის დანაშაულებრივმა რეჟიმმა წამოიწყო. კარგად არის ცნობილი, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ლიტვის მთელი საგარეო პოლიტიკა აგებულია ანტირუსულ ისტერიკაზე. გვინდა დავარწმუნოთ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ მის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებული განცხადება პოპულისტურ ხასიათს ატარებს და ჩვენი რესპუბლიკის მომავალ განვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს. უფრო მეტიც, აფხაზეთი აპირებს განავითაროს და გააძლიეროს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა“, - ნათქვამია დეფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

11 ივნისს საქართველოში ვიზიტად მყოფი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აფხაზეთის ე.წ. საზღვარისპირა სოფლებს ეწვია. მინისტრი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, რუსეთის ქმედებები საერთაშორისო დანაშაულია, რომელმაც ხალხი შუაზე გახლიჩა, რაც შედეგების გარეშე არ დარჩება.