საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა, თბილისში, 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ვერეს ხეობაში ტრაგედიის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„დღეს არის 13 ივნისის საღამო. დრო, როდესაც თბილისში მასშტაბური სტიქიური უბედურების მომსწრენი გავხდით. ამასთან, ეს არის უპრეცენდენტო სოლიდარობის დღე, როდესაც მთელი საზოგადოება გაერთიანდა. მოქალაქეები, ხელისუფლების წარმომადგენლები, მაშველები ერთად იყვნენ იმ გამოწვევების წინაშე, რომლებმაც სამწუხაროდ, ჩვენი საუკეთესო მოქალაქეები, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო წევრები წაგვართვა. აქ სიმბოლურად არის დარგული ხეები, რომლებიც ერთგვარი გაგრძელებაა იმ სიცოცხლისა, რომელიც, ჩვენს დაღუპულ მოქალაქეებს უნდა გაევლოთ. სამწუხაროდ, ყოველ წელიწადს 13 ივნისს ეს ხეები მათ მაგივრად შეხვდებიან", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, სახელმწიფომ და საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ სტიქიის შედეგების სწრაფი ლიკვიდაცია და იმ ზარალის კომპენსაცია მომხდარიყო, რომელიც სტიქიამ ადამიანებს და ქალაქს  მიაყენა. „მე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელმაც გაიღო პირველადი მოხმარების ნივთები, თანხა, პირადად დადგა აქ, ამ ხეობაში და საკუთარი ფიზიკური ძალით და თანადგომით იმ პრობლემებს და შედეგებს უმკლავდებოდა, რომელიც სტიქიამ მოიტანა", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. მან ასევე,  მადლობა გადაუხადა ბიზნესმენებს, ქველმოქმედ ადამიანებს, რომლებმაც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ფონდში, რომლის საშუალებითაც  ბევრი ადამიანისთვის დახმარების გამოყოფა მოხდა.  

„13 ივნისში ჩვენ უნდა დავინახოთ არა მხოლოდ სტიქიური უბედურება, არამედ ის, თუ როგორი ერთიანობა არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, როდესაც ჩვენ რაიმე განსაცდელის წინაშე ვდგებით. 13 ივნისის შემდეგ, ბევრი რამ მოხდა ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანი განვითარება განიცადა როგორც საქალაქო სამსახურებმა ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემამ. დაიწყო უსაფრთხოების სისტემების პილოტირება, მოხმარებაში უკვე შევიდა ახალი აღჭურვილობა. ამ მიმართულებით განვითარების პროცესი გრძელდება, სანამ უსაფრთხოების სტანდარტები არ იქნება ისეთივე მაღალი, როგორსაც ჩვენ, ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი სტანდარტები გვავალდებულებს. ეს არის ერთიანი პროცესი და რა თქმა უნდა, 13 ივნისი არის ერთგვარი სიმბოლო იმისა, რომ საქართველო არ დაიჩოქებს და განაგრძობს განვითარებას", - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ თითოეული დაღუპული ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„ძალიან დიდ   ტკივილთან ერთად, ეს დღე საოცარი ერთიანობის და იმედის სიმბოლო გახდა.  არასდროს დაგვავიწყდება ჩვენი ახალგაზრდების საამაყო ჩართვა  სოლიდარობის აქციებში. როგორ ერთ მუშტად შეიკრა არა მხოლოდ საქართველო არამედ, ჩვენი დიასპორა, საერთაშორისო პარტნიორები და მეგობრები. მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ ის ერთიანობა და კონსოლიდაცია, რომელიც 13 ივნისს და  შემდგომ  დღეებში ჰქონდა მთელ საზოგადოებას, არა მხოლოდ ტრაგედიის დღეს არამედ, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისკენ იყოს მიმართული", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.