საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წარმოდგენილ პროექტს უმრავლესობაში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წარმოდგენილ პროექტს უმრავლესობაში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წარმოდგენილ პროექტში, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, გარკვეული ცვლილებები შევა. 

როგორც ჯაფარიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, წარმოდგენილ პროექტს უმრავლესობაში ჰყავს ბევრი მოწინააღმდეგე და, შესაბამისად, საკითხი, სავარაუდოდ, ისე არ გავა, რომ ჩავარდეს. 

"რაღაც შეთანხმება მოხდება. ამდენი მოწინააღმდეგე როდესაც ჰყავს საკითხს, არა მგონია საკითხი ისე დადგეს, რომ ჩავარდეს. კონსენსუსი მოხდება ყველა შემთხვევაში. ეს უმრავლესობა ის უმრავლესობა არ არის, როდესაც მიშას დროს ერთს ხელს მოიქნევდა მიშა და კრება დამთავრებული იყო. ადამიანებს აქვთ საკუთარი აზრი, ამ აზრს არავინ ზღუდავს. ალბათ გარკვეული ცვლილებები შევა წარმოდგენილ ვარიანტში. ვცდილობთ, რომ აზრები შევაჯეროთ",- განაცხადა ჯაფარიძემ. 

მისივე თქმით, ვერავინ დაარწმუნა თუ რატომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევის წესი. "მაჟორიტარული სისტემა უნდა დარჩეს, რადგან პირდაპირი წესით ირჩევ პიროვნებას - ეს არის დემოკრატიული არჩევნების წესი. ამერიკაში სულ მაჟორიტარები არ არიან? ბევრ ქვეყანაში პროპორციული არის, თუმცა ბევრ ქვეყაში ასევე არის მაჟორიტარული და შერეული სისტემა. ვუჭერ მხარს, რომ პიროვნება აირჩიოს ხალხმა პირდაპირი წესით და რატომ არ არის ეს დემოკრატიული?! ვერავინ დამარწმუნა, რომ ეს არ არის დემოკრატიული. არა მხოლოდ მაჟორიტარები, პროპორციულ საარჩევნო სისტემას პროპორციული სიით გასული გარკვეული დეპუტატებიც არ უჭერენ მხარს, მაგალითად გია გაჩეჩილაძე, მათ შორის მეც",- განაცხადა ჯაფარიძემ.