საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში მიმდინარე წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში მიმდინარე წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

საკანონმდებლო ორგანოში საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საგარეო ურთიერთობების მიმართულებით მიმდინარე წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. მინისტრს, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წევრებმა მოუსმინეს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ექვსი თვე, საგარეო პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, იყო საკმაოდ დატვირთული და მრავალმხრივ წარმატებული, მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ საგარეო საქმეთა მინისტრისგან შემაჯამებელი ანგარიში. თითქოს სიმბოლურია, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან თავი მოიყარა აქტიურმა თანამშრომლობამ. წელს, ჩვენ, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 25 წლისთავს აღვნიშნავთ. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ.

„საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „საგარეო პოლიტიკის შესახებ" რეზოლუციისა და სამთავრობო პროგრამის გათვალისწინებით სამინისტროს 2017 წლის პრიორიტეტები დაიგეგმა და მათი განხორციელების გზები განისაზღვრა. სწორედ ამ გზით მიღწეულ შედეგებს წარმოგიდგენთ დღეს. ჩვენი ამოცანაა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ თავი უფრო დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს და იცხოვროს, ერთიან, თავისუფალ, დემოკრატიულ და ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში", - მიმართა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის წევრებს.

მინისტრმა 2015 წლის 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა. „ეს ტრაგედია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ტკივილია და ამავდროულად, ერის კონსოლიდაციის ნათელი გამომჟღავნებაა", - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მან განვლილი 6 თვის განმავლობაში საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მიხედვით, სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა. პირველ რიგში ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური ამოცანაა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და მშვიდობიანი გზით, განსაკუთრებით - საოკუპაციო ხაზებით გამოყოფილი მოსახლეობის შერიგებითა და ნდობის აღდგენით აგრეთვე, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.

„ჩვენი აქტიური ძალისხმევით პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მხრიდან სათანადო შეფასება მიეცა რუსეთის მიერ გადადგმულ ამ უკანონო ნაბიჯებს და გაკეთდა დამგმობი განცხადებები. გარდა ამისა, მიმდინარე წელს უკვე ორჯერ მოხდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის განხილვა გაერო-ს უშიშროების საბჭოში. ეს იყო პირველი შემთხვევა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს პირადად მიეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო ღია დებატებში და გაეროს წევრებისთვის მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია კონფლიქტზე და მის ბოლო განვითარებებზე", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მან ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდზე, სადაც სამუშაო ჯგუფებში რუსეთის მხრიდან გადადგმული აგრესიული ნაბიჯების შესახებ საკითხი დაისვა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე კიდევ უფრო აქტიური ჩართულობაა ევროპის საბჭოში. მისივე თქმით, გრძელდება მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელშიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა გამოიხატა.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეის სესიაზე, რომელმაც კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".

მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის ბიუჯეტის კანონში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ გაკეთებულ ჩანაწერზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის თანახმად, თუ რომელიმე ქვეყანამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა, იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა აშშ-ის მხრიდან გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს. მან აშშ-ის სენატში წარდგენილ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციაზეც ისაუბრა. „ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრების და საელჩოების აქტიური მუშაობის და იმ პოლიტიკის შედეგი, რაც ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის კუთხით გვაქვს", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მან საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაზეც და საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტზე - ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოს ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა, რაც ვიზის ლიბერალიზაციის ამოქმედებას გულისხმობს.

„ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ვიმედოვნებთ რომ ეს პროცესი ასევე წარმატებით გაგრძელდება და შეფერხებები არ იქნება. ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ჩვენ ოფიციალურადაც განვაცხადეთ, რომ ინტენსიურად ვაგრძელებთ ევროინტეგრაციულ პროცესებს. ამასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების გეგმა, რომელიც ჩვენს საბოლოო მიზანთან დაგვაახლოებს, ჩვენს ქვეყანას ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბებს და იმ საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანს, რომელსაც ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა ჰქვია", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მან ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად მიმართულებებზე რომელსაც ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების გეგმა, ითვალისწინებს. ასევე, ისაუბრა ქ. ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ქართული დიპლომატიის ძალისხმევა კვლავაც მიმართულია ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებისკენ. მისივე თქმით, აქტიური დინამიკაა შენარჩუნებული ევროპის ლიდერ ქვეყნებთან - გერმანიასთან, საფრანგეთთან, იტალიასა და გაერთიანებულ სამეფოსთან. განსაკუთრებით გააქტიურებულია პოლიტიკური დიალოგი უკრაინასთან. მისივე განმარტებით, გაიმართა, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი მაღალი დონის ვიზიტი და უახლოეს მომავალში საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ეწვევა.

საქართველოს ნატოსთან ურთიერთობაზე საუბრისას მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ აქტიურად გრძელდება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტის - საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობა.

„ალიანსის მხრიდან გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა, როგორც პრაქტიკული, ისე პოლიტიკური კუთხით. პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და მდგრადობის განვითარებაში ასევე, წევრობისთვის მომზადებაში", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე და მაღალი დონის ვიზიტებზე. ერთ-ერთი მათგანი იყო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელსაც 26-29 მაისს საქართველომ უმასპინძლა. „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტს, იმ დიდი შრომისთვის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან კარგი ორგანიზებისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და რომელმაც კიდევ ერთხელ გააძლიერა ჩვენი პოლიტიკური ინტეგრაციის ტექნიკურ ინტეგრაციასთან თავსებადობის პროცესი", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ და ხაზი გაუსვა ასამბლეის მიერ საქართველოზე, მიღებულ დეკლარაციას, რომელიც მეტად მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილებს შეიცავს. მისივე თქმით, პრაქტიკული თანამშრომლობის თვალსაზრისით, წარმატებით ხორციელდება ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი. „როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა ჩვენ მზად ვართ წვლილი შევიტანოთ ნატო-ს ძალისხმევაში გაუმჯობესდეს უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ორმხრივ დიპლომატიაზე საუბრისას, მიხეილ ჯანელიძემ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წევრებთან, საქართველოს ხელისუფლების მიერ, ძალიან მოკლე პერიოდში დამყარებულ კავშირებზე გაამახვილა ყურადღება. „აღსანიშნავია ჩემი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, რომელიც მისი დამტკიცების შემდეგ ძალიან მოკლე დროში შედგა და იყო მის მიერ უცხოელ კოლეგებთან გამართულ შეხვედრათაგან ერთ-ერთი პირველი. ეს ხაზს უსვამს ამერიკასა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივ ინტერესს, რათა ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს", - განაცხადა მინისტრმა. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ოფიციალური ვიზიტზეც გაამახვილა ყურადღება. ასევე, აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან და აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის წარმომადგენლებთან. უაღრესად მნიშვნელოვანი უწოდა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის რამდენიმე ვიზიტს აშშ-ში, რომელთა ფარგლებშიც მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა.

„პარლამენტის, მთავრობის და ჩვენი დიპლომატების ერთობლივი მუშაობის შედეგია ის, რომ დღეს უპრეცედენტოდ აქტიურია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს უპრეცედენტოა არა მხოლოდ საქართველოსთვის არამედ, სხვა პარტნიორი ქვეყნებთან მიმართებაშიც. ეს არის საქართველოსადმი გამოვლენილი ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის განცხადებით, საქართველო აგრძელებს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფასა და სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. მისივე თქმით, მიმდინარე წელი ორმხრივი ვიზიტების ინტენსივობით გამოირჩევა მეზობელ ქვეყნებშიც. მან ყურადღება გაამახვილა ოფიციალურ ვიზიტებზე თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკებში.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით. „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მისივე ინფორმაციით, ღრმავდება ურთიერთობები ინდოეთთან. ასევე, გაიზარდა იაპონიის კერძო სექტორის ინტერესი საქართველოში ჩამოყალიბებული ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს მიმართ. მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, მისი იაპონიაში ვიზიტისას მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურებს გაამარტივებს და საქართველოსთან ორმხრივი ინვესტიციების შეთანხმებაზე მოლაპარაკებას დაიწყებს.

მინისტრმა ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით სამინისტროს მიერ გაწეულ სამუშაოებზეც გაამახვილა ყურადღება.

მრავალმხრივ დიპლომატიაზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ 1 იანვრიდან, 1 წლის ვადით სუამ-ის თავმჯდომარეობა ჩაიბარა, რომლის პრიორიტეტებია: ორგანიზაციის ფარგლებში პოლიტიკური კონსოლიდაციის გაძლიერება, დარგობრივი თანამშრომლობისა და პარტნიორ ქვეყნებთან/ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავება, ასევე აქტიური საპარლამენტო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრისას მან ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს წვლილზე გაამახვილა ყურადღება.

მიხეილ ჯანელიძემ საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციის ხელშეწყობაზეც ისაუბრა.

ასევე, ყურადღება გაამახვილა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეზე, რომელსაც საქართველო მიმდინარე წელს, 60-მდე ქვეყანასთან აღნიშნავს. „საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ორგანიზებას უწევს კულტურული ღონისძიებების ჩატარებას", - განაცხადა მომხსენებელმა.

მინისტრმა, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვასა და დიასპორასთან ურთიერთობების განმტკიცებაზეც ისაუბრა.

შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა იოსებ ოსორაულის საქმესაც გამოეხმაურა. „სხვადასხვა წყაროდან სხვადასხვა ინფორმაცია მოდის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა შესაძლო არხით ნებისმიერ ორგანიზაციასთან, რომელსაც შეუძლია ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა. საქართველოს მთავრობას ერთი წუთითაც არ შეუჩერებია მუშაობა. მთავრობა დგამს ყველა შესაძლო ნაბიჯს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, კონგოსთან, რეგიონის სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მისი ბედის გასარკვევად. განხორციელდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ვიზიტი კონგოში და მიმდინარეობს დიალოგი ამ ვითარებასთან რაიმე შემხებლობის მქონე ყველა შესაძლო მხარესთან", - განაცხადა მინისტრმა და როგორც აღნიშნა, მთავრობის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯის თაობაზე საქმის კურსში იყო იოსებ ოსორაულის ოჯახი.

მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია გამტაცებლების მიერ გამოსასყიდის სახით გარკვეული ოდენობის თანხის მოთხოვნის შესახებ. „ გადაჭრით უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც საქმეში ჩაერთო საგარეო საქმეთა სამინისტრო არცერთ დონეზე, არც ერთ მოლაპარაკებაზე არ დამდგარა გამოსასყიდის ან რაიმე თანხის მოთხოვნის საკითხი", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მოხსენების შემდეგ მინისტრმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

„ის ფორმატი, რომ მინისტრის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ძირითად პრიორიტეტებს პასუხობდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ცხადჰყოფს იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო სრული სერიოზულობით ეკიდება პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას და პოლიტიკას", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირინე ფრუიძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მინისტრს სამინისტროსა და დიპლომატიურ სამსახურების ასეთი წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობისთვის. „კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ასეთი ფორმატების მნიშვნელობას, როგორც საპარლამენტო ზედამხედველობის ასევე, ჩვენი მოქალაქეების ინფორმირების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ ასეთი შეხვედრები რეგულარულად გაგრძელდება", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.