მე თქვენ გიცნობთ როგორც დიპლომატს, მაგრამ ეტყობა რაც პოლიტიკური საქმიანობა დაიწყეთ, ინფორმაციას ან სწორად არ ეცნობით ან დეზინფორმაციას ავრცელებთ, - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებებს კონგოში გატაცებულ ქართველ მფრინავ სოსო ოსორაულთან დაკავშირებით.
“საგარეო საქმეთა სამინისტროს არასდროს უთქვამს, რომ გარდაცვლილია, ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ. ელჩმა თქვა, რომ ვიღებთ სხვადასხვა ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან და ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიგვეწოდებინა ოჯახისთვის, მათ შორის ის, რომ არ არის დადასტურებული ინფორმაცია. ოჯახმა გაიგო დახურულ ფორმატში და ოჯახი იყო პირველი, რომელსაც ეს ინფორმაცია გავუზიარეთ. რაც შეეხება სპეციალურ წარმომადგენელს, ის სამუშაო, რომელიც შეასრულა ჩვენმა ელჩმა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი. ელჩმა გააკეთა მაქსიმუმი და ვერანაირი სპეციალური წარმომადგენელი ამ საქმიანობას სხვაგვარად ვერ შეასრულებდა”, - განაცხადა ჯანელიძემ.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოსო ოსორაულზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილია, თუმცა ეს ინფორმაცია არ დასტურდება.
”მაინტერესებს თქვენი პასუხი კონგოსთან დაკავშირებით. მაინტერესებს, რატომ იკავებს თავს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ კონგოში დაინიშნოს სპეციალური წარმომადგენელი, რათა ჩავიდეს კონგოში და არ მოხდეს ისეთი რამ რაც ახლა ხდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აკეთებენ დაუსაბუთებენ განცხადებებს. ეს ჩვენი ქვეყნის და დიპლომატიური სამსახურების სირცხვილია. ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რომელიც არ დასტურდება, რაც უარყოფითად ურტყამს ჩვენს იმიჯს”, - განაცხადა ბოკუჩავამ.