გოჩა ზეიკიძე არ ადასტურებს, რომ გუბერნატორის თანამდებობის დატოვება დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკისთან დაპირისპირებას უკავშირდება

გოჩა ზეიკიძე არ ადასტურებს, რომ გუბერნატორის თანამდებობის დატოვება დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკისთან დაპირისპირებას უკავშირდება

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის, გოჩა ზეიკიძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზად “ქართულ ოცნებაში“ მასთან დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკის დაპირისპირებას ასახელებენ.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ უმრავლესობიდან ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ზეიკიძე გუბერნატორის თანამდებობიდან პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ტრიპოლსკიმ გააშვებინა.

“მან დასვა საკითხი, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან ზეიკიძის ჩამოშორება არ მოხდებოდა, თავის მხრივ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს დასვამდა და ამ თემაზე სასაუბროდ ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდებოდა. საქმე ის არის, რომ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ დუშეთის გამგებელის საქმიანობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს საკმაოდ უარყოფითი წერილით მიმართა და მისი მოხსნა მოითხოვა. თავის მხრივ, დუშეთის გამგებელი ტრიპოლსკის ახლობელი და ამ თანამდებობაზე მისი პროტეჟეა. აღნიშნული დაპირისპირება სწორედ აქედან მოდის“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა.

ზეიკიძე ირაკლი ტრიპოლსკისთან დაპირისპირების თაობაზე არსებულ ინფორმაციას უარყოფს და ირწმუნება, რომ “ეს აბსურდია“.

“ასეთ რაღაცებს მე ვერ დაგიდასტურებთ. ყველას, რა თქმა უნდა, თავისი შეხედურება აქვს, მაგრამ დაპირისპირებას ვერ დაგიდასტურებ. მე ვარ პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი, დანიშნული მის მიერ და ახალი წინადადებაც პრემიერ-მინისტრისგან იქნება. სხვა ყველაფერი გამორიცხულია. ვიყავი, ვარ და ვრჩები ბატონი ბიძინას მიერ დაარსებული “ქართული ოცნების“ გუნდის წევრად - ეს ასეა ცალსახად“, - აღნიშნა გოჩა ზეიკიძემ.

“ინტერპრესნიუსი“ მცხეთა-მთიანეთის გურენატორის თანამდებობიდან წასვლის მიზეზებთან დაკავშირებით ირაკლი ტრიპოლსკისაც ესაუბრა. დეპუტატმა ამ საქმეში მისი მონაწილეობა გამორიცხა.

“ეს არის გამორიცხული. ზეიკიძეების ოჯახს 30 წელია ვიცნობ. ამ ოჯახში არ დავბადებულვარ, მაგრამ გავიზარდე. ასე რომ, აქ მე და ჩემი ურთიერთობა არაფერ შუაშია. თუკი გუბერნატორმა პრემიერს რაიმე წერილი წარუდგინა, აქ მე რა შუაში ვარ?! ამ საქმეში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია და ასეთ საქმეებში არ ვერევი“, - განაცხადა ირაკლი ტრიპოლსკიმ.

“ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, რომ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ თანამდებობა დატოვა. ოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი ზეიკიძის მიერ სხვა თანამდებობაზე გადანაცვლებაა. უფრო კონკრეტულად, ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მართვაში არსებული კომპანია “მექანიზატორის“ დირექტორს მოადგილედ ინიშნება.

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე გოჩა ზეიკიძე 2016 წლის 10 მარტს დაინიშნა.