ვინ იქნება ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან”?

ვინ იქნება ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან”?

ორგანიზაცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თანადამფუძნებელი მურმან დუმბაძე ბათუმში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება.

- ბატონო მურმან, ბათუმში "ქართული ოცნების" ოფისის ხელმძღვანელად ავთანდილ ბერიძე წარადგინეს, მას თქვენ გაუწიეთ რეკომენდაცია?
- დიახ, ავთანდილ ბერიძეს მე გავუწიე რეკომენდაცია, მისი კანდიდატურა კოალიციამ ერთხმად მოიწონა და საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა კიდეც.

ავთანდილ ბერიძე სხვა კანდიდატებისგან გამორჩეულია. არის ბათუმელი, ბოლო 10 წლის განმავლობაში ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია და კარგად იცნობს ამ რაიონის პრობლემებს. საქართველოში, 1981 წლიდან მოყოლებული, არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური პროცესი, აქტიურად რომ არ ყოფილიყო ჩართული. სარგებლობს კარგი ავტორიტეტით და ხალხის სიყვარულით ბათუმშიც და ხელვაჩაურშიც. იყო კონკურენციაც, მაგრამ "ქართული ოცნების" წევრებმა გადაწყვეტილება ცივილურად მიიღეს, კანდიდატებსა და კოალიციის წევრებს შორის უთანხმოება არ ყოფილა.

- ბატონო მურმან, დასრულდა თუ არა თქვენი და რესპუბლიკური პარტიის დაპირისპირება?
- დიახ, ჩვენ შორის დღეს არავითარი განხეთქილება არ არსებობს და ეს თემა უკვე დახურულია. ჩვენ, ყველა პარტია, რომელიც გაერთიანებულია ორგანიზაციაში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" ერთ მუშტად ვართ შეკრული და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ეს ასეა და ამაზე ლაპარაკი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.

- ბათუმში ოფისის ხელმძღვანელის დანიშვნის დღეს იყვნენ "ქართული ოცნების"' წევრები და არსად ჩანდნენ რესპუბლიკელები. რატომ?
- ბათუმის რესპუბლიკური პარტიის წევრი გიორგი მასალკინი შვედეთში იმყოფება და ცხადია, ვერ იქნებოდა, თუმცა იყვნენ რესპუბლიკური პარტიის სხვა ბათუმელი წევრები. ასე რომ, დაპირისპირება ჩვენ შორის არ არსებობს.

- "ქართული ოცნება" რეგიონებში საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი კანდიდატის გამოსავლენად სოციალურ კვლევებს ატარებს. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ბათუმში დასახელებულ კანდიდატებს შორის თქვენ ლიდერობთ.
- მართალია, სოციალური კვლევები მიმდინარეობს, მაგრამ შედეგები ჩემთვის უცნობია. თუმცა, რომც ვიცოდე, უფლება არ მაქვს, ინფორმაცია გავამჟღავნო, ვიდრე "ქართული ოცნების" ლიდერი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამას ოფიციალურად არ განაცხადებს.

- ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ბათუმში მაჟორიტარ კანდიდატად ლევან ვარშალომიძეს განიხილავს.
- კარგად ჰქონიათ საქმე!.. ვარშალომიძე უსუსტესი კანდიდატია და საერთოდ, ბათუმში "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხებულია, "ქართულ ოცნებას" აქ არჩევნები მოგებული აქვს. ამას დავამტკიცებთ შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების დროს.

- "ქართული ოცნება" ქუთაისში წინასაარჩევნო მიტინგის გამართვას გეგმავს. რას ელით ბათუმში მიტინგის გამართვის შემთხვევაში, მხარდამჭერების რა რაოდენობა გამოვა ქუჩაში?
- დარწმუნებული ვარ, ქუთაისში უამრავი ადამიანი მოვა. რასაკვირველია, მეც იქ ვიქნები. რაც შეეხება ბათუმს, როცა მიტინგის ჩატარების საკითხი გადაწყდება, მთელი ბათუმი ფეხზე დადგება და "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა. ჩვენ ათვლას 30 ათასიდან ვიწყებთ, თუმცა, სად ჩავატარებთ მიტინგს - ვერ გეტყვით. მთელი ბათუმი უცხოელებზეა გაყიდული და მე, ბათუმელმა კაცმა, ბათუმში ტერიტორია ვერ ვიპოვე, უცხოელს რომ არ ჰქონდეს ნაყიდი. ადვილი შესაძლებელია, მიტინგის გამართვა პლაჟზე მოგვიხდეს.