პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის წევრები მიიღო.
ირაკლი კობახიძემ ჩეხ დეპუტატებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში მათი სტუმრობა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების განხილვის შესაძლებლობას იძლევა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის წევრებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ჩეხი დეპუტატების განცხადებით, იმ გამოწვევების მიუხედავად, რომლის წინაშეც საქართველო დგას, ქვეყანა თანმიმდევრულად აგრძელებს დემოკრატიული რეფორმების, მათ შორის, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით, წარმატებული რეფორმების განხორციელებას, რაც განსაკუთრებულ დაფასებას იმსახურებს. ჩეხი დეპუტატების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო სერვისებზე წვდომა აქვს.
თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულებები სწორედ ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკაა. პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმები გააცნო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ჩეხეთთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა. ჩეხი დეპუტატების განცხადებით, საქართველოსთან აქტიური პარტნიორული ურთიერთობა ,ასევე, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობა გაგრძელდება.
ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩეხეთში მიიწვიეს.