"ჩვენი რეჟიმის შეურაცხყოფის ზღვარზეც კი გვიმეორებენ იმას, რომ შემდგომი ურთიერთობისთვის აუცილებელია თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გამართვა და ამჟამად ამის განცხადება იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმით, რომ კლინტონმა დეტალიზაცია მოახდინა - არჩევნების დღეს საკმარისი არ არის, საარჩევნო პერიოდი უნდა იყოს ისეთი, რომ კონკურენტული გარემო არსებობდეს. წარმოიდგინეთარჩევნები,შეხვედრა, ზრდასრულ ადამიანს ეუბნებოდნენ რეგულარულად - იცი რა, ჭამის წინ ხელის უნდა დაიბანოო - აი, ამას ჰგავს ეს", - აცხადებს ფრაქციის "ერთობა სამართლიანობისთვის" წარმომადგენელი პეტრე მამრაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მერაბიშვილმა პირობა დადო, 10 წლის შემდეგაც ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაშიო" / რა ინფორმაციები აქვს პეტრე მამრაძეს.
"როცა ქვეყანა ნორმალურია, არავინ ახსენებს მას, თან ასე დაჟინებით, რომ უნდა გამართოს ასეთი არჩევნები და უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება და არა გადაცემა, როგორც ამას ზოგ-ზოგიერთები თავის გემოზე თარგმნიან. ეს იყო უაღრესად მკვეთად ნათქვამი და ამას ვერაფერი ვერ გადაფარავს, მათ შორის ვერც ბათუმში სეირნობა. ჯერ ის რად ღირს, რომ უნდა მიიღო ზომებიო, რათა ეკონომიკური განვითარება იმათაც შეეხოს, ვინც ჯერჯერობით ამ ეკონომიკური რეფორმების შედეგებით ვერ სარგებლობს - კლინტონმა პირველად თქვა მსგავსი რამ. შესანიშნავად იციან, რომ სიღარიბის არეალი საქართველოში ფართოვდება და კონტრასტი ღარიბებსა და ერთ მუჭა მდიდრებს - რეჟიმთან დაახლოებულ პირებს შორის სულ უფრო იზრდება. პუტინიზაცია დიდი ხანია უკვე მომხდარია და მათ ძალიან აღელვებთ პუტინ-სააკაშვილის ტანდემი, რომელიც თითქმის რვა წელიწადია რეგიონში ხორციელდება. პუტინი ძალიან სახიფათოა საქართველოში სააკაშვილთან ტანდემში, იმიტომ რომ სააკაშვილი არის მთლიანად მართული პუტინისა და მისი ჩეკისტების მიერ. კლინტონმა რუსეთის წვრთნებთან დაკავშირებით ღია ტექსტით მოუწოდა ამათ, თქვენ უნდა გამართოთ სამართლიანი არჩევნები და წვრთნების ნუ გეშინიათო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
"ვიმეორებ, ეს ტანდემი ძალიან სახიფათოა. სააკაშვილი რომ მივარდა მიხალკოვთან, იმ კაცთან, რომელიც მაშინ პუტინს ღიად ლანძღავდა, რომ პუტინმა თბილისი არ აიღო და მერე მიხალკოვი კახეთში ჩამოვიდა ქორწილში და სააკაშვილიც მივიდა, ეს რა იყო? წარმოიდგინეთ, ოპოზიციიდან ვინმე რომ ყოფილიყო იმ ქორწილში, როგორ ჩაქოლავდა... დასავლელი დიპლომატები და ექსპერტები კვდებიან ხოლმე სიცილით - თუ რუსეთში ვინმე გამოდის დემოკრატიის დასაცავად და ამის გამო აკრიტიკებს რეჟიმს, მაშინვე იარლიყი ედება, რომ აშშ-ის აგენტია. საქართველოში კი თუ ვინმე ხმას ამოიღებს დემოკრატიაზე, მაშინვე კრემლის აგენტს ეძახიანო - აი, ასეთი გაჭრილი ვაშლივით მსგავსი სტილი და მიდგომა აქვთ", - დასძენს პეტრე მამრაძე და შეკითხვას - "ხელისუფლება რამდენად ადეკვატურად აღიქვამს კლინტონის განცხადებებს დემოკრატიული არჩევნების გამართვასთან დაკავშირებით?" - პასუხობს:
"ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არ გაითვალიწინებს და არ და ვერ გამართავს სამართლიან არჩევნებს, რადგან დიდი ხანია შესულია იმ ფაზაში, რომ თუ მართლა მოაწყობს თავისუფალ არჩევნებს, ძალაუფლებას დაკარგავს. ამათ თავში როგორც ორჯერ ორი ოთხია - ძალაუფლებას თუ დავკარგავთ, დავკარგავთ არა მარტო მილიარდებს, არამედ მივდივართ ციხეში - ასე უყურებენ ესენი ამას და მე ეს ზუსტად ვიცი. აცხადებენ, აქ უნდა დავრჩეთ სამუდამოდო და ვანო მერაბიშვილი პედაგოგებთან შეხვედრისას სულ ამბობს - ჩვენ ვიქნებით ორი წლის შემდეგაც, ხუთი წლის შემდეგაც, ათი წლის შემდეგაცო - მოკლედ, სულ ჩვენ ვიქნებითო".