საზოგადოების რეაქცია „ბირჟა მაფიის“ საქმეზე ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ყველა მოქალაქის მიმართ სამართლიან მოპყრობას ჰქონდეს ადგილი, - განაცხადა გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ნილ სკოტმა.
„ყველა უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამართლიანი გამოძიების, სამართლიანი შეფასებისა და სასამართლოს უფლებებით. უფრო მეტი გამჭვირვალობა უნდა იყოს ამგვარი საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით. ვნახოთ, რა შედეგი მოჰყვება“, - აღნიშნა ნილ სკოტმა.
გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ასევე შეეხო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს.
„უნდა აღვნიშნო, რომ ეს საქმე გამჭვირვალე არ იყო. ჩვენ გამჭვირვალობა და ამ საქმის სრული გამოძიება გვჭირდება, რათა ის, რაც მოხდა კვლავ არ განმეორდეს. არ უნდა ჰქონდეს ადგილი ცუდ მოპყრობას იმ ხალხის მიმართ, ვისაც თავისუფლად სურს აზრის გამოხატვა“, - დასძინა ნილ სკოტმა.
აღნიშნული კომენტარი ნილ სკოტმა სასტუმრო ”რუმსში”, კვლევის - ”ქალები პოლიტიკურ პარტიებში: მითების მსხვრევა” პრეზენტაციის დაწყებამდე გააკეთა.