აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი ჯერჯერობით არ გაუთავისუფლებიათ, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მაყაშვილის ადვოკატმა, ლევან ნატალიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ყველა საჭირო საბუთი მიტანილია და იმედოვნებს, რომ რამდენიმე საათში ქართველ სპორტსმენს გამოუშვებენ. ”ჯერჯერობით არ გათავისუფლებულა. მე იქ არ ვარ, ოფისში ვიმყოფები. როგორც შემატყობინეს, ყველაფერი მიტანილია, უბრალოდ ელოდებიან. პროცედურული მომენტია. ალბათ ჯერ კიდევ არ გააფორმეს დოკუმენტები ბოლომდე. აქ 14:45 საათია. იმედია 17:00 საათამდე გამოვა”, - აღნიშნა ლევან ნატალიშვილმა.
ნიუ-იორკში 15 ქართველი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მათ ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.