არჩილ თალაკვაძე:  ჩვენ მხარს ვუჭერთ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციას

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ მხარს ვუჭერთ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციას

ჩვენ მხარს ვუჭერთ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციას, რომელიც დგას პრევენციაზე და დაიცავს მომავალ თაობას ნარკოტიკების ზიანისგან, ასევე, იცავს მომხმარებელთა ინტერესებს და უზრუნველყოფს მათ ხელმისაწვდომობას ზიანის შემცირებისა და რეაბილიტაციის სერვისებზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს გუშინ, უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს პარლამენტში და ნარკოპოლიტიკის რეფორმირებასთან დაკავშირებით საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს პროექტს, რომელიც საკანონმდებლო სფეროში განხორციელდება.

ჟურნალისტებთან საუბრისას თალაკვაძემ ხაზი გაუსვა, რომ “ქართული ოცნება” ნარკოპოლიტიკის მიმართულებით 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს და რომ ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების კუთხით მმართველმა გუნდმა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა.

“სხდომაზე მსჯელობა გვექნება სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი საკითხია ნარკოპოლიტიკის რეფორმა. ამ კუთხით მუშაობა უკვე დაწყებულია პარლამენტში და უახლოეს მომავალში ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ პროექტს, რომელიც საკანონმდებლო სფეროში განხორციელდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციას, რომელიც დგას პრევენციაზე და დაიცავს მოსახლეობას ნარკოტიკების ზიანისგან, რომელიც ასევე იცავს მომხმარებელთა ინტერესებს და უზრუნველყოფს მათ ხელმისაწვდომობას ზიანის შემცირებისა და რეაბილიტაციის სერვისებზე. პროექტი, რომელშიც არანაირი კომპრომისი არ იქნება ნარკოტიკების ვაჭრობასა და ორგანიზებულ ნარკოდანაშაულზე, მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის ოთხივე სვეტის განვითარება, ვინაიდან წარმატებული ნარკოპოლიტიკა მკურნალობაზე, რეაბილიტაციაზე, პრევენციასა და სამართალდამცავთა ქმედებების ეფექტურ ურთიერთქმედებაშია”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.