პროკურატურამ უნდა ჩაატაროს გამოძიება და გამოავლინოს იმ თანამდებობის პირების, პოლიციელების ვინაობა, ვინც უფლებამოსილებას გადაამეტა, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” ”ბირჟა მაფიას” წევრ მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატმა კახა ცნობილაძემ განაცხადა.
”ამჟამად მიმდინარეობს ორი სისხლს სამართლის საქმის ძიება, ერთი ეხება თვითონ მიხეილ მგალობლიშვილის ბრალდების საქმეს, რომელიც ქალაქ თბილისის პოლიციის სამმართველოდან დაიქვემდებარა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა.მეორე სისხლის სამართლის საქმე თვითონ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე და თანამდებობის პირების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. აღნიშნულ, მეორე სისხლის სამართლის საქმეში მგალობლიშვილმა დეტალურად მისცა ჩვენება თუ რა მოხდა, შეუძლია თუ არა ამოცნობა, დაასახელა კონკრეტული ფაქტები”, - განაცხადა ცნობილაძემ.
მისივე თქმით, მგალობლიშვილმა გამომძიებლის ყველა კითხვას უპასუხა და რაც იცოდა ყველაფერი თქვა.
”ნარკოდანაშაულის ბრალდებაზე გაგრძლედება გამოძიება, სადაც ჩვენ მოვიპოვებთ მტკიცებულებებს და დავადასტურებთ, რომ ეს ადამიანები არიან უდანაშაულო. რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს, იქ პროკურატურამ უნდა ჩაატაროს გამოძიება და გამოავლინოს იმ თანამდებობის პირების, პოლიციელების ვინაობა, თუ ვინ მოახერხა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და ვინ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის ჩვენება, რომელიც მისცა მიხეილ მგალობლიშვილმა, დეტალურად გადამოწმდება. რაც იცოდა, ყველაფერი თქვა. გამომძიებლის მხრიდან რა კითხვაც დაისვა, ყველაფერზე უპასუხა”, - განაცხადა ცნობილაძემ.
სააპელაციო სასამართლომ გუშინ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრები მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია დარბაზიდან გაათავისუფლა. გიორგი ქებურიას 20 ათას ლარიანი გირაოს გადახდა, მიხეილ მგალობლიშვილს კი, 50 ათას ლარიანი გირაოს გადახდა მოუწევს.