იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაცია ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს რეგიონულ კონფერენციაში

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაცია ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს რეგიონულ კონფერენციაში

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები  ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით,  გედევან ფოფხაძე, გიორგი კახიანი, ლევან გოგიჩაიშვილი და გიორგი ხატიძე ბუდაპეშტში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ  მეორე რეგიონულ კონფერენციაში  მონაწილეობენ, რომლის თემაა: „ეროვნული პარლამენტების როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების იმპლემენტაციაში".

კონფერენციის პირველი დღე დაეთმო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიმოხილვას. კერძოდ, განხილვის თემები იყო: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან, მინისტრთა კომიტეტის მიერ სტრასბურგის გადაწყვეტილებების ზედამხედველობასთან და საპარლამენტო ასამბლეის როლთან დაკავშირებული საკითხები. 

ხვალ, კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ზედამხედველობის  ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უხელმძღვანელებს სესიას თემაზე: „კანონპროექტების თავსებადობა ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება".

ეკა ბესელია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო როლთან  დაკავშირებით მოხსენებით გამოვა და ღონისძიების მონაწილეებს გააცნობს საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ რეფორმას, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებისა და აღსრულების ეფექტური ზედამხედველობის მექანიზმების ჩამოყალიბების საკითხებს შეეხება.

ღონისძიების  მონაწილეები მოისმენენ მოხსენებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების იმპლემენტაციის პროცესში ეროვნული პარლამენტების როლთან დაკავშირებით.
გამოსვლების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის წევრები, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ევროპის საბჭოს სხვა ქვეყნებიდან და დამოუკიდებელი ექსპერტები.