როგორც მუხთარლის საქმეზე ქმედებებით, ისე განცხადებებით, რომელიც ამ ქმედებებს მოაყოლეს, ხელისუფლებამ სერიოზული ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიჯს და დემოკრატიას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ აფგან მუხთარლის საქმეზე ევროკავშირის მიერ 15 ივნისს დაგეგმილ რეზოლუციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ქართული მხარის მიზანი შეიძლება ყოფილიყო "ქულების ჩაწერა" მეზობელ სახელმწიფოსთან, მაგრამ ეს ისე გააკეთეს, რომ "მთლიანად ფეხქვეშ გათელეს ადამიანის უფლებები".
"ის, რაც გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ მუხთარლის საქმეზე, ეს იყო სერიოზული დარტყმა ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე, ქვეყნის დემოკრატიაზე. როგორც საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, ასევე აზერბაიჯანის იმიჯსაც შეუქმნეს ძალიან სერიოზული პრობლემა. რაც მთავარია, ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული, რადგან ის კონკრეტული ადამიანები, ვინც ეს სამარცხვინო ქმედება ჩაიდინეს, უნდა იყონ დასჯილები. პირველ რიგში, საუბარია უსაფრთხოების სამსახურზე, რომელიც როგორც ჩანს, უშუალოდ მონაწილეობდა ამ სამარცხვინო ამბავში", - განაცხადა კაპანახემ.