საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა ჩეხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემების მსგავსებასა და განსხვავებაზე. „ვისაუბრეთ იმ გაკვეთილებზე, რაც შეიძლება ჩვენ ვისწავლოთ ჩეხეთის სისტემიდან და იმ გაკვეთილებზე, რაც შეიძლება ჩეხეთმა ისწავლოს საქართველოსგან, მათ შორის, C ჰეპატიტის პროგრამის კუთხით", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს იმ მხარდაჭერისათვის, რასაც წლების განმავლობაში ჩეხეთის მთავრობა ბილატერალური დიალოგის პირობებში, ასევე, კოოპერაციის თვალსაზრისით გამოხატავდა. „მადლობა გადავუხადეთ 7 მლნ ევრომდე დახმარებისთვის, რომელიც ჩეხეთის მთავრობამ გამოყო საქართველოს სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის და სხვა სექტორებისთვის ბოლო 7 წლის გაბნმავლობაში. ასევე, მადლობა გადავუხადეთ იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც ჩეხეთი გვიწევს ჩვენ ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.