“ნაციონალური მოძრაობა” რეპერების საქმეზე - ძალოვანი უწყებების ხელმძღანელებმა თანამდებობები უნდა დატოვონ

“ნაციონალური მოძრაობა” რეპერების საქმეზე - ძალოვანი უწყებების ხელმძღანელებმა თანამდებობები უნდა დატოვონ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაპატიმრებული მომღერლები და დადგეს ყველა იმ პირის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ აღნიშნულ საქმეში. მათ შორის, ძალოვანი უწყებების ხელმძღანელებმა დატოვონ თანამდებობები. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა კოტე იოსელიანმა განაცხადა.

„ნარკოტიკების ჩადებით მომღერლების დაპატიმრება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ”ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან რეპრესიებმა და საზოგადოების ტერორის პრაქტიკამ ყოველდღიური ხასიათი მიიღო. ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადება, უკანონო თვალთვალი და შანტაჟი არის ის ბინძური მეთოდები, რასაც ”ქართული ოცნება” იყენებს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების და საზოგადოების აქტიური ნაწილის წინააღმდეგ. ”ქართული ოცნება” დგას ნეპოტიზმზე, კორუფციაზე, მაფიოზურ კლანებზე და იმ პარტიულ პოლიციაზე, რასაც სუს-ის სახელით ვიცნობთ.

ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს დასცინის. ერთი მხრივ, სრულიად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ, ნარკოტიკების ან იარაღის ჩადებით, ”ქართული ოცნება” ადამიანებს ძალიან დიდი ხნით ისტუმრებს პატიმრობაში. მეორე მხრივ, პროკურატურა საქმეებზე პოზიციონირებას ახდენს ამ მაფიოზურ კლანში წარჩინებული პირების მითითებების ან ბერა ივანიშვილის ”ფეისბუქ” პოსტის მიხედვით.

კალაძეს კი, რომელიც გუშინ ნარკოტიკების ჩადებით დაპატიმრებული მომღერლების საკითხს მორალის კითხვის ვიდეო ლექციით გამოეხმაურა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სკანდალური არჩევნები უკავშირდება, როცა ხმის უფლების მქონე ადამიანს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და დააპატიმრეს, რათა კენჭისყრის შედეგზე გავლენა მოეხდინათ”, - განაცხადა კოტე იოსელიანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.