სააპელაციო სასამართლოში ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრების პროცესი დაინიშნა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრების პროცესი დაინიშნა

ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრების მიხეილ მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას პროცესი სააპელაციო სასამართლოში დღეს გაიმართება. მგალობლიშვილის პროცესი 14:00 საათზე, ქებურიას კი 15:00 საათზე დაინიშნა.

სასამართლო დაკავებულებისთვის სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლაზე იმსჯელებს.

როგორც ცნობილია, გუშინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ჰიპ-ჰოპ პროექტის ”ბირჟა მაფიას” წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა ნაკლებად მსუბუქი ღონისძიებით შეიცვალოს.

განცხადების მიხედვით, პროკურატურა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი.

ჰიპ-ჰოპ პროექტის ”ბირჟა მაფიას” წევრების საქმე, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტს შეეხება, გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. ამასთან, პროკურატურამ მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრების გამოკითხვის საფუძველზე გამოძიება პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე დაიწყო.