დაასრულეთ საბაჟო მონიტორინგის განსახორციელებლად კომპანიასთან ხელმოსაწერ კონტრაქტზე მუშაობა

დაასრულეთ საბაჟო მონიტორინგის განსახორციელებლად კომპანიასთან ხელმოსაწერ კონტრაქტზე მუშაობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, საბაჟო მონიტორინგის განსახორციელებლად კომპანიასთან ხელმოსაწერ კონტრაქტზე მუშაობა დაასრულოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის 10 ივნისის განცხადებას ეხმიანება, რომელიც საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წელს საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის გაფორმებულ შეთანხმებას ეხება.

 “გავეცანით გრიგორი კარასინის 10 ივნისის კომენტარს, რომელიც ეხება 2011 წელს საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის გაფორმებულ შეთანხმებას საბაჟო მონიტორინგის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ა.წ. 6 ივნისის კომენტარის საპასუხოდ, 8 ივნისს საქართველოს საგარეო უწყებამ გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათლად და სრულად არის წარმოდგენილი ქართული მხარის პოზიცია აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე რაიმეს დამატება ამ საკითხთან მიმართებაში აღარ არის აუცილებელი. ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზადაა 2011 წლის შეთანხმების ყველა პუნქტის შესაბამისად, გაფორმდეს კონტრაქტი ნეიტრალურ კომპანიასთან და დაიწყოს შეთანხმების განხორციელება. კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, ასევე დაასრულოს კომპანიასთან ხელმოსაწერ კონტრაქტზე მუშაობა, რათა დაიწყოს მისი განხორციელება ძირითადი შეთანხმების სრული შესაბამისობით. ცნობილია, რომ ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული შვეიცარიის მხარე, რომლის დახმარებითაც მოხერხდა 2011 წლის შეთანხმებასთან დაკავშირებული რიგი საკითხების მოგვარება. ჩვენ მზად ვართ მათი ჩართულობით და არსებული ფორმატებით გაგრძელდეს ამ საკითხზე მუშაობა“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.