ჩვენმა წყარომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოსორაული, სავარაუდოდ, გარდაცვლილია

ჩვენმა წყარომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოსორაული, სავარაუდოდ, გარდაცვლილია

საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოსო ოსორაულის ოჯახს მიაწოდა ინფორმაცია მისი სავარაუდო გარდაცვალების შესახებ, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ გუშინ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

”ჩვენმა წყარომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოსორაული, სავარაუდოდ, გარდაცვლილია. ფაქტობრივი მასალა არ არსებობს, ამიტომ 100%-ით ამას ვერც გაეროს მისია ამტკიცებს და ვერც ჩვენ. არც თვითმხილველი არსებობს და არც გვამი. სანამ ეს არ არის, 100%-ით ვერც ვადასტურებთ”, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, ოჯახმა დღეს დეტალური ინფორმაცია მიიღო დაკარგული მფრინავის ადგილსამყოფელის დასადგენად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, ასევე მათ გააცნეს სხვადასხვა ფოტო და ვიდეომასალა.

„პირველივე დღიდან, რაც ცნობილი გახდა, რომ მფრინავი ტყვედ ჩავარდა შეიარაღებული დაჯგუფება M23-ის ხელში, ჩვენი უწყება ყველა რესურსს იყენებს, რომ გაირკვეს მისი ადგილსამყოფელი. ჩვენ ვიმუშავეთ ყველა დიპლომატიური არხის მეშვეობით. ვიმუშავეთ გაეროს მისიასთან, წითელ ჯვართან და კონგოს ხელისუფლებასთან”, - აღნიშნა ზვიად გონაძემ.