ემანუელ მაკრონის პარტია საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ლიდერობს

ემანუელ მაკრონის პარტია საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პოლიტიკირი მოძრაობა „რესპუბლიკა მარშზე“ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ლიდერობს. 

პოლიტიკურმა მოძრაობამ „რესპუბლიკა მარშზე“ ამომრჩეველთა ხმების 32,6% მიიღო, მეორე ადგილზე ამომრჩეველთა ხმების 20,9%-ით „რესპუბლიკელები“ არიან, ხოლო „ეროვნულმა ფრონტმა“ 13,1% მოიპოვა. 

ჟან-ლუკ მელანშონის „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ ამომრჩეველთა ხმების 11% მოიპოვა, ხოლო 2012-2017 წლებში მმართველმა „სოციალისტურმა პარტიამ“ კი - 9%. 

საფრანგეთის შს სამინისტროს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 48,4% შეადგინა.

დღეს საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. ფრანგი ამომრჩევლები ეროვნული ასამბლეის 577 წევრს მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ. კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს, პირველ ტურში გამარჯვებული იქნება. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 18 ივნისს გაიმართება.