გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრს, ვიცე პრემიერს და „ქართული ოცნების“ ლიდერებს „ბირჟა მაფია“-ს საქმესთან დაკავშირებით ექვსი შეკითხვით მიმართავს

გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრს, ვიცე პრემიერს და „ქართული ოცნების“ ლიდერებს „ბირჟა მაფია“-ს საქმესთან დაკავშირებით ექვსი შეკითხვით მიმართავს

"სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ვიცე პრემიერ კახა კალაძეს და „ქართული ოცნების“ ლიდერებს „ბირჟა მაფია“-ს საქმესთან დაკავშირებით ექვსი შეკითხვით მიმართავს.

გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ კითხვების ადრესატები თავს არ აარიდებენ ამ კითხვებს და დროულად გასცემენ პასუხს.

”ინტერპრესნიუსი” გიორგი ვაშაძის კითხვებს უცვლელად გთავაზობთ.

”1) პრემიერი კვირიკაშვილი დაგვპირდა გუშინდელი აქციის საპასუხოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალლიზაციას. რა შუაშია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია „ბირჟა მაფია“-ს წევრების დაკავებასთან? რადგან უნდა გვესმოდეს, რომ მათ ხელისუფლება ედავება არა ნარკოტიკების მოხმარებას, რომელზეც ოდესმე შესაძლოა გავრცელდეს ნარკოლიბერალიზაციის პოლიტიკა, არამედ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას, რასაც სავარაუდოდ დაემატება რეალიზაციის მუხლი.

2) თუ ხელისუფლებას რეალურად აქვს ნება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან მიმართებაში, რატომ აპირებთ საკითხის შემოდგომაზე განხილვას და არა თუნდაც მომავალ სასესიო კვირაში? მით უმეტეს, რომ შესაბამისი კანონპროექტები არაერთგიზს არის ინიცირებული პარლმენტში და უმრავლესობის წევრების მხრიდან - იგნორირებული.

3) ხომ არ გვაქვს საქმე ხელისუფლების სტანდარტულ მიდგომასთან? თითქოს უკან დახევით რეალურად ადგილი აქვს ემოციების ჩაცხრობის მცდელობას და აქტუალური პრობლემის მოგვარების უსასრულოდ გადადებას.

4) ახალგაზრდები ქუჩაში გამოიყვანა მასობრივი უსამართლობის განცდამ, რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები აპროტესტებდნენ ნარკოტიკების ჩადების მანკიერ პრაქტიკას, რამაც სისტემური ხასიათი მიიღო. ჩვენ კი კალაძის მხრიდან მივიღეთ დაპირებები, რომ ამ საკითხზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს. მაგრამ სამწუხაროდ ასეთი დაპირებები არაერთი გვინახავს. ხომ არ გავქვს საქმე ანალოგიური ხასიათის შეუსრულებელ დაპირებებთან გახმაურებულ ფაქტებთან მიმართებაში? როგორიც იყო: ფარცხალაძის მიერ გენერალური აუდიტორის, თორდიას ცემის ფაქტი; აზერბაიჯანელი ჟუნელაისტის გატაცების ფაქტი; ფარული მიყურადებისა და უკანონო ვიდეოების ინტერნეტ სივრცეში ატვირთვის ფაქტები; პრეზიდენტის ქალიშვილის მეგობრებისთვის ნარკოტიკების ჩადების ფაქტი. ყველა ამ შემთხვევაში ჩვენ გვესმის მხოლოდ ფორმალური დაპირებები, რომ აუცილებლად გამოიძიებენ, რეალურად კი საქმე არასოდეს გამოძიებულა;

5) რუსთავალეზე შეკრებილი ახალგაზრდები ასევე აპროტესტებდნენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ხოლო ვიცეპრემიერი ჯეჯელავა საუბრობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯზე, საინტერესოა „ქართული ოცნების“ პოზიცია - რას ფიქრობთ? საქმე გვაქვს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯთან, თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთანთან?!

6) ასევე კალაძის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება, რომ ზრუნავენ პოლიციელების ღირსებაზე, შესაბამისად, გამიჩნდა კითხვა - აზიანებს თუ არა ათასობით პოლიციელის ღირსებას უკანონო ბრძანებების გაცემა, შესრულება და რეალურად დაუსრულებელი გამოძიებებით და პასუხგაუცემელი კითხვებით დანაშაულზე ხელის დაფარება?!”, - ნათქვამია "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.