საქმეში ქებურიას და მგალობლიშვილის აღიარებითი ჩვენებები დევს, თუმცა ამ ჩვენებებზე მოტყუებით მოაწერინეს ხელი

საქმეში ქებურიას და მგალობლიშვილის აღიარებითი ჩვენებები დევს, თუმცა ამ ჩვენებებზე მოტყუებით მოაწერინეს ხელი

საქმეში როგორც გიორგი ქებურიას, ისე მიშა მგალობლიშვილის აღიარებითი ჩვენებები დევს, თუმცა ამ ჩვენებებს მოტყუებით მოაწერინეს ხელი, - ამის შესახებ ბრალდებული რეპერების, მიშა მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას ადვოკატებმა გამოკითხვის შემდეგ გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს.

”გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, ვინაიდან ბატონმა გიოირგი ქებურიამ ისაუბრა იმ ძალადობის ფაქტებზე რომელიც მათ წინააღმდეგ განხორციელდა. გიორგი ქებურიას დანაშაულის აღიარებას ადგილი არ ჰქონია და დოკუმენტი არის გამომძიებლების მიერ დაწერილი. ის ფიზიკურად ვერ წაიკითხავდა ამ დოკუმენტს, რადგან არ ჰქონდა სათვალე, რომელსაც ის იყენებს”, - განაცხადა გიორგი ქებურიას უფლებადამცველმა მერაბ ჩიქოვანმა.

ადვოკატების თქმით, პროკურატურამ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და პოლიციელების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლდებით უნდა დაიწყოს.

ჰიპ-ჰოპ პროექტის ”ბირჟა მაფიას” წევრების გამოკითხვა გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 11:00 საათზე დაიწყო და 15:00 საათამდე გაგრძელდა.

გამომძიებელი და ადვოკატები, ბრალდებულ გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილს იმ განცხადების საფუძველზე შეხვდნენ, რომლის მიხედვითაც მათთვის, ნარკოდანაშაულისთვის ბრალის დადება კონკრეტული კლიპის გადაღებას და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ეხებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ჯგუფ "ბირჟა მაფია"-ს წევრები 9 ივნისს დააკავეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ბირჟა მაფიას" წევრებს წევრს მიშა მგალობლიშვილს (Young mic) და გიორგი ქებურიას (Kay G) აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.