აზერბაიჯანსა და სომხეთის საზღვარზე სამხედრო დაპირისპირების შემთხვევების გახშირების მიზეზებსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში ვიზიტის შედეგებზე "ინტერპრესნიუსი" აზერბაიჯანელ ექსპერტს საერთაშორისო საკითხებში, აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატსა და აზერბაიჯანული მელიმეჯლისის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, რასიმ მუსაბეკოვს ესაუბრა.
- ბატონო რასიმ, რა ხდება აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე? ამას წინათ სროლების შედეგად ორივე მხრიდან იყო მსხვერპლი. სროლები დღესაც გრძელდება...
-ხდება ის, რაც ყოველთვის ხდებოდა. მანამდეც ხშირი იყო ერთი ან ორი ადამიანის დაღუპვის შემთხვევა. ახლა ისე მოხდა, რომ ორივე მხრიდან 3-5 ჯარისკაცი დაიღუპა და ამდენივე დაიჭრა. შესაძლოა, მომხდარი სომხეთის სურვილს უკავშირდებოდეს, რომლის ინიციატივით, სომხეთში დსთ-ს ფარგლებში მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების სამხედრო სწავლებებია დაგეგმილი. სომხეთი იმის გამო, რომ აზერბაიჯანთან შეიარაღებაში შეჯიბრს ყოველმხრივ აგებს, ყველა ღონეს ხმარობს საიმისოდ, რომ რუსეთს, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში ტერიტორიული ამბიციები აქვს, თავისი პრობლემები თავს მოახვიოს. ამის შედეგია სწორედ ის სროლები, რომელიც აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე დროდადრო ხდება.
ეს ყველაფერი იმას უკავშირდება, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფში მიმდინარე მოლაპარაკებებისას, რომელშიც რუსეთი, საფრანგეთი და აშშ-ს შედიან, კონფლიქტის სამართლიანად გადასაჭრელად რამე ხელშესახები შედეგები არ მიღწეულა და სომხეთი არ ასრულებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს 4 რეზოლუციას ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის განთავისუფლების შესახებ.
- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ყარაბაღის გამო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო მოქმედებები განახლდეს?
- არა მგონია, რომ ეს სროლები ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში გადაიზარდოს. თუმცა მხარეების შეიარაღების დონეს თუ გავითვალისწინებთ, გამორიცხული არაფერია და ეს ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში შეიძლება მოხდეს.
- შეიძლება ასეთი ხელსაყრელი მომენტი ირანში საომარი მოქმედებების დაწყება იყოს? და კიდევ, თუ ირანში საომარი მოქმედებები დაიწყო, თქვენი ვარაუდით, რა სცენარით განვითარდება პროცესები სამხრეთ კავკასიაში?
- თუ ირანში სამხედრო მოქმედებები დაიწყო, ამის ფონზე ყველა სხვა კონფლიქტი აღარავის ემახსოვრება. ირანში ნებისმიერი ცვლილება აზერბაიჯანში ნაციონალიზმის ზრდასა და სხვადასხვა ფორმაში გამოვლინება მოჰყვება. თუ ირანში მცხოვრები აზერბაიჯანლები შეიცვლიან თავის დამოკიდებულებას სომხეთისა და ყარაბაღის მიმართ, ამ შემთხვევაში სომხეთს ყარაბაღზე კონტროლის შენარჩუნება გაუჭირდება. ეს მხოლოდ ჰიპოტეტური მსჯელობაა, მაგრამ ირანის თემატიკა იმდენად რთულ საკითხებს მოიცავს, რომ ირანში საომარი მოქმედებების დაწყება ამ თვალსაზრისითაც ბევრ რისკებთან იქნება დაკავშირებული. სისულელე იქნებოდა იმაზე, ფიქრი, რომ თუ სახლში ხანძარი გაჩნდა, მწვადის გემრიელი ნაწილის შებრაწვა შესაძლებელი იქნება.
- ბატონო რასიმ, სულ ეხლახან სამხრეთ კავკასიაში ვიზიტით გახლდათ აშშ-ს სახელმწიფო მდივნი ჰილარი კლინტონი. როგორ შეაფასებდით კლინტონის ვიზიტს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და თქვენი აზრით, რა მთავარი გზავნილი დატოვა ვაშინგტონმა ?
- კლინტონის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში პრაქტიკულად როგორც რუსეთის, ისე ირანის გაფრთხილება გახლდათ. უკანასკნელ პერიოდში ირანმა და რუსეთმა რეგიონზე ზეწოლა გააძლიერეს. ვიზიტის მიზანი იყო ვაშინგტონს მოეხდინა იმის დემონსტრირება, რომ იგი არ ეთანხმება ზესახელმწიფოების სურვილს, რომლებიც ცვილობენ სამხრეთ კავკასია თავის "უკანა ეზოდ" და გავლენის ზონად მიიჩნიონ. კლინტონს საჯარო გამოსვლაში არც ირანი და არც რუსეთი ერთხელაც არ უხსენებია. მეორე მხრივ, ამ ვიზიტის მიზანი იყო გარკვეულ წილად დაეწყნარებინა სამივე კავკასიური სახელმწიფო იმაში, რომ მათ არც სამხრეთიდან და არც ჩრდილოეთიდან საფრთხის და შესაბამისად პანიკის არანაირი საფუძველი არა აქვთ.
რაც შეეხება ვიზიტის საკუთრივ აზერბაიჯანულ კონტექსტს, მან ბაქო კიდევ ერთხელ გააფრთხილა იმის თაობაზე, რომ გაყინული ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. მართალია, ყარაბაღის კონფლიქტს გაყინული კონფლიქტს ეძახიან, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა გააჩინა იმის ალბათობა, რომ ურთიერთსროლები შესაძლოა ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებეში გადაიზარდოს.