იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს სამინისტროების 2018- 2021 წლების ძირითადი მიმართულებებისა და მონაცემების (BDD) დოკუმენტის განხილვის მიზნით შეხვდნენ.

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი, ევროკავშირისა და გაეროს საპარლამენტო პროგრამის ფარგლებში „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში" ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია საფინანსო და საბიუჯეტო ზედამხედველობის შესაძლებლობების გაძლიერება კომიტეტებში. „ეს არის ჩვენი კარგი ტრადიციის გაგრძელება, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა წინა მოწვევის პარლამენტში ამ ტიპის, ამ ფორმის და ამ შინაარსის დოკუმენტთან დაკავშირებით მოსაზრებების გასაცვლელად.", - განაცხადა ეკა ბესელიამ. ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ხელმძღვანელის ბორის ნადირაძის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები იმართება საპარლამენტო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი და გაეროს ფონდი აფინანსებს. „ჩვენი მიზანია ფინანსური ზედამხედველობის გაძლიერება კომიტეტებში. დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები. ერთ-ერთი გახლავთ სწორედ არასამთავრობო სექტორთან კომიტეტის თანამშრომლობის გაუმჯობესება და გაძლიერება და გაზრდა სწორედ საფინანსო და საბიუჯეტო საკითხებზე. თქვენი მოსაზრებების და პოზიციების გამოხატვის შემდეგ კომიტეტი ბევრ მათგანს გაითვალისწინებს და ასახავს რეკომენდაციებში, რომელსაც მთავრობას გაუგზავნის", - მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბორის ნადირაძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვები საქართველოს სამინისტროების 2018-2021 წლების ძირითადი მიმართულებებისა და მონაცემების (BDD) დოკუმენტის შესახებ.

შეხვედრა თემების მიხედვით დისკუსიის ფორმატში წარიმართა. საუბარი შეეხო წინასასამართლო პრობაციის სამსახურთან დაკავშირებული საკითხების სამოქმედო გეგმაში შეტანას, ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმას, პარლამენტის მიერ მიღებულ ადამიანის უფლებათა სტრატეგიას. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნული გეგმების სინქრონიზაციის საჭიროებაზე ისაუბრეს.

დღევანდელ შეხვედრაზე მომზადებულ საკითხებს კომიტეტი სხდომაზე განიხილავს.