აშენებამდე დანგრეული პარლამენტი

აშენებამდე დანგრეული პარლამენტი

ქუთაისის პარლამენტის მშენებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად ადამიანის გარდაცვალების გამო სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს. პრეზიდენტი კი დამნაშავეების დასჯაზე საუბრობს, თუმცა ჯერჯერობით არ სახლდება, ეს ვის დაბრალდება.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩამოინგრა პარლამენტის კანცელარიის შენობის კედელი. ეს არის ცალკე შენობა, რომელიც მინებიანი შენობის გვერდით შენდება და 26 მაისს აქ მხოლოდ კარკასი იყო. სწორედ ამ შენობაში უნდა განთავსდეს პარლამენტის აპარატი. აქ იქნება ძირითადი სამუშაო ოთახები. მინებიან შენობაში კი მხოლოდ სხდომათა დარბაზები იქნება.

სწორედ ამ კარკასის ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი. დაშავებულთა შესახებ კი ამ დრომდე განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება გუშინ "ფეისბუკის" თავის გვერდზე გამოქვეყნებული წერილით მოითხოვა.

"სააკაშვილი პასუხისმგებლობაზე საუბრობს, მაგრამ საქმე ისაა, რომ პირველ რიგში, პასუხისგებლობა მასზეა, სწორედ იმიტომ, რომ გამოაცხადა, "თუ დროზე არ დაამთავრებენ, ნახავენ რასაც ნახავენო". უშუალოდ მისი პირდაპირი ბრძანების შედეგია, რაც მოხდა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ის საკითხი ნამდვილად უნდა დაისვას.

"ეს არის პარლამენტთან დაკავშირებვული მეორე შემთხვევა. მისი პასუხისგებლობა იყო, როცა ქალი და ბავშვი იმსხვერპლა ასევე მისი პირდაპირი ბრძანების შედეგად. მეტი რამდენი მსხვერპლი სჭირდება ამ ბაყბაყდევს რომ გაძღეს?" - აცხადებს ზურაბიშვილი და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილია მხოლოდ ერთი ადამიანი. დაშავებულთა შესახებ კი ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

"ჩემი ოჯახის" კლინიკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქუთაისის ფილიალის მენეჯერის, მაია რუხაძის მტკიცებით, "ქუთაისის პარლამენტის კანცელარიის შენობის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა."

როგორც რუხაძემ "პირველს" განუცხადა, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 2 ბრიგადა იყო მისული, გარდაცვლილი კი ამ დროისთვის უკვე პროზექტურაშია გადასვენებული.

"დაშავებულები არ ყოფილან. ერთი ბრიგადა ისე დაბრუნდა, რომ საავადმყოფოში არავინ გადაუყვანიათ, რადგან ამის სჭიროება არ არსებობდა. მეორე ბრიგადამ კი გარდაცვლილი ქალაქის პროზექტურაში გადაიყვანა," - განაცხადა რუხაძემ.

აღსანიშნავია, რომ ამის პარალელურად დაშავებულთა შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება.

როგორც რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ოფისის თავმჯდომარე, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი ნატო ქათამაძე ამბობს, ქუთაისის პარლამენტის კანცელარიის ჩამონგრევის შეგდეგად დაშავებულები, სავარაუდოდ, სხვადასხვა რაიონების საავადმყოფოებში გადაჰყავთ.

"ქუთაისში ყველა საავადმყოფო მოიარეს, თუმცა დაზარალებულები იქ არ მიუყვანიათ. შემდეგ ზუგდიდიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ რამდენიმე ადამიანი იქაა გადაყვანილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაზარალებულებს სხვადასხვა რაიონებში ანაწილებენ, რათა დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა დამალონ," - განაცხადა ქათამაძემ.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. თუმცა მოგვიანებით ცენტრის წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მათთან არავინ მიუყვანიათ. ზოგადად დაშავებულების შესახებ ინფორმციას კი არ ფლობს.

გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება და ეს არც არის გასაკვირი, რადგან გუშინ, როდესაც პარლამენტის შენობის ჩამონგრევის შესახებ გახდა ცნობილი, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ეს ფაქტი კატეგორიულად უარყო და ამბობდა, რომ ასეთი რამ არ მომხდარა.

თუმცა ქუთაისში მყოფი მედიის წარმომადგენლები და ასევე რიგითი მოსახლეობა საწინააღმდეგოს ამბობდა. მოგვიანებით კი პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩამოინგრა კედელი და ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 40 წლამდე ასაკის ზესტაფონელი მამაკაცია, რომელიც მშენებლობაზე მუშაობდა და, თვითმხილველთა თქმით, იგი შენობის ჩამონგრევის დროს ხარაჩოებზე სხვა ოთხ მუშასთან ერთად იმყოფებოდა.

თვითმხილველთა თქმით, დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანებით წაიყვანეს. თუმცა დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.

კოალიცია "ქართული ოცნება" ქუთაისში პარლამენტის შენობის ერთ-ერთი ფლიგელის ჩამონგრევის გამო დიდ მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპული და დაშავებული მოქალაქეების ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.

"კოალიცია იმედს გამოთქვამს, რომ ნგრევისას დაშავებულ პირებს სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწევათ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება," - ნათქვამია განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება პრეზიდენტმა გააკეთა და თქვა, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ და დამნაშავეები დაისჯებიან.