"მგონი, საქართველოში დაიწყო ახალი, პოსტკლინტონური ეპოქა. რამდენიმე კვირა იყო მცდელობა, რომ კეთილშობილი სახით წარმოჩენილიყო ჩვენი ხელისუფლება, თუმცა ვერ გაუძლო ნაციონალური მოძრაობის გუნდმა ასეთ რეჟიმს და როგორც კი მოსწყდა ქართულ მიწას ქალბატონი კლინტონის თვითმფრინავი, იმ წამს დაიწყო საქართველოსთვის სახელისუფლებო ბაკქანალიის გაგრძელება. ჩვენ შევდივართ ველურ წინაასაარჩევნო ველში, სადაც ნაციონალური მოძრაობა ისტერიული ფორმით აპირებს ბოლო მოუღოს ნებისმიერი სახის კონკურენციას ჩვენს ქვეყანაში", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ცისკარიშვილი: "ხელისუფლება ბევრ უკადრებელს იკადრებს".
"ისტერიკაში არიან, რადგან ყველაზე უკეთ თავად უწყიან, რა სახის დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ხოლო ხელისუფლების შეცვლის პირობებში არსებობს დიდი ალბათობა ამ დანაშაულების გახსნის და ცხადია, ვერავინ იტყვის, რომ პანიკა უსაფუძვლოა. უბრალოდ, იმის გაცნობიერებაა საჭირო, რომ ისეთი ქმედებები, რომლითაც დღეს ცდილობენ ხელისუფალნი ძალაუფლების შენარჩუნებას, კიდევ უფრო ამძიმებს მათ დანაშაულს და პრაქტიკულად ახალი დანაშაული ჩადენის მოწმენი ვართ ყველა მიმართულებით... ამომრჩევლების მოსყიდვის თემა, ერთხელ და სამუდამოდ მკაფიო უნდა გახდეს და არ უნდა იქნას დაშვებული კანონში არსებული ჩანაწერების სხვადასხვანაირი ინტერპრეტირება - წინააღმდეგ შემთხევევაში ჩვენ მოწმენი გავხდებით, რომ სახელისუფლებო გუნდი გახდება მოგელაძეების ინკუბატორი - ამრავლებს ამ მოდგმას იმისთვის, რომ არანაირი თანასწორობა კონკურენციაში არ იქნას დაშვებული", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
"ძირითადი იდეოლოგი ნაცმოძრაობისა გახლავთ არა რომელიმე ნაციონალური აზროვნების მქონე თეორიტიკოსი, არამედ ვლადიმერ ლენინი - დიახ, როცა "ნორჩი ლენინელები" მართავენ ქვეყანას, მაშინ აღარ უნდა გაგვიკვირდეს დამოკიდებულება სიტყვის თავისუფლების მიმართ. ლენინი ბრძანებდა: "სიტყვის თავისუფლება?" და თვითონვე პასუხობდა: "ჩვენ არ ვაპირებთ თვითმკვლელობას!" - ზუსტად ასევე ნაციონალური მოძრაობა თვითმკვლელობად აღიქვამს რამე დათმობას სიტყვის თავისუფლების დასაშვებად ქვეყანაში. ამიტომ, რა სადღეგრძელოებითაც არ უნდა შეამკოს ბატონმა პრეზიდენტმა ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ვერ ამოაგდებინებს მას მეხსიერებიდან იმ რეალობას, რომელშიც კლინტონი აღმოჩნდა საქართველოში ყოფნისას. ასევე იმ ამერიკულ წყაროებს, რომლების მას სრულიად საწინააღმდეგოში არწმუნებენ" - მიიჩნევს პოლიტოლოგი.
"როცა დღევანდელ ვითარებაში არის უზარმაზარი მზაობა დიქტატურის აღორძინებისა, ადამიანთა უფლებების აბუჩად აგდების, როდესაც პოლიტიზებულია თავიდან ფეხებამდე ისეთი ორგანოები, როგორიც არის ეროვნული ბანკი, კონტროლის პალატა, სასამართლო, პოლიცია და პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო დაწესებულება, განათლების სამინისტროს ჩათვლით, რასაკვირველია, დემოკრატიაზე საუბარი არის შეურაცხმყოფელი თავად დემოკრატიის ცნებისთვის. ვისაც ამ თემაზე უმრავლესობის კაჭკაჭების ლაზღანდარობა რამე ტიპის არგუმენტად მიაჩნია, უმჯობესია ცოტა თეორიას ჩაუღრმავდეს და და ყური მიუგდოს სხვადასხვა წელთაღრიცხვაში მცხოვრები გენიოსების გამონათქვამებს, რა არის დემოკრატია, რას ნიშნავს უმრავლესობა, რას ნიშნავს არჩევითობა და რა არის ადამიანის უფლებები. დღეს არის მცდელობა, ძალიან ვიწრო თვალსაწიერი ჰქონდეს საქართველოს მოსახლეობას ამ თემებთან დაკავშირებით. სწორედ ეს არის საინფორმაციო ველის გათავისუფლების დაუშვებლობის მიზეზი. მოახერეხებს თუ არა ამას ხელისუფლება ისე, რომ არ აგოს პასუხი ამ უმსგავსობისთვის, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს", - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვას - "ასეთი პოლიტიკით მეტ უკურეაქციას არ გამოწვევენ საზოგადოებაში?" - პასუხობს:
"ხელისუფლებას აღარ აინტერესებს აღარანაირი ტიპის რეგირება საზოგადოებისგან. ხელისუფლებას არ სჭირდება არც ერთი ამომრჩეველი არჩევნებზე. მას გააჩნია ტექნოლოგიები, რომლის იმედადაც ისინი მზად არიან დარჩნენ ხელისუფლებაში აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე! ამ ტექნოლოგიების გამოყენებით, ამ შემთხვევაში ისინი რამე უხერხულობას, რასაკვირველია, არ იგრძნობენ".
"ამ ხელისუფლების არსებობისთვის დემოკრატია დიდი საფრთხეს წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ წინ კიდევ ბევრი უკადრისი ნაბიჯი გვაქვს ხელისუფლებისგან და სწორედ ამ ვითარებისთვის დაგვიტოვა ანდერძად დიდმა პოეტმა სიბრძნე - "ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა, ვით ქვითკირსა". როდესაც ქვითკირის სიმტკიცე გააერთიანებს ქართულ საზოგადოებას, მაშინ უძლური იქნება ნებისმიერი არამზადა სხვისი ცრემლის, ოფლის და სისხლის ფასად მოიწყოს საკუთარი კომფორტული ცხოვრება და აბოგინოს დამქაშები მთელ ქვეყანაში. არც პროვოკაციაა ამათგან გასაკვირი. სააკაშვილს, თავისი თანაგუნდელებსგან განსხვავებით" საჯაროობის მიდრეკილება აქვს, ხოლო ადამიანები რომლებიც დრეს რეალურად მარტავენ მას, არიან ყველაფერზე წამსვლელნი, რადგან არც პოლიტიკური კლასი, არც რამე საფუძველი შეწყალებისა მათ ახალი ხელისუფლების პირობებში არ გააჩნიათ - ან ყველაფერი, ან არაფერი. იმაზე მეტი რისკი, რაც საკუთარი დანაშაულების გამომჟღავნებაა, შესაძლოა ზოგიერთთათვის არც არსებობდეს. დღეს ქვეყნისთვის ბევრად მეტ საფრთხეს წარმოადგენენ პრეზიდენტის გარემოცვის თავზეხელაღებული წარმომადგენლები, ვიდრე ის ელიტა, რომელსაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვის", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი.