პატიმრობაში მყოფ გიორგი დემეტრაძეს აღარავისი იმედი არ აქვს და დარწმუნებულია, რომ არსებული ხელისფლების პირობებში თავის უდანაშაულობას ვერ დაამტკიცებს. "ქურდული სამყაროს წევრობისათვის" 6 წლით თავისუფლებააღკვეთილმა საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა სასჯელის ორი წელი უკვე მოიხადა და ციხეში კიდევ 4 წლის გატარება მოუწევს.
მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლომ დემეტრაძის სარჩელი დააკმაყოფილა და წარმოებაშიც მიიღო, გიორგის იმედი არ აქვს, რომ საქმის განხილვა მალე დასრულდება.
ყოფილი ფეხბურთელის გათავისუფლება გარკვეულწილად ოქტომბრის არჩევნებზეც არის დამოკიდებული - როგორც მისმა მეგობარმა კახა კალაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვა, დემეტრაძის საქმე აუცილებლად გადაიხედება.
თუ რა პირობებში უწევს დემეტრაძეს ციხეში ცხოვრება და როგორ აფასებს კალაძის პოლიტიკაში წასვლას, ამ და სხვა საკითხებზე "რეზონანსი" თავად პატიმარ გიორგი დემეტრაძეს ესაუბრა.
გიორგი დემეტრაძე: ციხის ცხოვრებას როგორც შეეფერება, ისე ვარ - თავს ნორმალურად ვგრძნობ.
"რეზონანსი": ციხის ადმინისტრაცია როგორ გეპყრობა?
გ.დ:ციხის ადმინისტრაციასთან პრეტენზიები ნამდვილად არ მაქვს. კარგად მექცევიან.
"რ": თუ გქონია სასოწარკვეთის მომენტი და ხომ არ დაგიკარგავს იმედი, რომ სამართალი იზეიმებს?
გ.დ:სასოწარკვეთის მომენტი ნამდვილად მქონდა და ყველანაირი იმედიც დავკარგე. ერთადერთი ჩემი იმედი სტრასბურგის სასამართლოა, თუმცა პასუხს და საქმის განხილვას ძალიან დიდი დრო სჭირდება, ამ პერიოდის განმავლობაში კი შეიძლება სასჯელიც მოვიხადო.
"რ": შენი მეგობარი კახა კალაძე პოლიტიკაში წავიდა. ამან რაიმე ზეგავლენა ხომ არ მოახდინა საქმის წარმოებაზე?
გ.დ:არა, რადგან მე კახის პოლიტიკაში წასვლამდე დამიჭირეს, ამიტომ ეს ფაქტი ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენდა. მან პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა და ღმერთმა ხელი მოუმართოს. დარწმუნებული, ვარ, რომ კახი პოლიტიკაში ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ფეხბურთში იყო.
"რ": კახას პოლიტიკაში წასვლას მალევე მოჰყვა სკანდალი. როგორ ფიქრობ, არის თუ არა ერთმანეთთან კავშირში ეს ამბავი?
გ.დ:პირდაპირ კავშირშია - როგორც კი კახი აქტიურ პოლიტიკაში ჩაება, მასზე საშინელი და ბინძური ჭორები ააგორეს. მას თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო უპირისპირდებიან და ამის გამო შავ პიარს უკეთებენ.
"რ": კალაძე გამოსათხოვარი მატჩის ჩატარებას აპირებს, თუმცა იქვე ამბობს, რომ შესაძლოა ამის საშუალება არ მისცენ და სტადიონი არ დაუთმონ. როგორ ფიქრობ, ეს ისევ და ისევ მის პოლიტიკაში წასვლას უკავშირდება?
გ.დ:ასეთი დონის ფეხბურთელს, როგორიც კახია, რომელსაც ზოგზოგიერთის ტოლი თასი აქვს მოპოვებული, თუ ამ მატჩის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ, მაშინ ისინი ვირთხები იქნებიან. ვირთხები კი ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა ხაფანგში არ გაებნენ.
"რ": სტრასბურგში სარჩელი შეიტანე. წარმოება თუ დაიწყო?
გ.დ:ჩემი საჩივარი წარმოებაშია მიღებული და მას ნომერიც მიენიჭა. სტრასბურგში, როგორც მოგეხსენებათ, საქმის განხილვა საკმაოდ დიდხანს გრძელდება, ამიტომ როდის დასრულდება, არ ვიცი. ალბათ სანამ სასჯელი ამომეწურება, იქამდე დასრულდება საქმის განხილვა.
"რ": გათავისუფლებასთან დაკავშირებით ვინ, ან რა არის შენი მთავარი იმედი?
გ.დ:აღარავის იმედი აღარ მაქვს. ერთადერთი უფლის იმედად დავრჩი.
"რ": შეწყალებას რატომ არ ითხოვ?
გ.დ:უდანაშაულო ადამიანი ვარ და არ მესმის, რისთვის უნდა ვითხოვო შეწყალება?! დანაშაული მართლა რომ ჩამედინა, მაშინ ვითხოვდი შეწყალებასაც და პატიებასაც - ამ შემთხვევაში კი არაფრის თხოვნას არ ვაპირებ.
"რ": კახიმ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ის მოვა ხელისუფლებაში, შენი საქმე აუცილებლად გადაიხედება. გამოდის, რომ შენი თავისუფლება ერთგვარად ოქტომბრის არჩევნებზეცაა დამოკიდებული...
გ.დ:ერთ რამეში დარწმუნდი, რომ ამ ხელისუფლების პერიოდში ჩემი სიმართლე ვერსად ვერ დავამტკიცე და ვერც დავამტკიცებ. აი, თუ ეს ხელისუფლება შეიცვლება, იმედი მაქვს, რომ ჩემი საქმე ხელახლა გადაიხედება და სამართალი იზეიმებს.
"რ": კახის მსგავსად პოლიტიკაში ჩართვას ხომ არ აპირებ?
გ.დ:პოლიტიკაზე ფიქრისთვის არ მცალია, ჩემი უპირველესი საზრუნავია, როგორმე აქედან გამოვიდა. მერე ვნახოთ, რა და როგორ იქნება.
"რ": შენი ოჯახის წევრებზე რაიმე ზეწოლა ხომ არ ხორციელდება?
გ.დ:არანაირ ზეწოლას არ აქვს ადგილი.
"რ": სპორტული სამყაროდან რეალურ მხარდაჭერას თუ გრძნობ და კონკრეტულად ვისგან?
გ.დ:ერთადერთსა და რეალურ მხარდაჭერას კახა კალაძესგან ვგრძნობ. სხვაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი - შეიძლება სურთ, მაგრამ ჩემამდე არავინ მოსულა და არც წერილი მოუწერიათ.
"რ": რამდენად ხარ ინფორმირებული ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე?
გ.დ:ციხეში ტელევიზორი არ არის. ვუსმენთ რადიოს და შემოდის პრესა. რამდენად რეალურად აშუქებენ პრესაში ქვეყანაში მიმდინარე ამბებს, არ ვიცი, თუმცა ვეცნობი და ასე თუ ისე აზრზე ვარ.