ელისო ჩაფიძე -

ელისო ჩაფიძე - "ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი მირეკავს"

ამბობს, რომ ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში წასვლის შემდეგ პასუხისმგებლობა გაეზარდა. ჟურნალისტურმა გამოცდილებამ ბევრი რამ ასწავლა, ყველაზე მთავარი კი კარგი ინტუიციის უნარია რაც ადამიანებთან საღ ურთიერთობაში ეხმარება. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ელისო ჩაფიძე იმ დროსაც იხსენებს, როცა საგამომძიებლო ჟურნალისტიკაში მუშაობის დროს მის "განეიტრალებას" სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ.

- ყოველთვის, როცა ჩემ მიერ გადადგმულ ნაბიჯს, ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში წასვლას ვაფასებ, ვამბობ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა. ჩემთვის პოლიტიკაში ყოფნა დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს. ჟურნალისტიკაში ყოფნაც პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ამა თუ იმ სტატიაზე, ნომერსა და ერთ კონკრეტულ გაზეთზე ვიყავი პასუხისმგებელი, პოლიტიკაში კი ადამიანები სხვანაირად აღგიქვამენ.

- როგორ "სხვანაირად?"
- თავიანთი ყოფითი პრობლემის მოგვარებას გთხოვენ. არადა, ასეთი პრობლემები დღეს ყოველ მეორე ადამიანს აწუხებს და ძნელია მათ აუხსნა, რომ შენ ხელისუფლების წარმომადგენელი კი არა, ცალკეული პოლიტიკური ორგანიზაცია ხარ და ამ პრობლემების მოგვარების ძალა არ შეგწევს. თანაც, თუ ერთს დაეხმარები, მეორე, მის გვერდით მყოფი აპროტესტებს. რამდენიმე დღის წინ რადიო "თავისუფლებაში" ვიყავი მიწვეული, სადაც ღია ეთერში ერთმა ქალბატონმა დამირეკა და მისაყვედურა, რატომ არ ეხმარება ბიძინა ივანიშვილი მას სახლის აღდგენაში. ძნელია გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს აუხსნა, რომ ეს ხელისუფლების მოსაგვარებელია. პირადად მე, მთელი ჩემი შემოსავლებიდან, იმდენად პატიოსნად ვიხდი სახელმწიფოს გადასახადს, წლის ბოლოს გავარკვიე, რომ საშემოსავლო გადასახადი 1000 ლარის მეტობით გადამიხდია. ამ შემოსავლებით სახელმწიფო სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე უნდა ზრუნავდეს. სხვა საკითხია, რომ ამას არ აკეთებს. ამიტომაც, ხშირად მოქალაქეები ჩვენ მოგვმართავენ დახმარებისთვის, რადგან უკვე ქვეყნის სათავეში მოსულ ხელისუფლებად აღგვიქვამენ. 

- შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ მეცენატად აღიქვამენ...
- შესაძლოა. რთულია ადამიანებს აუხსნა, რომ ახალი, 4 ოქტომბრის შემდეგ, სპეციალურად ბიძინა ივანიშვილის გამო არაერთგზის შეცვლილი კანონის თანახმად, ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიერ ადამიანებისთვის ფინანსური აღმოჩენა მის პირდაპირ მოსყიდვად მიიჩნევა და ამის გაკეთებას კანონი გვიკრძალავს. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, პატარ-პატარა ხანძრების ჩაქრობა საქმეს ვერ უშველის. სანამ სოციალური ფონი არ გამოსწორდება, წარმოუდგენლად ძვირი კომუნალური გადასახადები და საბანკო კრედიტები არ გაიაფდება, მაინც არაფერი შეიცვლება. 

- ელისო, რა გვიჩვენა 27 მაისის აქციამ?
- იმ დღეს საქართველოში შიში დამარცხდა და ამას ქართველი საზოგადოება ოქტომბერში კანონიერად გააფორმებს. იმ აქციის შემდეგ ბევრი ადამიანი დამიკავშირდა, "ქართულ ოცნებაში" გაწევრების სურვილი გამოთქვა და დეტალებში გარკვევა მთხოვა.

- "დეტალებში გასარკვევად" ხელისუფლების წარმომადგენლები დაგიკავშირდნენ?
- დიახ, ისინი საკმაოდ სერიოზული, საპასუხისმგებლო თანამდებობის პირები არიან. აინტერესებდათ, "ქართულ ოცნებაში" მისვლის შემთხვევაში, რა გარანტიები არსებობს ჩვენი მხრიდან, რომ მათ ხელისუფლებისგან პრობლემები არ შეექმნებათ. ასეთ შემთხვევაში ვპასუხობთ, რომ ამ ხელისუფლების გაშვების შემთხვევაში ბევრად უსაფრთხო ქვეყანაში მოუწევთ ცხოვრება. დანარჩენი კი, გარისკავენ თუ არა, უკვე მათი გადასაწყვეტია. 

- ელისო, ცნობილია, რომ აქტიური, ე.წ. შემტევი ჟურნალისტების გასანეიტრალებლად სახელისუფლებო გუნდს "დელიკატური" გეგმა აქვს შემუშავებული. მსგავსი რამ თქვენ მიმართაც ხორციელდებოდა?
- დიახ, ეს ჯერ კიდევ "მოქკავშირის" დროიდან ხდებოდა და თუ ბოლოდროინდელ მოვლენებს გავიხსენებთ, მათსა და "ნაციონალებს" შორის განსხვავება თითქმის არ არის. ერთი ამბავი მინდა გავიხსენო, 2008 წლის ომი ახალი დასრულებული იყო, თავისი მძიმე შედეგებით, როცა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, ჩემთან მუდმივად კონტაქტის საშუალება ჰქონოდათ. ანუ უნდოდათ, ჩემი ადგილსამყოფელი გაეკონტროლებინათ. მაშინ, როცა გადაუდებელი და სერიოზული საქმე მქონდა, ვიღაც-ვიღაცები კინოში ან ყავაზე მეპატიჟებოდნენ. შესაბამისად, ეჭვი გამიჩნდა, რადგან ასეთი რაღაცები ადრე არ ხდებოდა. 

- ვინ იყვნენ ეს ადამიანები?
- ვისაც პირდაპირ ჰქონდა დავალებული ჩემი ამ საქმიდან ჩამოცილება, მაგრამ, საბედნიეროდ, მე მყავს საიმედო სამეგობრო წრე, რომელთაც ასეთი ინფორმაციის გაშიფვრა შეუძლიათ. გარდა ამისა, ჟურნალისტიკას ვუმადლი იმას, რომ კარგი ინტუიცია მაქვს. ერთი სიტყვით, გარშემო მყოფი ადამიანების საშუალებით გავედი დამკვეთზე და გავარკვიე, რა ინტერესები ამოძრავებდათ. მათი მუშაობის მეთოდი ცოტა არ იყოს ბანალური მეჩვენა, მესიჯებით ლექსებს მიძღვნიდნენ და ასე ცდილობდნენ ჩემი გულის მოგებას (იცინის). როცა ეს ყველაფერი დავადგინე, მორიგ ტექსტურ შეტყობინებაზე ვუპასუხე, რომ ასეთი ნომრებით ჩემთან ვერაფერს გახდებოდნენ. თან ყველა მათგანს ერთი და იგივე ტექსტი ჩამოვურიგე, რათა სცოდნოდათ, რა შედეგით დასრულდა მათი უსუსური მცდელობა.