“ქართული ოცნების” ქუთაისური თავყრილობა, დაანონსებული 7 ივნისის ნაცვლად, 10-ში, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. განმეორდება თუ არა ქუთაისში 27 მაისის თბილისური ტრიუმფი? _ ამას ათი ივნისი აჩვენებს, თუმცა რაც უნდა მოხდეს, ფაქტია: 2012 წლის 27 მაისი ქართული პოლიტიკის ისტორიაში “ოქროს ასოებით” შევა და მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ქუჩაში ასიათასობით ადამიანი გამოვიდა, არამედ, იმიტომაც, რომ ამ დღეს აგვისტოს ომწაგებული ქვეყნის დედაქალაქში წმინდა ევროპული ყაიდის მანიფესტაცია გაიმართა _ მანიფესტანტებს არც ვინმეს ჩამოგდება მოუთხოვიათ და არც _ სადმე შევარდნა. უბრალოდ, ქუჩაში გამოსვლით “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დაწყებას მხარი დაუჭირეს... ამასთან, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კამპანია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, ანუ ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ წინა პლანზე სახელმწიფოს აყენებს და არა, ვთქვათ, ვიწრო პარტიულ ინტერესებს... დააფრთხო თუ არა ხელისუფლება 27 მაისის ხალხმრავლობამ? _ ეს სხვა საუბრის თემაა, თუმცა 27 მაისის შემდეგ, ოფიციალურმა სტრუქტურებმა ერთობ ნიშანდობლივი ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობა, თურმე, 28 ათასით გაიზარდა. ეს “ნიუსი”, შესაძლოა, უმნიშვნელოა, მაგრამ არჩევნებამდე 4 თვეა დარჩენილი. შესაბამისად, რატომაა გამოირცხული, რომ მმართველმა ელიტამ ყოველ თვე სიხარულით გვამცნოს, 28-28 ათასით ვიზრდებითო, მით უმეტეს, რომ ამასწინათ ქვეყნის უმაღლეს მმართველს წამოსცდა, საქართველოში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობსო... მოკლედ, მსჯელობას ამ ლოგიკით თუ გავაგრძელებთ, შესაძლოა, არჩევნების გაყალბების ახალი მეთოდიც კი “აღმოვაჩინოთ”... ისე, პოლიტიკაში “შეთქმულების თეორია” არცთუ სერიოზულად ითვლება. მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელს, იურისტ ეკა ბესელიას ერთი-ორი შეკითხვა ამ თემაზეც დავუსვი...
_ ეკა, 27 მაისის ხალხმრავალმა აქციამ, შენი, როგორც იურისტისა და საზოგადოების წარმომადგენლის აზრით, ქართული პოლიტიკა ახალ კალაპოტში გადაიყვანა თუ არა?
_ 27 მაისით, უთუოდ, ახალი პოლიტიკური ეტაპი დაიწყო, ანუ “ქართული ოცნების” ლიდერმა 2011 წლის ოქტომბერში დაწყებული პოლიტიკური ცხოვრება მეორე ფაზაში გადაიყვანა და პოლიტიკაში სრულიად ახალი ტექნოლოგიები შემოიტანა. ეს სიახლე კი, ბიძინა ივანიშვილის, როგორც ახალი, გულწრფელი და, მართლაც, სამშობლოს ბედით დატვირთული ლიდერის როლმა განაპირობა. 27 მაისის აქციის მონაწილეთა სიმრავლემ ცხადყო, რომ ხალხმა ივანიშვილის მიმართ იმ სიკეთის გამო, რასაც მთელი ცხოვრება უცნობების მიმართ აკეთებდა, მადლიერება გამოხატა და, ასევე, მას ნდობის მანდატიც მისცა. ყველაფერი ეს მხოლოდ საპასუხისმგებლო კი არაა, გამარჯვების მომასწავებელიცაა. ამიტომაც, ხელისუფლება, როგორც იტყვიან, ,,ნოკაუტშია” და ვერ გამოფხიზლებულა!…
_ ეკა, ნება მომეცი, არ დაგეთანხმო...
_ რატომ?
_ მართალია, შენც და ივანიშვილის გუნდის სხვა წარმომადგენლებიც ირწმუნებით, ხელისუფლება ნელ-ნელა უკან იხევსო, მაგრამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მაია მიმინოშვილის განთავისუფლება “უკან დახევაზე” ნამდვილად არ მეტყველებს, ანუ ხომ არ გგონია, რომ “ნაციონალები” უფრო გააგრესიულდებიან და რეპრესიების ახალ მეთოდებს შეიმუშავებენ?
_ უკან დახევა ზოგჯერ დამარცხება კი არა, სიბრძნეა, მაგრამ ხელისუფლებას სიბრძნე არ აქვს. ამიტომ, უკან დახევა სისუსტე ჰგონია და უფრო აგრესიული ხდება, რაც მის წასვლას აჩქარებს. საერთოდ, არ შეიძლება, რომ ამდენ ბოროტებას შედეგი არ მოჰყვეს, თუმცა “ნაციონალები” ამაზე არ ფიქრობენ და ხელისუფლების განუზომელი მასშტაბით ტკბებიან. ასეთი ტკბობა კი, როგორც წესი, ცუდად სრულდება ხოლმე და ამის ერთადერთი მაგალითი მხოლოდ მუბარაქი არაა. გონიერმა კაცმა წასვლის დრო ხომ უნდა იგრძნოს?! ხალხს სააკაშვილი არ უნდა. ამიტომ, ის თბილისიდან ხან ბათუმში გარბის და ხან _ ქუთაისში.
რაც შეეხება მაია მიმინოშვილის სკანდალს, ეს ხელისუფლების მანკიერი მართვის ანარეკლია, რომელმაც ხელისუფლების შიდა, შემზარავი სურათიც გააშიშვლა. მოკლედ, შეუქცევადი პროცესი დაიწყო!..
_ რა ამის პასუხია და, შენი ინფორმაციით, 27 მაისის აქციის მონაწილეებზე ზეწოლა ხომ არ ხორციელდება?
_ ამის მცდელობა, რასაკვირველია, არის, მაგრამ სააკაშვილი ამდენ ადამიანს როგორ შეაშინებს? ადამიანებს შიშში ცხოვრება აღარ უნდათ და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვეს. შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ განაცხადა, არჩევნების წინ საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ადამიანების გამოყრა არ გვინდაო და ეს ხომ რეპრესიების აღიარებაა?!
_ ასეა თუ ისე, არჩევნების დღეს გადამწყვეტი მაინც საარჩევნო სიაა. მართალია, ამომრჩეველეთა ზუსტი რაოდენობის დასათვლელად სპეცკომისია მუშაობს, მაგრამ ამ კომისიას “ოცნება” ბოიკოტს უცხადებს და, როგორც ვიცი, ამომრჩეველთა “კარდაკარით” დათვლას დამოუკიდებლად აპირებს... ამასობაში კი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველოში 4 497.6 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამასთან, ბოლო დროს მოსახლეობა 28.4 ათასი ადამიანით გაიზარდა. მოკლედ, ალბათ, დამეთანხმები, რომ არჩევნების წინ ასეთი “ნიუსის” გავრცელება გარკვეულ ეჭვს ბადებს...
_ ეს ინფორმაცია ეჭვს კი არ ბადებს, არამედ, სიცრუეა!
_ რატომ?
_ რატომ და, ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნიდან ადამიანთა არნახული გადინება მოხდა, ანუ გავნახევრდით და ამ დროს გაიძახიან, ამომორჩეველთა რაოდენობა გაიზარდაო. ამას, ალბათ, იმიტომ ამბობენ, რომ ხელისუფლებას არჩევნების გასაყალბებლად ხმების მობილიზება უნდა. ამიტომ, უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ამომრჩეველთა ზუსტი სია დადოს.
_ გამორიცხულია, რომ ხელისუფლებამ არჩევნებზე მანიპულაცია ჩინელების, ინდუსებისა და იმ სხვა უცხოელების ხმებით მოახდინოს, ვინც საქართველოში მიწის კერძო მესაკუთრეები არიან?
_ “ნაციონალები” მანიპულაციას ყველაფრით შეეცდებიან, მათ შორის, პატიმრების ხმებითაც. სხვათა შორის, მაინტერესებს, ციხეებში აგიტაცია და საარჩევნო კამპანია როგორ უნდა ჩავატაროთ? ვანო, დააკვირდი, კონტროლოს პალატა როგორ იქცევა _ ყველაზე უკონტროლო ორგანო გახდა. რატომ არ სწავლობს კონტროლის პალატა, თუ როგორ ხდება თანხების ჩარიცხვა “ნაციონალური მოძრაობის” ყულაბაში? _ ადამიანებს ფულს აძლევენ და ამ უკანონო თანხებს “ნაციონალების” ანგარიშზე არიცხვინებენ... სად არის ამ დროს მოგელაძე? სად არის და, _ ოლიპმიურ ჩემპიონ გელა კეტაშვილისა და სხვებს დარაჯობს, თუ როდის ჩაირიცხება მათ ანგარიშზე თანხა, რომ მერე, უკანონო გზით მიიტაცოს! სად არის სასამართლო, რომელსაც, კუბლაშვილს რომ ჰკითხოთ, თურმე, უმაღლესი ნდობა აქვს. მოკლედ, სად არის სამართალი?!
_ კულუარული ინფრომაციით, “ნაციონალების” საარჩევნო რეზერვი ემიგრანტი ქართველები არიან, რომელთა რაოდენობაც, როგორც ამბობენ, 2 მილიონამდეა. ამ მხრივ კი, “ქართული ოცნება” მაინცდამაინც არ აქტიურობს...
_ ემიგრანტების დიდი ნაწილი “ქართული ოცნების” ირგვლივ აქტიურობს და ხოტბას ხელისუფლებას არ ასხამს. ჩვენი სტრუქტურები ყველგან ამუშავდა და შედეგიც მალე გამოჩდება. ვანო, ხომ ნახე, 27 მაისს ქართველებმა საბერძნეთსა და ამერიკაში როგორი აქციები გამართეს? ეს უკვე სხვა რეალობაა.
_ ქუთაისის მერიამ “ოცნებას” 7 ივნისს აქციის გამართვის უფლება არ მისცა. ამის გამო მოვლენების რადიკალიზაცია ხომ არ მოხდება?
_ რადიკალიზაცია სააკაშვილის ოცნებაა!
_ ვერ ვხვდები, სააკაშვილს რადიკალიზაცია ხელს რატომ უნდა აძლევდეს.
_ სააკაშვილი მშვიდ და ძლიერ ბიძინა ივანიშვილს ვერ მოერევა. ამიტომაც იყენებს აკრძალულ მეთოდებს _ სააკაშვილს ეშინია და ბიძინა ივანიშვილს მოქალქეობას არ აძლევს. ამასობაში კი, ქვეყანაც და საკუთარი თავიც ჩიხში შეიყვანა და გამოსავალს ვეღარ პოულობს. ნახეთ, “ნაციონალები” ხალხს როგორ ექცევიან _ გააღატაკეს და ხელს ბიძინა ივანიშვილსაც უშლია, რომ ქვეყნისთვის სიკეთე გააკეთოს, თუმცა ეს ხელის შეშლა დროებითია და მჯრა, ამ ბოროტების მანქანას მოვერევით!
_ ...ეკა, “ქართული ოცნების” ოცნების ბარათი შენც შეავსე და თუ შეავსე, რა ოცნება ჩაწერე?
_ ჩემი ოცნება გამთლიანებული სამშობლო და სამართლის უზენაესობა, ანუ ისეთი ქვეყანაა, სადაც ადამიანები უსამართლოდ არ დაიჩაგრებიან და ღირსეული ცხოვრება გარანტირებული ექნებათ!.. აი, ესაა ჩემი ქართული ოცნება!
_ წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა, 600-მდე ყალბი ატესტატის სკანდალზე, რომელიც მაია მიმინოშვილმა გაახმაურა, როგორც იურისტი, როგორ ფიქრობ, გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა?
_ დიახ, უნდა დაიწყოს, რადგან ეს დანაშაულია და მასზე რეაგირება აუცილებელია, მაგრამ ის, ვინც გამოძიება უნდა დაიწყოს, დიდი ხანია, კანონს თავად არღვევს!
_ ეკა, როგორც დავით გამყრელიძე ამბობს, გავლენიანმა ამერიკელებმა ბიძინა ივანიშვილი გააფრთხილეს, ფულს ამერიკულ პიარზე ნუ ხარჯავ, რადგან არჩევანი ქართველი ხალხის გასაკეთებელიაო. ეს სიმართლეა თუ გამყრელიძე ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს?
_ ხელისუფლებას ქართველი ხალხი ირჩევს და ეს აქსიომაა, თუმცა ამ პროცესს საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება _ აბა, ის სიგიჟე, რასაც ხელისუფლება “ქართული ოცნების” წინააღმდეგ სჩადის, ვინ უნდა შეაჩეროს?
_ 27 მაისს ივნიშვილმა განაცხადა, ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც ვგეგმავდიო, ანუ გეგმავდა, რომ მოგელაძე ხალხს ბითუმად დაიბარებდა?
_ ყველაფრის განჭვრეტა შეიძლება, რადგან ხელისუფლების ვერაგობას კარგად ვიცნობთ. ბიძინა ივანიშვილი გონიერია და პროცესებსაც სწორად წარმართავს.
_ სხვათა შორის, “ნაციონალები” ამბობენ, ივანიშვილი საქართველოში მცხოვრებ არაქართველებს პატივს არ სცემს, რადგან თავის პოლიტიკურ გაერთიანებას “ქართული ოცნება” დაარქვა. წესით, “საქართველოს ოცნება” უნდა ეწოდებინაო...
_ ეს აბსურდია და საპასუხოდაც არ ღირს. ქართული ოცნება ყველასია, ვისაც ჩვენი სამშობლო უყვარს!
_ ახლა, საუბრის თემას რადიკალურად შევცვლი... კულუარებში გიგა ბოკერიას შესაძლო გაპრემიერებაზე გავრცელებული ხმის გჯერა?
_ მომავალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იქნება. სხვებმა კი, იოცნებონ. ეს მათი უფლებაა!
_ ისე, თამარ ჩერგოლეიშვილმა “მაესტროზე” თქვა, მმართველი გუნდი ძალიან ჭრელიაო. ეს განცხადება იმაზე ხომ არ მიგანიშნებს, “ნაცმოძრაობის” რღვევა დაწყებულია?
_ “ნაცმოძრაობის” რღვევა, რა თქმა უნდა, დაწყბეულია და ეს პროცესი 27 მაისის შემდეგ, დაჩქარდა. ხელისუფების შიგნით სიცარილე და მოჩვენებითი სიმყარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება, როგორც სააკაშვილი იტყოდა, მალე ჩამოიშლება...