ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერი გალში, დახურულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე იმყოფებოდა

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერი გალში, დახურულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე იმყოფებოდა

ჟენევის დისკუსიების მონაწილეებმა აფხაზეთისა და საქართველოს საოკუპაციო ხაზზე სამი დახურული საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაათვალიერეს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განაცხადა, რომ ეს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ტრადიციული ვიზიტია დისკუსიების დაწყების წინ.

„ჟენევის დისკუსიების წინა რაუნდზე აქტიურად იდგა გამშვები პუნქტების დახურვის საკითხი. ქართულმა მხარემ ეს წარმოაჩინა, როგორც გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის კატასტროფა. დიდი ძალისხმევის გამოყენება დაგვჭირდა, რთა აგვეხსნა, რომ არავითარ ჰუმანიტარულ კატასტროფას ადგილი არ აქვს. იქვე შევთავაზეთ თანათავმჯდომარეებს თვითონ ენახათ, თუ რას წარმოადგენს ეს გამშვები პუნქტები. ჩვენ ვხედავთ, რომ მათი პოზიცია შეიცვალა, მათ დაინახეს, რომ გამშვები პუნქტები არ შეესაბამება არანაირ სტანდარტს, მოწყობილი არ არის და გადაკვეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა კოვემ.

თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა ჰერბერტ ზალბერმა აღნიშნა, რომ „დისკუსიები გრძელდება“.

„ჩვენ გვსურდა ადგილზე გვენახა თუ როგორი ვითარებაა. ხშირად ვსაუბრობდით დახურულ გამშვებ პუნქტებზე და როდესაც შემოგვთავაზეს ადგილზე გვენახა ვითარება, დავთანხმდით. საიდუმლო არ არის, რომ ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს შორის სხვადასხვა მოსაზრებებია იმის თაობაზე, საკმარისი არის თუ არა ერთი გამშვები პუნქტი. ჩვენ დავინახეთ აქ რა ხდება და დისკუსიები გაგრძელდება“, - აღნიშნა ჰერბერტ ზალბერმა.