კვირას, 10 ივნისს ქუთაისში ბიძინა ივანიშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატთა ნაწილს, დაახლოებით 15 გვარს დაასახელებს. როგორც "ოცნების" პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, 73 საარჩევნო ოლქიდან კოალიცია "ქართულ ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების უმეტესობის ვინაობა გადაწყვეტილია, მაგრამ მათი დასახელება ეტაპობრივად მოხდება. მისი თქმით, არ არსებობს რეგიონი, სადაც კოალიციას კონკურენტუნარიანი კანდიდატი არ ჰყავს, თუმცა "კოალიციას" ყველაზე დიდი არჩევანი მაინც თბილისში აქვს.
მაია ფანჯიკიძე: "ბევრ რაიონში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ივნისის განმავლობაში ნელ-ნელა კონკრეტული გვარები ცნობილი გახდება. განსაკუთრებით დიდი არჩევანი გვაქვს თბილისში. ეს ჩვენი ქვეყნის სპეციფიკაა, იმ გაგებით, რომ ქვეყნის მოსახლეობის ერთი მეოთხედი თბილისში ცხოვრობს... საუბარი არ არის სურვილზე - ვის სად უნდა კენჭისყრა, არამედ იმაზე, ვის როგორ შეუძლია თავი წარმოაჩინოს ამა თუ იმ რეგიონში. რომელ რეგიონში გამარჯვების შანსები ვის როგორი აქვს, ამაზე მთელი პოლიტსაბჭო მსჯელობს.ის კრიტერიუმი, რომ თბილისი ადვილი მოსაგებია, არ მიმაჩნია სწორად. აბსოლუტურად ყველგან მძიმეწონიანი კანდიდატები გვეყოლება. ვიღაც შეიძლება უფრო ცნობილი იყოს, ვიღაც - ნაკლებად. მაგალითად, კახი კალაძეს მთელი საქართველო იცნობს, მაგრამ მსუბუქი პოლიტიკური წონის მქონე არსად არ გვეყოლება."
მართალია, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გასაჯაროებულა, თუმცა იმერეთში სავარაუდო კანდიდატთა სია ასეთია: ქუთაისში - გუბაზ სანიკიძე, სამტრედიაში - კახი კალაძე, ტყიბულში - ელისო ჩაფიძე, ბაღდადში - არჩილ კბილაშვილი;
გურია: "ერისიონის" ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი ოზურგეთის რაიონში და დიდი ალბათობით ლანჩხუთში "რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილი;
აჭარაში უკვე გარკვეულია, რომ ბათუმის მაჟორიტარი საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ემსახურე საქართველოს" თავმჯდომარე მურმან დუმბაძე იქნება. ქობულეთში სავარაუდოდ "ქართული ოცნების" ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი - ანზორ თხილაიშვილი;
თელავის საარჩევნო ოლქში ირაკლი სესიაშვილი, ახმეტაში - ზურაბ ზვიადაური იყრის, დედოფლისწყაროში - ირაკლი ღარიბაშვილი, სიღნაღში - ადვოკატთა ასოციაციის ამჟამინდელი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი; ყაზბეგში - გოგი თოფაძე, ამბროლაურში კი შესაძლოა მაია ფანჯიკიძე იყოს. საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა სოზარ სუბარი მესტიაში წარადგინონ.
მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ "მსჯელობა მიმდინარეობდა - ვინ სად სჯობდა და ამის მიხედვით მოხდა კანდიდატების არჩევა. შესაძლოა ვიღაც წარმოშობით იყოს რომელიღაც რეგიონიდან, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო უკეთესი შანსი სხვა რეგიონში ჰქონდეს. შიდა მსჯელობის საფუძველზე და არანაირი პრაიმერი იმ გაგებით, რომ ვინმეს დახურული კენჭისყრა მოეწყოს. ყველა - არა, მაგრამ უმეტესობა გადაწყვეტილია."
დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ამჯერად მაჟორიტარად ან გურიაში იქნება ან თბილისში, ბათუმში კი მურმან დუმბაძეა გადაწყვეტილი. ამბობს, რომ ოლქის მოგება თბილისში უფრო ადვილია, ვიდრე გურიაში, მაგრამ "მოგება გურიაშიც სრულიად რეალურია".
დავით ბერძენიშვილი: "იცით, რომ ალასანია ზუგდიდში იქნება, მე გურიაში კოალიციის პოლიტიკურ კურატორი ვარ, მაგრამ ამასთანავე ობიექტური მონაცემებით შემიძლია კონკურენტუნარიანი კანდიდატი თბილისშიც ვიყო. ზუსტად სად ვიქნები, ამას ამ დღეებში გაიგებთ. თუ თბილისის იმ ოლქში, სადაც შეიძლება მე ვყოფილიყავი მაჟორიტარი, სხვა კონკურენტუნარიანი ადამიანი გამოჩნდება, მაშინ ვიქნები გურიაში. ასევე პირიქით".
ბერძენიშვილი ამბობს, რომ ბათუმში მისი კენჭისყრა არც ერთ ეტაპზე არ განიხილებოდა.
"ბათუმში ჩატადა კვლევა, 6 კანდიდატი გაისინჯა და კვლევის ლიდერები მურმან დუმბაძე და გია მასალკინი აღმოჩნდნენ და ისინი ბევრად უსწრებენ სხვა კანდიდატებს. დუმბაძეს პირველი ადგილი აქვს.
ჩემი პირადი მოსაზრებაა, რაკი ერთდროულად ტარდება საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ოპტიმალური იქნება დუმბაძე იყოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში და მასალკინი კი მაჟორიტარი - აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. ქობულეთში გამოკვეთილი არ არის," - დასძენს ბერძენიშვილი.
როგორც "ემსახურე საქართველოს" თავმჯდომარე და კოლიცია "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრი მურმან დუმბაძე ამბობს, ერთადერთი ის იცის, რომ ბათუმში მაჟორიტარებთან დაკავშირებით სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა, მაგრამ შედეგები მისთვის ცნობილი არ არის.
მურმან დუმბაძე: "ღიად ვაცხადებდი, რომ მქონდა და მაქვს სურვილი საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყო. ეს არის და ეს. მაჟორიტარების შესახებ ინფორმაციას გაავრცელებენ პოლიტიკური კოალიციის პოლიტიკური საბჭოს "ქართული ოცნების" ლიდერები.
"ძალიან დიდი მადლობა გადაეცით დავით ბერძენიშვილს იმ შეფასებისათვის, რომ მე ბათუმში ბევრი მხარდამჭერი მყავს, მაგრამ ჩემთვის სიახლეა ის, რომ სოციოლოგიურ კვლევაში მე პირველი ადგილი მაქვს. რადგან ბერძენიშვილი ამას ამბობს, ე.ი. მას კვლევებზე ხელი მიუწვდება, მაგრამ ეს არ არის "ქართულ ოცნების" ოფიციალური გადაწყვეტილება. თუკი დადასტურდება ის, რომ უპირატესობა მე მომანიჭეს, მადლობელი ვარ იმ ხალხის, ვინც ამ სოციოლოგიურ კვლევაში მონაწილეობა მიიღო." "ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი, არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბაღდათში მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი. მისი თქმით, ის ამ დღეებში იმერეთში იმყოფება. 10 ივნისის აქციის საორგანიზაციო საქმეებს აგვარებს, ასევე ბაღდათის რაიონში მოსახლეობას ხვდება და მათ კოალიციის საარჩევნო პროგრამას აცნობს.
არჩილ კბილაშვილი: "წარმოშობით ბაღდათიდან ვარ და ამ რაიონში მაჟორიტარად ჩემი განხილვა ძალაშია. თავად მე ახლა იმერეთში ვარ და 10 ივნისს გასამართი ღონისძიების ორგანიზაციულ საკითხებზე ვმუშაობ." არჩილ კბილაშვილთან ერთად ოთხი დღეა იმერეთში იმყოფება "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი ელისო ჩაფიძე. მისი თქმით, 10 ივნისს 15 მაჟორიტარობის კანდიდატს თავად ბიძინა ივანიშვილი დაასახელებს.
ელისო ჩაფიძე: "მინდა გითხრათ, რომ მეოთხე დღეა მე და კოალიციის რამდენიმე წევრი ქუთაისში ვცხოვრობთ და იმ მოედანზე, სადაც "ქართულ ოცნებას" აქციის ჩატარებზე უარი გვითხრეს, ეს დღეებია საბავშვო ბაღის ბავშვების კონცერტები იმართება. მოედანზე, კონცერტში მონაწილე ბავშვებისა და ორგანიზატორების ჩათვლით მაქსიმუმ 100-150 კაცი თუ იყრის თავს. წუხელ კი, მაგალითად მხოლოდ 6 კაცი უყურებდა ამ კონცერტს. ამიტომაც აშკარაა, რომ თითიდან გამოწოვილი იყო ის მიზეზი, რომლის გამოც უარი გვითხრეს აქციის გამართვაზე".