"აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ამჟამინდელი ვიზიტი საქართველოში წინა ვიზიტებისგან ორი რამით გამოირჩეოდა: ვიზიტი ოქტომბრისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე გაიმართა. ვიზიტამდე რამდენიმე კვირით ადრე კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში პირველად, საქართველოს ნაწილში, მიღწევებზე მეტად პრობლემებზე იყო საუბარი, მათ შორის: ხარვეზებზე კანონის უზენაესობის მხრივ, მთავრობის ჩარევაზე პროფკავშირების საქმეებში; ხელისუფლების მიერ მედიის კონტროლზე; პოლიციის მიერ ძალის გადამეტებასა და დაუსჯელობაზე, აგრეთვე, ოპოზიციის მიმართ რეპრესიებზე. ანგარიშში ცალკე პუნქტი დაეთმო "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გარშემო შექმნილ ვითარებას", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით ჰილარი კლინტონმა დაგვიბარა...
"კლინტონმა საქართველოს ხელისუფლებას კონკურენტუნარიანი საარჩევნო კამპანიის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოში მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობა კვლავ პრობლემად რჩება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საქართველოში აშშ-ის საელჩომ კი ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, როგორც ცესკოს ოფიციალურ საინფორმაციო ბიულეტენში წერია, "მხარეებმა ვალდებულება აიღეს უზრუნველყონ თანასწორი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემო და ჩაატარონ სანდო არჩევნები". არის კი მიღებული საერთაშორისო ურთიერთობებში და დიპლომატიურ პრაქტიკაში, რომ ერთი, თუნდაც დიდი ქვეყნის საელჩომ დაიკისროს პასუხისმგებლობა მეორე სუვერენულ სახელმწიფოში არჩევნების სათანადოდ ჩატარებაზე?! ეს პირდაპირი ინდიკატორია, რომ საქართველო ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი და პლუს ავტორიტარული სახელმწიფოა, რომელსაც დემოკრატიული არჩევნების ჩატარება არც სურს და არც შეუძლია", - აღნიშნავს გამოცემა.
"საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები არსებობს", - განაცხადა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია დემოკრატიის კომიტეტის" სპეციალურმა მრჩეველმა, უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის ერთ-ერთმა ავტორმა, უკრაინის ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ დავიდოვიჩმა, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება. კავკასიის საკითხების ექსპერტი, ანალიტიკოსი თომას დე ვაალი კი თავის სტატიაში მიიჩნევს, რომ ჰილარი კლინტონმა საქართველოში ვაშინგტონის ბოლო გზავნილი ჩამოიტანა. ვაალი ამჟამინდელ ვითარებას ადარებს 2003 წლის ვითარებას, როდესაც საპარლამენტო არჩევნები შევარდნაძის ხელისუფლებისთვის ლაკმუსის ქაღალდად აღიქმებოდა. დე ვაალის აზრით, ობამას ადმინისტრაციამ ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ნაკლებად პერსონალიზებული და უფრო მეტად პროფესიული და ინსტიტუციური გახდეს, ვიდრე ეს ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში იყო", - დასძენს გამოცემა.
"დიდი ხანი არ არის გასული მას შემდეგ, რაც ჰილარი კლინტონი საქართველოში იმყოფებოდა. ამჟამინდელი ვიზიტი მიუთითებს, რომ ვაშინგტონის ინტერესი საქართველოს და, საერთოდ, ამიერკავკასიის მიმართ კვლავ დიდია. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია არა მხოლოდ ამ რეგიონში მცხოვრები ხალხების, არამედ მეზობელი სახელმწიფოების მიმართაც. ცხადია, ამ შეხვედრისას დიდი ადგილი დაეთმო საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოში ამ შემოდგომაზე ჩატარდება", - აცხადებს პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე გაზეთ "ყველას სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ჩვენს ასარჩევ პარლამენტს და პრეზიდენტს ამერიკელები ვერ აირჩევენ".
"ქალბატონმა კლინტონმა ისაუბრა ამ არჩევნების მნიშვნელობაზე: "ჩვენ ველით, რომ საქართველომ თავისუფალი არჩევნები ჩაატაროს შემოდგომაზე და შემდეგ ძალაუფლების გადაცემა 2013 წელს, დემოკრატიულად მოხდეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ აბაშიძე და შეკითხვას - "ანალიტიკოსი თომას დე ვაალი წერს: "კლინტონის მესიჯის საკვანძო სიტყვები ადვილი წარმოსადგენია: ხელისუფლების მიერ ჩატარებული პოზიტიური რეფორმების ქება, სააკაშვილისთვის შეხსენება, რომ საქართველო მხოლოდ სააკაშვილი არ არის, ოპოზიციის მეგობრული გამხნევება, რომ თუ არჩევნები ასე თუ ისე სამართლიანად ჩატარდება, ის მათ შედეგებს აღიარებს" - ეთანხმებით ამგვარ შეფასებას?" - პასუხობს:
"რა თქმა უნდა, ვეთანხმები. საქართველო მარტო ერთი კაცი არ არის, თუნდაც პრეზიდენტი. აქ კიდევ 4 მილიონ-ნახევარი ადამიანი ცხოვრობს. დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება მოსახლეობამ უნდა აირჩიოს: ჩვენს ასარჩევ პარლამენტს და პრეზიდენტს ამერიკელები ვერ აირჩევენ".
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ლიდერებს მოუწოდებს, კონკურენტუნარიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება უზრუნველყონ. სწორედ დემოკრატიული რეფორმები და და საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა იყო ის მთავარი საკითხები, რაზეც ჰილარი კლინტონმა ყურადღება გაამახვილა. როგორც მან საქართველის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა - "ყველაზე მნიშვნელოვანია შემოდგომაზე არჩევნები საქართველოში და არა რუსეთის სამხედრო წვრთნები საქართველოსთან ახლოს, რომელიც შესაძლოა, სწორედ არჩევნების თარიღს დაემთხვეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "საქართველოს წარმატება დამოკიდებული იქნება დემოკრატიის ხარისხზე" / კლინტონი მეტ დემოკრატიას ელის და მეტ დახმარებას გვთავაზობს.
"ყველაზე საუკეთესო, რაც საქართველომ შეიძლება გააკეთოს უსაფრთხოების, დემოკრატიულობისა და საერთაშორისო რეპუტაციის გაზრდისთვის, არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ის დარწმუნებულია, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ყველაფერი ქართველის ხალხის ნებაზე იქნება დამოკიდებული. მან ხაზგასმით განცხადა, რომ "საქართველოს წარმატება დამოკიდებული იქნება დემოკრატიის ხარისხზე" - მისი განმარტებით არსებობს "დიდი შესაძლებლობები" და "აშშ იქნება ქართველი ხალხის გვერდით მაშინ, როცა ისინი ნაბიჯებს გადადგამენ თავიანთი უფლებების განსამტკიცებლად". მისივე განცხადებით, "ყველა ქართველი იმსახურებს დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებას", - აღნიშნავს გამოცემა.
"აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯერ კიდევ თებერვალში დაანონსებული ოფიციალური ვიზიტი 4 ივნისს შედგა. 5 ივნისს ჰილარი კლინტონმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში გამართული ფორუმი გახსნა, რის შემდეგაც ერთსაათიანი შეხვედრა გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შემდეგ ბათუმის პორტში კატარღა "ფაზისის" საზღვაო დაცვის სამსახურისთვის გადაცემის საზეიმო ცერემონიალს დაესწრო, სადაც აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და დახმარებაზე ისაუბრა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჰილარი კლინტონი იუსტიციის სახლში შეხვდა, უმაღლესი დონის სტუმრებს კი გიორგი ვაშაძემ უმეგზურა - საღამოს, საგანგებოდ სტუმრისთვის, საზეიმო კონცერტი გაიმართა", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით ჰილარი კლინტონი: "მომავალ არჩევნებში აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს!"
"აშშ იდგება საქართველოს გვერდით, როდესაც ის ნაბიჯებს გადადგამს თავისი უფლებებისა და თავისუფლების განსამტკიცებლად. ყველა ქართველი იმსახურებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში იცხოვროს. აშშ-ს სჯერა, რომ დემოკრატიული პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივიზმი, დებატები, თანაბარი სამუშაო გარემო. მოუთმენლად ველოდებით, რომ საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს შემოდგომაზე და შემდეგ დემოკრატიულად მოხდეს ძალაუფლების გადაცემა 2013 წელს. გვჯერა, რომ ყველა პარტიამ, ყველა კანდიდატმა პატივი უნდა სცეს პოლიტიკურ პროცესს. მოუთმენლად ველოდებით, რომ ძლიერი ურთიერთობები იყოს იმ ადამიანთან, რომელსაც აირჩევს ქართველი ხალხი", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა", აღნიშნავს გამოცემა.