თავი VIII “საქართველო პრეზიდენტის გარეშე!”

თავი VIII “საქართველო პრეზიდენტის გარეშე!”

ნანა დევდარიანის წიგნი “ლერწმის სტრატეგია” 2008 წელს გამოიცა. მისი ერთ-ერთი თავი, რომელსაც შემოგთავაზებთ, უთუოდ საინტერესო იქნება იმ მკითხველისათვის, რომლისთვისაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები სულერთი არ არის. წიგნის ამ თავში სწორედ იმ საფრთხეებზეა ყურადღება გამახვილებული, რომელთაც დღეს  შეიძინეს განსაკუთრებული აქტუალობა. ავტორი ორი წლით ადრე წერს კონსტიტუციის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ, რასაც მისი პროგნოზით, ოპოზიციის იმჟამინდელი უმართებულო ტაქტიკა გამოიწვევდა. მოვლენები მართლაც ამ სცენარით წარიმართა. გასაგები მიზეზების გამო ავტორის ხსენებისას მკითხველი უმალ 2003 წლის “რევოლუციურ” არჩევნებს იხსენებს. წიგნის ამ ფრაგმენტში არჩევნების გაყალბების თემით დაინტერესებული მკითხველიც  მიიღებს ინფორმაციას განსჯისათვის.


 


 


თავი VIII “საქართველო პრეზიდენტის გარეშე!”


 


[ნანა დევდარიანი}


 


პრეზიდენტის კურსით უკმაყოფილების გამო ახლა მეტად პოპულარული გახდა საპარლამენტო რესპუბლიკის იდეა. რატომღაც მიჩნეულია, რომ ეს მოდელი უფრო დემოკრატიულია და საზოგადოების განწყობილებების შეცვლას უფრო ოპერატიულად უპასუხებს, რადგან პრემიერ-მინისტრი არა პირდაპირი წესით, არამედ საპარლამენტო უმრავლესობით აირჩევა. ეს იყო ზურაბ ჟვანიასთვის მეტად ხელსაყრელი მოდელი, ვინაიდან მას პირდაპირი წესით მოსახლეობა პრეზიდენტად არ აირჩევდა, ხოლო პარლამენტში უმრავლესობით მოსვლა არჩევნებში მიღებული ხმების მიუხედავად მისი, ხათუნა გოგორიშვილის და კიდევ რამდენიმე მოქკავშირელის “ნოუ-ჰაუ” იყო.


 


ჟვანიას რომ დასცლოდა, დღეს, შესაძლოა, მართლაც საპარლამენტო რესპუბლიკა გვქონოდა. თუმცა, ისტორია ვერ იტანს ამგვარ დაშვებებს. ისტორია ის არის, რაც უკვე იყო და არა ის, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო.


საპარლამენტო მოდელი არც ასე მარტივია. პრემიერ-მინისტრი, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, სინამდვილეში პრეზიდენტზე უფრო ძლიერია. უმრავლესობა ვალდებულია, ხმა მისცეს ბიუჯეტს, მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს, სხვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კაბინეტი უნდა გადადგეს და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ოპოზიციას გავლენა ამ მოდელში არა აქვს.


 


პრეზიდენტი და მისი კაბინეტი არ არიან დამოკიდებული პარლამენტის კენჭისყრაზე. მისი ვადა განსაზღვრულია. დეპუტატები, რომელთაც თავიანთი ოლქების ამომრჩეველთა მხარდაჭერა სჭირდებათ, შეიძლება არ დაეთანხმონ თავიანთი პარტიის ან პრეზიდენტის წინადადებას.


 


კოალიციური მთავრობისას (როცა არც ერთ პარტიას არ ჰყავს უმრავლესობა), მინისტრთა კაბინეტი სუსტია.


 


ახლა, 5 იანვრის არჩევნების შემდეგ, როცა სააკაშვილს აღარ დარჩა “სათადარიგო” საპრეზიდენტო ვადა, კვლავ საპარლამენტო მოდელზე საუბარი მის წისქვილზე ასხამს წყალს. თუ მის დღევანდელ 53%-ს ვენდობით, მას უჩნდება შანსი, მეორე ვადის შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრად მოგვევლინოს. თუ ეს პროცენტი, როგორც ამბობენ, გაყალბებულია, მაშინ უმრავლესობა არავის ეყოლება და კოალიციური მთავრობა, ანუ მყიფე წონასწორობა გველის. პერმანენტული საპარლამენტო არჩევნები კი ქვეყნის სტაბილურობას აშკარად დააზარალებს.


 


პოლიტიკურ ძალთა შეთანხმებაზე და “პროფესიონალთა მთავრობაზე” ფიქრი შეიძლებოდა 2003 წლის არჩევნების შედეგებით, როცა ოპოზიციამ ერთობლიობაში ხმათა უმრავლესობა მიიღო, მაგრამ მაშინ ვარდების რევოლუციის ერთადერთი ნამდვილი მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ის იყო, რომ რევოლუციურ პოლიტიკურ ძალებს არავისთვის არ სურდათ ანგარიშის გაწევა. ხელისუფლება მონოპოლიზირებული უნდა ყოფილიყო და რევოლუციის გზით მიაღწიეს კიდეც ამას. თუ რა მოაქვს ამგვარ “მონოპოლიას”, ჩვენმა საზოგადოებამ სრულად იწვნია.


 


საოცარია ის ერთსულოვნება, რომლითაც პოლიტიკური პარტიები სდუმან 2003 წლის არჩევნების ირგვლივ (თუ არ ჩავთვლით ზოგად ფრაზებს გაყალბების შესახებ). როდესაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ერთ-ერთი ოლქის თავმჯომარე გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. “არჩევნები გაყალბდა!” – განუცხადა მას გამომძიებელმა. “დიახ, ბატონო” – დაეთანხმა იგი. “როგორ, მეთანხმებით?” – გაიკვირვა გამომძიებელმა. “როგორ არ დაგეთანხმოთ, აბა, ამხელა რევოლუცია ტყუილად ხომ არ მოხდებოდა?” – მიუგო კომისის თავმჯდომარემ. “კი, მაგრამ, ვინ გააყალბა არჩევნები?” – იკითხა გამომძიებელმა. “რა ვიცი, ბატონო, ვინც მოიგო, ის გააყალბებდაო” – უპასუხა თავმჯომარემ. “მერედა, ვინ მოიგო?” “მთაწმინდაზე – გიგი წერეთელმა, სამგორში – მიხეილ მაჭავარიანმა, საბურთალოზე – გივი თარგამაძემ, გლდანში – კობა დავითაშვილმა, დიდუბეში – გია ბარამიძემ, ვაკეში – ლევან გაჩეჩილაძემ, კრწანისში – გია გეწაძემ, ჩუღურეთში – ბესო ჯუღელმა, თელავში – თამაზ ხიდაშელმა, ვანში – ბეჟან ხურციძემ, გორში – ირაკლი ოქრუაშვილმა, ქუთაისში – ნინო ბურჯანაძემ, საკმარისია, პატივცემულო, თუ კიდევ გავაგრძელოო?”


 


მართლაც, სრულიად გაუგებარი იყო არჩევნების გაყალბება იმგვარად, რომ ოპოზიციას მოეგო. ან როგორ მოხდა ის, რომ ერთსა და იმავე უბნებზე, ერთსა და იმავე დღეს, ერთ კონვერტში ჩადებული სამი ბიულეტენიდან ორი გაუყალბებელი აღმოჩნდა და ერთი – პარტიული სიით ასარჩევი – გაყალბებული! დღეს ხშირად ისმის საყვედურები ხელისუფლების მისამართით იმასთან დაკავშირებით, რომ არ გააუქმეს 2003 წლის მაჟორიტარული არჩევნების შედეგები. არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ მაჟორიტარები, როგორც წესი, ფულით იმარჯვებდნენ და თანაც, ყოველთვის სახელისუფლებო ძალის ერთგულნი იყვნენ, განურჩევლად იმისა, თუ რომელი ხელისუფლება იქნებოდა. სინამდვილეში, მიზეზი სულ სხვაა. 2003 წლის არჩევნებში გამარჯვებულთა შორის უმეტესობა ჟვანია-ბურჯანაძის ბლოკის წევრები იყვნენ, ხოლო ხელახალი არჩევნებისას ამ ადგილებს მათ ნაცვლად უკვე რადიკალი “ნაციონალები” მოიპოვებდნენ და ჟვანია პარლამენტში, ფაქტობრივად, დასაყრდენის გარეშე დარჩებოდა (ამის ნათელი დადასტურება იყო ის, რაც სიაში ადგილების გამო მოხდა ნაციონალებსა და დემოკრატებს, ხოლო დემოკრატებში – ჟვანიასა და ბურჯანაძეს შორის,). ამიტომ მოხდა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით თავისთავად საეჭვო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და არჩევნების მხოლოდ ის ნაწილი გააუქმეს, რომელიც ხელს აძლევდათ. თუმცა, ეს მაინცდამაინც არ უნდა გვიკვირდეს, თუ ყირგიზეთის “ტიტების” რევოლუციას გავიხსენებთ: იქ საერთოდ ძალაში დატოვეს არჩევნების შედეგები, რომელთა გაყალბების საბაბითაც მოხდა რევოლუცია! ნათქვამია, “თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევაო”.


 


რაც შეეხება 2003 წლის პროპორციულ (პარტიული სიებით) არჩევნებს, მაშინ სახელისუფლებო ბლოკმა უპრეცედენტოდ დაბალი პროცენტი მოიპოვა. უკანასკნელ, 5 იანვრის არჩევნებზე ხშირად გაიგონებდით, რომ სააკაშვილს ხმების 30% ისედაც “ჯიბეში უდევს”. კი, მაგრამ, 2003 წელს ხელისუფლებაში მარტო ობლები იყვნენ? ან ოჯახის წევრები არ ჰყავდათ, ან ნათესავები, ან მეგობრები, ან თანამშრომლები? რატომ გაუკვირდათ მაშინ სახელისუფლებო ბლოკის 26%?


 


პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე (ნაციონალური მოძრაობის სიით) უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ინტერვიუში ამბობს: “მე ვერ გეტყვით, რამდენი პროცენტით გაყალბდა არჩევნები, მაგრამ რამდენი პროცენტიც არ უნდა იყოს, ხელისუფლებას ეს არ უნდა დაეშვა. მაშინ, ოთხი წლის წინათ, არჩევნების მხოლოდ 4%-ით გაყალბებაზე იყო საუბარი. დიახ, “ნაციონალურ მოძრაობაზე” ოთხი თუ ხუთი პროცენტით მეტი დაუწერეს თუ მიიღო სახელისუფლებო გუნდმა და ამას მოჰყვა ხელისუფლების შეცვლა!.. დასავლეთმა შევარდნაძეც დიდხანს ინახა, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ის აღარ იყო სტაბილურობის გარანტი, მაშინვე შეცვალა!” (“ასავალ-დასავალი”, ¹3, 2008წ.). ასე ხდება ხოლმე: 2003 წელს 4% რევოლუციის საბაბად იქცევა, ხოლო 2008-ში – მეორე ტურისთვისაც არ კმარა! ყველაზე საინტერესო კი უკანასკნელი ფრაზაა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს რევოლუციის წყაროზე. ხოლო თუ რატომ “აღარ იყო შევარდნაძე სტაბილურობის გარანტი”, ეს უკვე რევოლუციური საფანელის ფუნქციას ასრულებს და სინამდვილესთან არაფერი აქვს საერთო (ფაქტობრივად, შევარდნაძემ “სტაბილურობის გარანტიის” ფუნქცია გადადგომის შემდეგაც შეასრულა, თორემ სხვა შემთხვევაში რამდენად ხავერდოვანი აღმოჩნდებოდა ის რევოლუცია, რთული სათქმელია).


 


კიდევ ერთი მეტად საინტერესო საკითხია არჩევნების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების დამოკიდებულება. ბრიტანელი პოლიტოლოგი ჯ.ლაფლენდი, რომელიც თავად არაერთხელ იყო დამკვირვებელი არჩევნებზე, აცხადებს, რომ დსთ-ს პროდასავლურ რესპუბლიკებში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია არჩევნების შედეგებს აღიარებს, ხოლო არადასავლურში – არა. ეს ერთგვარი სასჯელია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებისთვის. დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ეუთოს 2008 წლის დასკვნა კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე 2003 წელს. არავინ ამბობს, რომ მაშინ ეუთოს საბოლოო დასკვნას არავინ დალოდებია. რევოლუციის შემდგომ  დასკვნა მხოლოდ სტატუს-ქვოს გამყარებას ემსახურებოდა. რევოლუციის გარეშე ამ დასკვნებს რა ფასიცა აქვს, ეს ქართულმა საზოგადოებამ კარგად დაინახა. სომხეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ “The Wall Street Journal”-მა საბინა ფრეიზერის წერილი გამოაქვეყნა (International Crisis Group), რომელშიც ვკითხულობთ:


 


“ამ რეგიონში არჩევნებზე დაკვირვება ეუთოს მოვალეობაში შედის, თუმცა ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი სრულ და საბოლოო შეჯამებას არ ელოდება და საკუთარ მოსაზრებებს თვითონ გამოთქვამს. უცხოელი დეპუტატები, რომლებიც დაკვირვებაში მონაწილეობენ მხოლოდ ხმის მიცემის დღეს, რომელიც, ბუნებრივია, ყველას ინტერესს იქცევს, ძალზე ხშირად ზედმეტ ენთუზიაზმს ავლენენ არჩევნების შედეგების დამაკმაყოფილებლად ჩათვლის მზადყოფნაში. ხელისუფლებაში მყოფთა ან ამ ხელისუფლების კანდიდატის მხარდაჭერით ისინი, ჩვეულებრივ, “რეგიონული სტაბილურობის” სახელით საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იღვწიან ან, უბრალოდ, ცდილობენ, გარკვეულ მათ მოკავშირეებს სახელისუფლებო უფლებამოსილების შენარჩუნებაში დაეხმარონ.


 


მაგრამ ეუთოს აქვს კიდევ ერთი ქვეგანყოფილება – ბევრად უფრო ტექნოკრატიული – დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ბიურო (ოდირ), რომელიც თავის დამკვირვებლებს კვირაობით ან თვეობითაც კი გზავნის, რათა არჩევნების მომზადებასა და ჩატარებას ობიექტური შეფასება მისცენ. აღნიშნული ბიუროს პერსონალი არ ცდილობს, გამოჩნდეს პრესის სათაურებში, ისე, როგორც მცირე ხნით ჩასული ოფიციალური პირები, თუმცა, ჩვეულებრივ, მათი შეფასებები ბევრად უფრო დიდ ნდობას იმსახურებს.


 


ასეთი ორმაგი შეფასების შედეგი ხდება შემდეგი: მსოფლიო საზოგადოება ჯერ იჯერებს არჩევნების იმ შედეგებს, რომლის შესახებაც იუწყება ხელისუფლება და ამით ამყარებს მათ პრეტენზიებს ლეგიტიმურობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩნდება დარღვევების შესახებ დეტალური ანგარიშები, რომლებიც არჩევნებში გამარჯვებას პეწსა და მიმზიდველობას უკარგავს. საბოლოო ჯამში, გამარჯვებულებსაც და დამარცხებულებსაც უჩნდებათ ძლიერი არგუმენტები საკუთარი თავის სასარგებლოდ, ხოლო ნდობა საარჩევნო პროცესისადმი კიდევ უფრო მცირდება”.


 


ეს ვრცელი ამონარიდი მრავალმხრივ საინტერესოა. თუ ავტორს ვენდობით, ხანმოკლე დამკვირვებლები სუბიექტურად მოქმედებენ და გარკვეულ ძალებს მხარს უჭერენ (რაც სულაც არ არის სიმართლისგან შორს. ამის მაგალითები 2003 წელსაც უხვად იყო). მაშინ რისთვის ჩამოჰყავს ისინი ეუთოს? იმისთვის, რომ, მაგალითად, მათ საბოლოო დასკვნასთან წინააღმდეგობაში მოვიდნენ? სინამდვილეში, ამ დილემას მარტივი გასაღები აქვს: საბოლოო დასკვნის დადებამდე პერიოდი სჭირდებათ იმისათვის, რომ ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა (ძირითადად, აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა, რომლებმაც უკანასკნელ წლებში უპირობო გავლენა მოიპოვეს ეუთოზე) შეიმუშაონ საერთო მიდგომა და მათთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებზე ვაჭრობა გააჩაღონ “ცალ ფეხზე მდგომ” ხელისუფლებასთან. სწორედ ამ ვაჭრობის შედეგად ირკვევა, საკმარისია თუ არა ეუთოს საბოლოო დასკვნებში მოყვანილი დარღვევები, რომ ამ სახელმწიფოებმა არჩევნების შედეგები არ სცნონ.


 


სწორედ ამიტომ არ დაელოდნენ ჩვენი რევოლუციონერები ეუთოს საბოლოო დასკვნას. ხოლო დარდი “საარჩევნო პროცესისადმი ნდობის შემცირების” შესახებ მაშინ არავის აწუხებდა, მათ შორის არც დღევანდელი ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც “ვარდების რევოლუციის” შემოქმედთა გვერდით იდგა.  დღეს ისინი ეუთოს სთხოვენ მხარდაჭერას, როცა კარგად იციან, რომ ეუთო მხოლოდ იმ პოლიტიკური მხარდაჭერის გამხმოვანებელია, რომელსაც წევრი სახელმწიფოების ლიდერები ჩასძახებენ. თუმცა, აქ ოპოზიციაზე ერთიანობაში ვერ ვისაუბრებთ; მისმა ნაწილმა მშვენივრად მოახერხა დღევანდელ ხელისუფლებასთან მომავალი საპარლამენტო ადგილებით პოლიტიკური ვაჭრობა, სანამ სხვები ახალი რევოლუციის მხარდაჭერას უცხოეთიდან ელოდნენ. ამითვე აიხსნება ისიც, თუ რატომ არ გამოიყენა გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხალხის 200.000-იანი მასა, რომელიც ახალ რევოლუციას მოითხოვდა; მიზეზი იმაში კი არ იყო, რომ “სხვების სიცოცხლეს გაუფრთხილდნენ”, არამედ იმაში, რომ დასავლეთიდან მათთვის მწვანე შუქი არ აუნთიათ, როგორც ეს 2003 წელს მოხდა.


 


ლოზუნგი “საქართველო შევარდნაძის გარეშე” ოთხი წლის შემდეგ შეცვალა ლოზუნგმა “საქართველო სააკაშვილის გარეშე”, მაგრამ ხანგრძლივი და ინტენსიური კონსულტაციების შემდეგ აშშ-სა და დასავლეთ ევროპასთან ჩვენმა ოპოზიციამ ეს ლოზუნგი რბილად ჩაანაცვლა ახლით: “საქართველო პრეზიდენტის გარეშე”, ხოლო სულ მალე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურების მთელი წყება წარმოადგინა! არგუმენტი, რომ ახლადარჩეული ოპოზიციონერი პრეზიდენტი ამ პოსტს საკუთარი სურვილით გააუქმებდა, სრულიად უსაფუძვლო იყო, რადგან “ნაციონალური პარლამენტის” პირობებში სასურველ საკონსტიტუციო შესწორებებზე ფიქრიც და ზოგადად, ქვეყნის მართვის რეალური ბერკეტების დაუფლებაც, ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა. საპარლამენტო არჩევნების წინაც იმის დაპირება, რომ “მაშინვე დაიწყებდნენ პრეზიდენტ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურას”, ასევე საფუძველს მოკლებული იყო, რადგან იმპიჩმენტის პროცედურის მხოლოდ წამოწყებას პარლამენტის წევრთა ერთი მესამედის ხელმოწერა სჭირდება, შემდგომ კი საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია (რაც ასევე ძნელად დასაჯერებელია), ხოლო პროცედურის ბოლომდე მიყვანა იმდენად რთულია, რომ ამის, ალბათ, არც იმათ სჯერათ, ვინც ამგვარ დაპირებებს იძლევა.


 

დასანანია, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ხალხს ამდენად მიამიტად მიიჩნევს და ამავე მიზეზით, ხალხი ორივეს უნდობლობით პასუხობს, რაც ოპოზიციის შიმშილობისას თვალსაჩინოდ გამოჩნდა. ამომრჩევლის იმედგაცრუება კარგს არაფერს მოასწავებს პოლიტიკური აქტორებისათვის, მაგრამ როცა ასარჩევად გაქვს საქმე, – საკუთარ ხალხს დაეყრდნო, თუ დასავლეთს, რომლის თანხმობის გარეშეც რევოლუციის დაწყებას ვერ ბედავ, – როგორც ჩანს, ამომრჩეველი წაგებისათვის არის განწირული.