ქართველი ჟურნალისტები რომ უსაქმურები, უვიცები და უზრდელები არიან - ეს დიდი ხანია ცნობილია.
ამ ორი წლის წინ კი, თვით საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, თანაც ვენეციის კომისიის 20 წლის იუბილეზე, საკმაოდ მაღალი ტრიბუნიდან: ქართველი ჟურნალისტები "აგრესიულები და საძაგლები" არიანო.
როგორც მაშინვე ვთქვი იმდროინდელ "პროვოკაციაში", "აგრესიულები" - ძალიან "მორიდებული" და კორექტული თარგმანია სიტყვისა - nasty, რაც ფაქტობრივად, შინაარსობრივად, იმავეს ნიშნავს, რასაც - ჩათლახი. ერთი სიტყვით, პრეზიდენტმა შუაგულ ევროპაში ჩათლახები გვეძახა და მეგონა, ამაზე მეტად არანაირი შეფასება აღარ გამაკვირვებდა, მაგრამ აგერ შაშკინმა ქართველ ჟურნალისტთა კიდევ ერთი თვისება "აღმოაჩინა": მარაზმატიკები ვყოფილვართ...
ახლა ის ვთქვათ, თურმე რატომ ვართ მარაზმატიკები: გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი დიმიტრი შაშკინმა თანამდებობიდან 28 მაისს მოხსნა "პრინციპული პოზიციების შეუთავსებლობის" გამო. მარაზმატიკმა ჟურნალისტებმა კი იფიქრეს, მიმინოშვილი იმიტომ მოხსნეს, მისი შვილი "ქართული ოცნების" აქციას რომ დაესწრო, ხოლო მისმა ძმამ ტელეფონით უცხოეთიდან ივანიშვილის პრესსპიკერს რომ მიულოცა და თანადგომა გამოუცხადაო...
საერთოდ, ძალიან მწყინს, რომ მინისტრმა, თანაც განათლების მინისტრმა, ტერმინების მნიშვნელობა არ იცის.
ა, ბატონო, განმარტებითი ლექსიკონიდან:
მარაზმი (გკ. Marasmos) "მოუძლურება", "მოშვება"
1. ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური მოქმედების სრული დაქვეითება მოხუცებულობის, ან ხანგრძლივი ქრონიკული ავადმყოფობის შედეგად.
2. (გადატ.) უილაჯობა, უუნარობა (მეცნიერებაში, ხელოვნებაში, პოლიტიკაში და სხვ.).
ამ ორი მნიშვნელობიდან რომელს გულისხმობდა შაშკინი - პირდაპირს (1), თუ გადატანითს (2), არ ვიცი, მაგრამ მე მგონია, რომ დღეს "საყველპურო" საუბარში გავრცელებული მნიშვნელობით, მარაზმი ის კი არ არის, რასაც ჟურნალისტები ამ "საკადრო ცვლილებების" შესახებ ამბობენ, არამედ ის, რომ რევოლუციის (თუ რაც იყო) შემდეგ პირველი განათლების მინისტრი სიტყვა "ბავშვს" ვერ წერდა დაფაზე უშეცდომოდ; მეორე მინისტრის ერთადერთი დამსახურება განათლების სისტემის წინაშე, კომუნისტების დროს მარქსიზმზე დაცული დისერტაცია და უკანასკნელი არჩევნების ეგზიტპოლებით "გაპრავება" იყო; მესამე მინისტრი მინისტრობის შემდეგ პირდაპირ ამერიკაში წავიდა სასწავლებლად (განათლების მინისტრი! სასწავლებლად!) და ახლაც იქ "სწავლობს"; მეოთხე და, ჯერჯერობით ბოლო მინისტრი კი - ამ თანამდებობაზე პირდაპირ ციხეების უფროსობიდან გადმოიყვანეს!
აი, ამხ. დ.შაშკინ! ეს არის მარაზმი! არა, "ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური მოქმედების სრული დაქვეითებისგან" (1-ლი მნიშვნელობა იხ. ზევით) ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ თქვენ რა აზრითაც ჟურნალისტებს უწოდეთ მარაზმატიკები, ის მარაზმი სწორედ ეს - მინისტრების როტაცია გახლავთ.
ჰოდა, რახან ეს საინტერესო თემა წამოჭრა ამხ. დ. შაშკინმა, მოდი, გასულ კვირაში მომხდარი სხვა "მარაზმები" გავიხსენოთ (აწი ერთი ფასი აქვს): მარაზმი იყო ქუთაისში გამართული "ბასტი-ბუბუ", პარლამენტის შენობის გახსნიანად; პარლამენტის ქუთაისში გადატანა პრეზიდენტმა ამირანის მიერ ღმერთებისათვის ცეცხლის წართმევას რომ შეადარა (ეგ პრომეთე იყო, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი ამირანი ნათლიამისმა (ღმერთმა) სხვა თავხედობისთვის დასაჯა); მარაზმი იყო ნაც-ტელე-სამების მტკიცება, - "ქართული ოცნების" აქციაზე 30-40 ათასი კაცი იყოო; მარაზმი იყო ის კადრები, რომლებშიც ჩანდა, როგორ მოჰყავდათ ხალხი ქუთაისში აღლუმის საყურებლად; მარაზმი იყო ექიმებისა და მასწავლებლების შეკრება რესტორნებსა და კლუბებში მთავრობის წევრების მიერ; მარაზმი იყო ერთ-ერთი რაიონის გამგეობაში ჩატარებული თათბირის ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც "განდობილ პირებს" არჩევნებისთვის ინტრუქციებს აძლევდნენ...
მოვრჩი. არაფერს ვამბობ 27 მაისის აქციაზე - ეგ მერე გამოჩნდება, იყო თუ არა მარაზმი. ისე, "ბიძინა-ბიძინა"-ს ძახილი რომ მაშინვე მიაჩუმეს ორგანიზატორებმა, და აქციაც რომ მალე და ცივილიზებულად დაიშალა, იმედს მაძლევს...
P.S ვნერვიულობდი - მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკა გამომდის-მეთქი და აჰა, ვამთავრებდი წერას და იქითაც "მიამარაზმეს": შე დალოცვილო, დილას ამბობ, პოლიტიკაში არ ვერევიო, მე ჩემს საქმეს ათიანზე ვაკეთებდიო (არავინ კამათობს ამაზე); სრული მოულოდნელობაა ჩემთვისო... და შუადღიდან უკვე "ბიძინა ბიძიასთან" ზიხარ რამდენიმესაათიან აუდიენციაზე?..
ახლა, რომ მომიბრუნდეს შაშკინი და მითხრას: შე მართლა მარაზმატიკო, ხომ გეუბნებოდი, მაგ ქალბატონთან პრინციპული უთანხმოება გვქონდა, არ იყო "ჩვენიანი" - ხან ელჩობა შევთავაზეთ და ხან სხვა, უკეთესი სამსახური და მაინც კრიჭაში მედგა, ასე ხმაურით უნდოდა ბიძინასთან გაქცევაო, - რა ვუპასუხო?!