"ქართული ოცნების" ოფისი დედოფლისწყაროშიც დაარბიეს

"დედოფლისწყაროს "ქართული ოცნების" ოფისი დაარბიეს. ინციდენტი კოალიციის წევრების: კახა კალაძის, ზურაბ ზვიადაურის, ბიძინა გუჯაბიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, ლაშა ჩხარტიშვილისა და ვახტანგ ხმალაძის რაიონში ჩასვლამდე მოხდა, რომლებიც იქ მოსახლეობასთან შესახვედრად გაემგზავრნენ. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სამართამდამცველებმა და სოფლის რწმუნებულმა მოსახლეობა დააშინეს, რათა შეხვედრას არ დასწრებოდნენ, ამიტომ ბევრმა მისვლა ვერ გაბედა. ამის მიუხედავად, დედოფლისწყაროს კულტურის სახლში დამართულ შეხვედრას დაახლოებით 200-მდე ადამიანი მაინც დაესწრო", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით დედოფლისწყაროში "ქართული ოცნების" ოფისი დაარბიეს / "მოსახლეობა საკუთარი სახლებიდან გამოჰყავდათ და აშინებდნენ, რომ არ მოსულიყვნენ შეხვედრაზე".

"დედოფლისწყაროში შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის პირდაპირი დაშინება მიმდინარეობდა, რათა არ მოსულიყვნენ. ეს ყველაფერი განსაკუთრებულად გამწვავდა ბოლო დღეებში - მოქალაქეები საკუთარი სახლებიდან გამოჰყავდათ და ისე აშინებდნენ. ზეწოლა ხდებოდა რაიონის კუდ-ისა და გამგეობის თანამშრომლების მხრიდან. ამ ყველაფრის მიუხედავად ხალხი მაინც მოვიდა და კულტურის სახლი გაავსო, ძალიან კარგი შეხვედრა გამოვიდა და რაც მთავარია, მოსახლეობა ამ შეხვედრით კმაყოფილი დარჩა... მოსახლეობას აშინებდნენ ადგილობრივი კუდ-ის თანამშრომლები, პოლიციის უფროსი, მისი მოადგილე, რომლის გვარი არ მახსოვს და ასევე რაიონის გამგებლის მოადგილე. გამგეობის თანამშრომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ საქმეში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილი.

"ოფისის დარბევის შესახებ ინფორმაცია გადავამოწმეთ და ეს სიმართლეს შეესაბამება - დარბევა შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა, ჩაამსხვრიეს მინები. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ საქმე აღძრა, იმედი არ მაქვს, რომ ობიექტურად გამოიძიებენ ინციდენტს. დიდი ალბათობაა, რომ ეს ყველაფერი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ იყოს ჩადენილი. საინტერესოა ის, რომ ადგილობრივი პოლიციისა და გამგეობის თანამშრომლები საშინლად მოქმედებენ. საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ არნახულ სისასტიკეს იჩენენ და აშინებენ. ამ კუთხით დედოფლისწყაროში ძალიან ცუდი სიტუაციაა. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ მიმართ მოსახლეობის განწყობა უფრო იმატებს, ხოლო ხელისუფლების მიმართ აქვთ საშინელი აგრესია. დედოფლისწყარო წლების განმავლობაში მიტოვებული იყო, სახელმწიფო სრულ იგნორირებას უკეთებდა, იქ არაფერი არ კეთდებოდა, გარდა მცირე სამუშაოებისა. ამის ფონზე მოსახლეობის განწყობა ადეკვატურია, მათ ხელისუფლების არ სჯერათ", - დასძენს ირაკლი ღარიბაშვილი და შეკითხვას - "საუბარია, რომ თქვენ კენჭს სწორედ დედოფლისწყაროში იყრით, ამ შეხვედრაზე ხომ არ გადაწყდა ეს საკითხიც?" - პასუხობს:

"ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, თუმცა გამორიცხული არ არის, ამჯამად კონსულტაციები მიმდინარეობს".