სანკტ-პეტერბურგის გარეუბანში დასრულდა ევროკავშირ-რუსეთის სამიტი, რომლის დღის წესრიგის მთავარ საკითხს ევროკავშირ-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობა და ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა წარმოადგენდა. სამიტის ყურადღების ცენტრში იყო ასევე სირიის კრიზისი, რასთან დაკავშირებითაც რუსეთსა და დასავლეთს შორის, საერთო შეშფოთების მიუხედავად, კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.
ევროკავშირის ლიდერები, რომლებიც ევროკავშირ-რუსეთის სამიტზე სანკტ-პეტერბურგის გარეუბანში შეიკრიბნენ, მოელოდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეცვლიდა დამოკიდებულებას რუსეთის მრავალწლიანი მოკავშირის, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის მიმართ, მაგრამ სამიტის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა საერთოდ აუარა გვერდი სირიაზე საუბარს და ყურადღება ძირითადად რუსეთში მიტინგებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისა და ევრაზიული ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. პუტინის თქმით, უარყოფითად აისახება რუსეთის ეკონომიკაზე ვითარება ევროპაში, თუკი თავიდან არ იქნა აცილებული მოსალოდნელი რეცესია:
„რასაკვირველია, თუკი ყველაფერი ის, რაც ევროპაში ხდება, რეცესიით და ეკონომიკის შემცირებით დასრულდა, შემცირდება ენერგოპროდუქციისა და რუსეთიდან ექსპორტირებული სხვა მეტალურგიული, ქიმიური და სხვა პროდუქციის მოცულობაც და ეს პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს ჩვენზე. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები შეძლებენ თავი გაართვან ამჟამინდელ სირთულეებს.“
სირიის კრიზისს შეეხო ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვან რუმპე, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის აზრთა სხვადასხვაობა სირიის საკითხში სამიტის შემდეგაც დარჩა:
„ევროკავშირსა და რუსეთს შესაძლოა ჰქონდეთ გარკვეული განსხვავებები შეფასებებში, მაგრამ ჩვენ ვიზიარებთ აზრს, რომ ანანის გეგმა, მთლიანობაში, საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ გარდატეხა მოხდეს სირიაში მიმდინარე ძალადობის ციკლში, თავიდან იქნეს აცილებული სამოქალაქო ომი და გამოიძებნოს კონფლიქტის მშვიდობიანი, გრძელვადიანი გადაჭრის გზები. ამის მისაღწევად საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება და იმ საერთო პოზიციების მოძიება, რაშიც ვთანხმდებით.“
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვან რუმპეს გარდა, სანკტ-პეტერბურგის სამიტში მონაწილეობას ღებულობდნენ ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ და შადის ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი.
ეშტონმა, რომელმაც კვირას მოლაპარაკება გამართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, „რუსეთის როლს „მნიშვნელოვანი“ უწოდა ანანის გეგმის წარმატებისათვის. თუმცა რუსეთი, რომელიც ჩინეთთან ერთად ეწინააღმდეგება დასავლეთის მოწოდებებს, დაგმონ პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი, დაჟინებით იმეორებს, რომ ასადის გადაყენება არ უნდა იქცეს პოლიტიკური დიალოგის დაწყების წინაპირობად.
ასადის გადადგომას არც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თვლის ამოსავალ წერტილად. თუმცა 3 ივნისს, სტოკჰოლმში ვიზიტის დროს, ჰილარი კლინტონმა მიანიშნა, რომ სწორედ ასადის გადადგომა იქნება პოლიტიკური პროცესების განვითარების შედეგი სირიაში:
„მე მკაფიოდ განვმარტე, რომ არ შეიძლება იყოს საუბარი რაიმე შეხვედრაზე, თუკი მასზე კოფი ანანის გეგმის ყველა ელემენტი არ იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ ისეთ სტრატეგიაზე, რომელიც პოლიტიკურ ცვლილებას გულისხმობს. ასადის წასვლა არ უნდა იყოს წინაპირობა, მაგრამ ეს უნდა იყოს შედეგი, რათა სირიელ ხალხს თვითგამორკვევის შესაძლებლობა მიეცეს.“
კვირას, როდესაც პარლამენტს მიმართავდა, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა სირიის განხეთქილებაში „საერთაშორისო ჩარევა“ დაადანაშაულა და კვლავ გაიმეორა, რომ კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზა პოლიტიკური დიალოგია.