რა დამიშავა მიშამ?

რა დამიშავა მიშამ?

თავიდან მომწონდა ეს ენერგიული ახალგაზრდა. შევარდნაძეც კარგა გვარიანად მყავდა მობეზრებული. ვფიქრობდი, ნეტავ, მაგას ვინმე გაუშვებდეს და, ვინც გინდა, ის იყოს-მეთქი!

არც იმაზე მიდარდია მაინცდამაინც, წყნეთში რომ მეფარიძეს მიუვარდა _ ვიფიქრე, მიწებს თუ არიგებდა, ღირსია-მეთქი. მაშინ არც შემიმჩნევია, რომ თოფის ხმის გაგონებაზე თავის მომხრე ქალებს ამოეფარა (ეს კადრები 2008 წლის აგვისტოში, გორში რომ მიწაზე ფორთხავდა, მაშინ ამომიტივტივდა, მაგრამ რაღა დროს!). არც იმისთვის მიმიქცევია ყურადღება, რომ ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა; მარტო მოუსვენრობას კი არ ვგულისხმობ _ წელიწადზე მეტხანს არც ერთ თანამდებობაზე არ დარჩენილა. ეს ახლაა, პრეზიდენტის სავარძელს 8 წელი რომაა ჩაფრენილი და, 2015 წლამდე მაცადეთო, რომ გაიძახის!

არც იმან გამომაფხიზლა, პარლამენტში რომ შევარდა და გუშინდელ მამა-მარჩენალს «გადადექი, გადადექი!» უყვირა. წამსვლელი უნდა წავიდეს-თქო, ვფიქრობდი. მერე აღმოჩნდა, რომ იმ წამსვლელთან ერთად მეც და მთელი ჩემი თაობაც გადაგვაყენეს.
 პენსია ჯერ არ გვეკუთვნის, სამსახურში არავის ვჭირდებით, სამაგიეროდ, დენი მოგვცეს და გზები დაგვიგეს!

დენი მაშინ გიხარია, ქვითრის მოსვლის რომ არ გეშინია. ახლა ზედ ნაგავიც მიაბეს და გამოსავალი მხოლოდ ის გრჩება, ეს «მოყვანილი» დენი სულ არ ჩართო. გზები იქ დააგეს, სადაც თვითონ დადიან, მაგრამ არც ერთი მათგანი ტაძართან არ მიგიყვანს. თუმცა ამას ახლა ვხვდები, თავიდან მეც მჯეროდა, რომ საქართველოს ისტორია ახალი ფურცლიდან დაიწყო.
«ქვეყანაშია ფერები მუქი!» _ მღეროდა უცნობი შევარდნაძის დროს.

მერე და მერე ფერები კიდევ უფრო ჩამუქდა, მაგრამ უცნობიც და «ხალხზე გამარჯვებული ტელევიზიაც» ჯიუტად დუმდნენ. ტელეეკრანები პირდაპირ ეთერში დაპატიმრებებმა წალეკა. იჭერდნენ, ფულს ართმევდნენ, ისევ იჭერდნენ. ხან ერთ თანხას აცხადებდნენ და ხან მეორეს.

მაშინ მიხაროდა, თითქოს იმ ფულიდან რამე მრგებოდეს!

მერე ყუმბარასავით გასკდა ზურაბ ჟვანიას «გაზით გაგუდვის» ამბავი. ეჭვი როგორ არ გამიჩნდა, მაგრამ ამერიკელებს ვენდე. მათი დასკვნა ხომ ტელეეკრანზე ამიფრიალეს. ეჭვებს ხელი ავუქნიე და როცა ნაცნობმა მითხრა, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო დაითხოვეს სამსახურიდან, რაებს როშავ-მეთქი, ვუთხარი.

ცოტა ხანში მეც რომ მასავით ქუჩაში მიკრეს თავი, გულმა რეჩხი მიყო, მაგრამ ტელეეკრანებიდან ისევ მამუნათებდნენ, რომ დენი მოგვცეს და გზები დაგვიგეს. მეც გავჩუმდი.

დრო მიდიოდა, უნივერსიტეტები დაიპყრეს, ერთმანეთს პროფესორობა ჩამოურიგეს, სტუდენტები დაიმორჩილეს, ძველი პროფესურა კი პოლიციის ძალით გამორეკეს. ხო, სულ დამავიწყდა _ პატრული შექმნეს და თავიდან ერთობ ზრდილი ახალგაზრდები მოსახლეობაზე დაგეშეს. ეს ახლა მესმის, მაშინ კი მეც პატრულისთვის მადლობის გადახდით ვიტყავებდი ენას!

ქუჩაში გამოსული ხალხისთვის ცემა-ტყეპას არ იშურებდნენ და სულის ამოხდით გვემუქრებოდნენ, მაგრამ ამას დემოკრატიის სახელით აკეთებდნენ. ჯორჯ ბუშმა აკი «დემოკრატიის შუქურა» გვეძახა თავისუფლების მოედანზე! მეც დავიჯერე!

სააკაშვილმა დაიქადნა, თუ ჩემი მთავრობის რომელიმე წევრი გამდიდრდება, შემატყობინეთო, მაგრამ ყოველგვარი შეტყობინების გარეშე მილიონერად ქცეულ დედამისს ვერ ამჩნევს, ხოლო საკუთარი მთავრობის წევრებს დღემდე «გაღლეტილებს» უწოდებს. ისე მიმაჩვიეს «შევარდნაძის კორუმპირებულ მთავრობაზე» ხელის მიშვერას, რომ ესეც მჯეროდა! 

საბოლოოდ სანდრო გირგვლიანის შემზარავმა მკვლელობამ გამომაფხიზლა. თუმცა მანამდეც მოუკლავთ და მის შემდეგაც, მაგრამ ყველა დედას ირინა ენუქიძემ აჯობა. დღეს აღარც ის არის ცოცხალი. ახლა უკვე ვერც იმას ვიჯერებ, რომ მხოლოდ დარდმა მოკლა და არ დაეხმარნენ, მაგრამ ეს _ ახლა, მაშინ კი...

სანაქებო პატრულის მიერ დახოცილი ახალგაზრდების რაოდენობამ ასს, კარგა ხანია, გადააჭარბა.

«ნულოვანი ტოლერანტობა» მოქმედებს, ვანო მერაბიშვილი კი თავს იქებს, რომ ბოლო სამი წელი პოლიციელის ხელით არავინ მომკვდარა. ადრე დავიჯერებდი, ახლა არც ერთი სიტყვის აღარ მჯერა.

ციხეები გაივსო. კარი რომ აღარ იკეტებოდა, ახალი ციხეების შენება დაიწყეს. 300 მილიონი ჩაყარეს ამ საქმეში და ადგილები ისევ არ ჰყოფნით. ზოგს სახლი წაართვეს, ზოგს _ მიწა, ზოგსაც _ ბიზნესი. თავიდან მიხაროდა, «ქურდის ქურდი ცხონდა-მეთქი», _ ვფიქრობდი, მაგრამ, როცა თაბუკაშვილზე ხალხი საკუთარი ბინებიდან გამოყარეს და სახლი დაუნგრიეს, მაშინ მივხვდი, რაც ხდებოდა.

უკვე ბევრი რამ აღარ მომწონდა, მაგრამ ამერიკელების მჯეროდა. ისინი კი ისევ «დემოკრატიის შუქურას» გვეძახდნენ. 2008 წელიც მოვიდა. ასლან აბაშიძის უსისხლოდ წასვლის შემდეგ გათამამებულმა სააკაშვილმა ცხინვალში «კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა» გვამცნო და იმავე დღეს ისე სწრაფად გამოიქცა იქიდან, რომ გადასატანი ტრიბუნა და დროშები იქ დარჩა.

უკვე აღარ მჯეროდა მისი, მაგრამ, მე რომ ოპოზიცია მეგონა, იმათ მორატორიუმი გამოუცხადეს სააკაშვილს და ვიდრე სოხუმი და ცხინვალი რუსეთს არ ჩააბარა, ეს მორატორიუმი არ მოუხსნიათ. მეც გავჩუმდი.

არა, «სარკო, სარკო» აღარ მიძახია და არც წაგებულ ომში «გამარჯვება» მიზეიმია, მაგრამ ჯერაც ჩუმად ვიყავი. «რამდენიმე სოფელი დავკარგეთო», რაზეც თქვა სააკაშვილმა, იქიდან დევნილი ადამიანებით გაივსო დანარჩენი საქართველო. ეტყობა, თვალები დაეღალათ მათი ცქერით და სამ-სამჯერ გამოასახლეს დევნილები.

აღარ მჯეროდა, მაგრამ არ მინდოდა, «რუსეთის აგენტობა» დაებრალებიათ. ისევ გაჩუმება ვარჩიე. ამასობაში ენგურჰესიც რუსეთს მიჰყიდეს და თბილისის წყალიც. ვინ არის აგენტი?

ეკლესიაში სიარულით და ლოცვით მუხლები არ გადამიტყავებია, მაგრამ საბჭოთა დროსაც ვიცოდი, რომ მართლმადიდებლობა იყო ჩვენი ხსნა და თავშესაფარი. ახალმა ბოლშევიკებმა ისევ შეუტიეს ეკლესიას და ჯერ მკალავიშვილის სამაგალითო დაპატიმრებით დაიწყეს, ბოლოს კი მართლმადიდებლების საჩვენებელი დაპატიმრებებით დააგვირგვინეს.

ნეობოლშევიკებს ყველგან შეთქმულება ელანდებათ. ციხის კარი აღარ იკეტება. სადაცაა, იმასაც გვეტყვიან, რომ პატიმრები ჭყლეტის გამო იღუპებიან! ამასობაში «პრომეთე» ცეცხლს სტაცებს ღმერთებს და, ვინც დღემდე მოაღწია, ხელმისაწვდომ ჯანდაცვას ჰპირდება.

რა დამიშავა მიშამ?

აღარ კმარა?!

საშუალო სტატისტიკური ქართველი