საქართველოში განათლების დონისა და განათლების სისტემის რეფორმირების აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ია კუტალაძეს ესაუბრა.
- ქალბატონო ია, თქვენ და თქვენმა კოლეგებმა, რომლებიც გამოცდების ცენტრიდან მაია მიმინოშვილის გათავისუფლების შემდეგ პროტესტის ნიშნად წამოხვედით, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადეთ, რომ თქვენზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი ხორციელდება...
- ცენტრის თანამშრომლებზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმით ხორციელდება - მუქარა ოჯახის წევრების მიმართ, შანტაჟი, დაშინება და სხვა. კოლეგების უსაფრთხოების გამო, კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან თავს შევიკავებ.
- თუ შეგეხმიანათ სამინისტროდან ან ცენტრიდან ვინმე?
- ცენტრის ყოფილი თანამშრომლების მიერ მეორე პრესკონფერენციის ჩატარების შემდეგ, პირადად მე არავინ არ შემხმიანებია. რამდენადაც ვიცი, არც ჩემს კოლეგებს.
- გამოცდების ეროვნული ცენტრიდან წასული თანამშრომლები აცხადებდით, რომ მზად იყავით ცენტრის ახალი თანამშრომლებისთვის საქმეები გადაგებარებინათ. გადააბარეთ საქმეები თუ ეს შეთავაზებაც მიუღებელი აღმოჩნდა სამინისტროსა და გამოცდების ცენტრის ახალი ხელმძღვანელობისთვის?
- ახლა სწორედ გადაბარების პროცესში ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც გასულ წლებში, წელსაც გამოცდები შეუფერხებლად და წარმატებით ჩატარდეს. ჩვენ წლების მანძილზე ვქმნიდით ამ პროექტს და დიდი ენერგია შევალიეთ. ალბათ ამიტომაც, ყველაზე მეტად გული მასზე ჩვენ შეგვტკივა. მზად ვართ, კონსულტაცია გავუწიოთ ახალ თანამშრომლებს და საჭიროების შემთხვევაში, დავეხმაროთ მათ. გაცნობიერებული გვაქვს, რომ კვალიფიციური, გამოცდილი კადრების ასე სწრაფად მოძიება იოლი არ არის. თუმცა საგამოცდო ტესტები უკვე მომზადებულია და ინგლისში იბეჭდება. დარჩა ტექნიკური და ლოჯისტიკური მხარე.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რასაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ეფუძნებოდა, რაიმე საფრთხე არ დაემუქროს, ვგულისხმობ სამართლიანობას, ობიექტურობას, გამჭვირვალობას და ცხადია, კორუფციიისაგან თავისუფალ საგამოცდო სისტემას.
- მაია მიმინოშვილის განთავისუფლებასთან და ცენტრში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით უკვე ბევრი რამ ითქვა. თქვენ როგორ აფასებთ გამოცდების ეროვნული ცენტრში განვითარებულ პროცესებს და ახალ დირექტორად პოლიციის აკადემიის რექტორის ხატია დეკანოიძის დანიშვნას?
- კარგა ხანია, რიგ საკითხებზე მინისტრის პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის ხედვას შორის უთანხმოება არსებობს. ჩვენს აქტივობებთან, ახალ პროექტებთან დაკავშირებით იგი მინისტრთან ყოველთვის ღიად აფიქსირებდა თავის მოსაზრებებს, არგუმენტებს. თავად მაია მიმინოშვილი თანამშრომლებთან ხანგრძლივი დისკუსიებისა და აზრთა შეჯერების შემდეგ იღებდა გადაწყვეტილებებს. როგორც ჩანს, მინისტრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა განსხვავებული, პროფესიონალური აზრის მოსმენა.
ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება მაია მიმინოშვილის განთავისუფლების შესახებ მინისტრს დიდი ხანია მიღებული ჰქონდა. მისი შვილის ოპოზიციურ აქციაში მონაწილეობამ ეს პროცესი უბრალოდ დააჩქარა. თუმცა 28 მაისის გადაწყვეტილება სპონტანური, მოუმზადებელი იყო, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ მაია მიმინოშვილის განთავისუფლების პირველსავე დღეს, ცენტრში მოვიდა მინისტრი შაშკინი და ცენტრის დირექტორობა მიმინოშვილის მოადგილეს, სოსო გოგილიძეს შესთავაზა, რომელმაც ამ წინადადებაზე უარი განაცხადა. შემდეგ იმავე დღეს, ცენტრის ხელმძღვანელად შაშკინმა თავისი პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დანიშნა და ცენტრის თანამშრომლებს წარუდგინა. შემდეგ კი გაჩნდა მესამე კანდიდატურა - ხატია დეკანოიძე, რომელიც ცენტრს დღეს ხელმძღვანელობს. ამიტომაც ვვარაუდობ, რომ კონკრეტულად 28 მაისს, ამ გადაწყვეტილების მიღებას ბიძგი მაია მიმინოშვილის შვილის აქციაში მონაწილეობამ მისცა.
- დიმიტრი შაშკინმა ხატია დეკანოიძის გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად დანიშვნისას განაცხადა, რომ "დეკანოიძე ახალ ეტაპზე გაიყვანს განათლების სისტემას." პირადად თქვენ, გაქვთ იმის განცდა, რომ შაშკინის სიტყვები აღსრულებადია?
- თუ როგორ და რა იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს. შესაძლოა, ამ საკითხზე ჩემი პერსონალური აზრი მქონდეს, მაგრამ ამჯერად თავს შევიკავებ. მე მხოლოდ წარმატება შემიძლია ვუსურვო ცენტრის ახალ ხელმძღვანელს საქმიანობაში.
- თქვენი დეპარტამენტი მსოფლიოში მიღებული და აპრობირებული სტანდარტებით აწარმოებდა კვლევებს ქვეყანაში განათლების სისტემის მდგომარეობისა და განათლების დონის შესასწავლად. თქვენმა დეპარტამენტმა უკანასკნელ წლებში რამდენი კვლევა ჩაატარა და როგორი იყო კვლევის შედეგები?
- საქართველომ ოთხ საერთაშორისო კვლევაში მიიღო მონაწილეობა. პირველად, 2006 წელს ჩატარდა "წიგნიერების საერთაშორისო კვლევა" (PIRLS). ეს კვლევა 9-10 წლის მოზარდებში კითხვის/წაკითხულის გააზრების უნარს ამოწმებს. კითხვის უნარი სწავლის პროცესის საფუძველია - ბავშვი ჯერ სწავლობს კითხვას და შემდეგ კითხულობს იმისთვის, რომ ისწავლოს. ამ კვლევის ფარგლებში ხდება იმ ფაქტორების შესწავლა, რომელიც გავლენას ახდენს მოზარდის კითხვის უნარის განვითარებაზე და სასკოლო მიღწევაზე.
მეორე საერთაშორისო კვლევა, რომელიც 2007 წელს ჩავატარეთ, "მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების ხარისხის" დადგენაზე იყო ორიენტირებული (TIMSS). ამ კვლევაში 80-მდე ქვეყანა მონაწილეობდა, მისი საშუალებით შეფასდა მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეების ცოდნა მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში, ასევე, ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ამ საგნების სწავლების პროცესზე. ორივე კვლევა გარკვეული პერიოდულობით ტარდება. და მათ, ჩვეულებრივ, როგორც დიაგნოსტიკურ კვლევას, პრობლემების იდენტიფიცირებისა და განათლების პოლიტიკის დასაგეგმად იყენებენ. 2008 წელს ჩატარდა "მასწავლებელთა განათლების საერთაშორისო კვლევა" (TEDS-M).
2011 წელს კი, საქართველომ პირველად მიიღო "მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების კვლევაში" მონაწილეობა, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეში ცნობილია PISA-ს სახელით. ეს კვლევები ძალიან რეზონანსულია. კვლევის შედეგებს მთელი მსოფლიო ყურადღებით ელოდება. კვლევაში ჩართული ქვეყნები ეფექტურად იყენებენ კვლევის შედეგებს სწავლისა და სწავლების პროცესის სრულყოფისთვის.
- ხომ ვერ დააზუსტებთ, ამ კვლევების შედეგებით რა დადგინდა და დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით, რა ვითარება გვაქვს განათლების სისტემაში?
- ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენს საშუალო განათლების სისტემაში პრობლემებია, რომლებიც სერიოზულ ანალიზსა და მოგვარებას საჭიროებს. მაგალითად, PISA-ს კვლევაში 74 ქვეყანა მონაწილეობდა. ქართველმა მოსწავლეებმა მათემატიკაში 68-ე, ბუნებისმეტყველებაში 69-ე, ხოლო წიგნიერებაში (წაკითხულის გააზრება) 66-ე ადგილი დაიკავეს. სწორედ ამ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ საქართველო აღარ მიიღებს მონაწილეობას არც ერთ საერთაშორისო კვლევაში. ეს კვლევები საშუალებას გვაძლევდა გლობალურ კონტექსტში დაგვენახა და შეგვეფასებინა ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა. ამასთან, ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა კვლევის შედეგები ეფექტურად გამოგვეყენებინა სწავლისა და სწავლების პროცესის სრულყოფისათვის. სამწუხაროდ, სრულიად არაადეკვატური გადაწყვეტილება იყო მიღებული.
- კვლევების მიხედვით, განათლების დონით დაახლოებით რომელი ქვეყნების რიგში ვართ?
- მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების კვლევაში (TIMSS) ტრადიციულად ლიდერობენ აზიური ქვეყნები - სინგაპური, იაპონია, ჰონგ-კონგი. ჩვენ რეიტინგის ბოლო მეოთხედში ვართ და ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ალჟირი, საუდის არაბეთი, განა, სალვადორი, ბოსტვანა, კუვეიტი. სომხეთს ამ კვლევაში ბევრად უფრო კარგი შედეგი აქვს, ვიდრე საქართველოს. შაშკინმა საერთაშორისო კვლევებში საქართველოს მონაწილეობაზე უარი იმის გამო თქვა, რომ კვლევები ჩვენს საშუალო განათლების სისტემაში პრობლემების არსებობას ადასტურებდა
- თუ კვლევებით განათლების სფეროში საკმაოდ მძიმე ვითარება გვაქვს, ხელისუფლება რის საფუძველზე იწონებდა და ახლაც იწონებს თავს წარმატებული განათლების რეფორმითა და ამ სფეროში არსებული მიღწევებით?
- ეს კვლევები ნამდვილად აჩვენებს, რომ საქართველოს განათლების სისტემაში არსებობს სერიოზული პრობლემები, რომელთაც სჭირდება დაფიქრება, ანალიზი და რაციონალური სტრატეგიის შემუშავება იმისთვის, რომ შესაბამის სფეროში ვითარება გაუმჯობესდეს. მინისტრის მიერ გაცხადებულ მიღწევებზე კომენტარს არ გავაკეთებ.
- არავინ დავობს, რომ განათლების სისტემაში ბევრი რამ გაკეთდა - იგივე ერთიანი ეროვნული გამოცდები და ამ სფეროში აღებ-მიცემობის სამარცხვინო პრაქტიკის აღმოფხვრა. მაგრამ მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ განათლების სფეროში გადადგმული ნაბიჯები ან ბოლომდე გაუთვლელ-გაუაზრებელი იყო, ან პოლიტიკურ კონიუქტურას დაქვემდებარებული. თქვენ გამოცდების ეროვნულ ცენტში საკმაოდ საინტერესო პოზიციაზე მრავალი წელი იმუშავეთ და სწორედ თქვენგან იქნებოდა იმაზე პასუხის მოსმენა, თუ რა შეცდომები იყო დაშვებული რეფორმების გატარებისას და ახლა რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ რეფორმები არ შეჩერდეს და სწორად გაგრძელდეს?
- საგანმანათლებლო პოლიტიკის დაგეგმვისას ძალიან მნიშვნელოვანია არსებული ვითარების ანალიზი და პრიოიტეტების განსაზღვრა. როგორც მინისტრი ამბობს, ამჟამად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განათლების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს. თუ ასეთი გეგმა მუშავდება, მასში პრიორიტეტული სწავლების ხარისხი ამაღლება უნდა იყოს.
პირველ რიგში, ყურადღება უნდა გამახვილდეს მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე, სახელმძღვანელოების, სასწავლო პროგრამების დახვეწაზე, მასწავლებლის სოციალური სტატუსის ამაღლებაზე. საგამოცდო სისტემის რეფორმირებით პრობლემებს ვერ ვუშველით. მთავარია ძირეული პრობლემების გადაწყვეტა.