"ცხინვალში ასე გადავწყვიტეთ, რომ ლენინგორის ადმინისტრაციის უფროსი, რა თქმა უნდა, ოსი იქნება, მაგრამ მოადგილე ქართველი უნდა იყოს, რადგან ეს რაიონი ქართველებით არის დასახლებული", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის ერთ-ერთმა დეპუტატმა. "რეზონანსისთვის" სწორედ გუშინ გახდა ცნობილი, რომ ახალგორის დე ფაქტო გამგებლის პირველი მოადგილე სერგეი სანაკოევი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლებამდე სანაკოევი თავად აპირებდა წასვლის თაობაზე განცხადების დაწერას - როგორც ახალგორელებმა გვაცნობეს, ამის მიზეზი დე ფაქტო გამგებელ ჯემალ ჯიგკაევთან შეუთანხმებლობაა. ვის დანიშნავენ პირველ მოადგილედ - ამის დაზუსტება ამ დროისთვის მიმდინარეობს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "თუ გამგებელი უნდა იყოს ოსი, პირველი მოადგილე უნდა იყოს ქართველი" / ცხინვალში გადაწყვიტეს, რომ ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა ეთნიკური ნიშნით შეარჩიონ.
"დე ფაქტო ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ რაიონში არაერთი მსურველია. ესენი ძირითადად ის პირები არიან, რომლებიც ზაფხულში დე ფაქტო გამგებლის არჩევნებში მონაწილეობის სურვილსაც გამოთქვამენ: ვაჟა ჩიგოევი - დე ფაქტო გენპროკურორის, ახალგორელი მერაბ ჩოგოევის ძმა; იბრაგიმ სოკუროვი - წინაგარელი პრეტენდენტი, რომელიც იქ სოფლის მეურნეობას კურირებდა; ვასილ ხაჩიროვი - რომელიც ფართო საზოგადოებამ იმით გაიცნო, რომ გაზაფხულზე დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი იყო, თუმცა ხელმოწერების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო. ახალგორის ლეგიტიმური ხელისუფლების ადმინისტრაციის უფროს ზურაბ ფიცხელაურის თქმით, დე ფაქტო გამგებლის მოადგილედ ზუკა გელაშვილი ინიშნება - "გელაშვილი ადგილობრივია, წარმატებული, ჭკვიანი ადამიანია და ხალხისთვის ძალიან კარგი იქნება". გელაშვილი წეროვანში განთავსებულ ახალგორის ლეგიტიმური ადმინისტრაციის კანცელარიაში მუშაობს. თავად დე ფაქტო მმართველები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ", - აღნიშნავს გამოცემა.
"გამგებლის მოადგილეობა ბევრს სურს, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ვინ იქნება. ფაქტი ერთია, რომ მთავრობაში ნათქვამია - თუ პირველი კაცი ანუ გამგებელი უნდა იყოს ოსი, პირველი მოადგილე უნდა იყოს ქართველი. ანუ ცხინვალში ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ლენინგორის ადმინისტრაციის უფროსი ოსი, რა თქმა უნდა, იქნება. მაგრამ მოადგილე ქართველი უნდა იყოს, რადგან ეს რაიონი ქართველებითაც არის დასახლებული. გამგებელიცა და მოადგილეც დროებით დანიშნულები არიან, რადგან უკვე გადაწყვეტილია და იმედია არც შეიცვლება, რომ გამგებელს კი არ დავნიშნავთ, თვითონ ხალხი აირჩევს (სავარაუდოდ, ზაფხულში) იმას, ვინც თვითონ უნდათ. ამით "დაუსწრებელი" მუშაობა, ალან ჯუსოევის დროს რომ იყო, აღარ იქნება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დე ფაქტო პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატი.