"თბილისში გამოსვლების და პრესის აქტიურობის შემდეგ დაიხიეს უკან, მაგრამ ეს დროებითია"

"დავით გარეჯელის ხსენების დღეს, მისსავე სამონასტრო კომპლექსში მომლოცველებს პრობლემები არ შექმნიათ. სასულიერო პირებმა ერთდროულად 10 წირვა აღავლინეს. მათ შორის იმ ტაძრებშიც, რომლებშიც რამდენიმე დღის წინათ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იდგნენ და ხალხს არ უშვებდნენ. მიუხედავად ამისა, ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ დავით გარეჯის დაკარგვის საფრთხე ისევ სერიოზულად დგას - მონასტერთან ახლოს სოფელი უდაბნოში, სადაც სულ 180 ადამიანი ცხოვრობს, ყველაზე კარგად იციან ის პერიპეტიები, რაც სასაზღვრო ზოლში ხდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით დროებითი უკანდახევა, თუ ურთიერთმისაღები კომპრომისი / რეპორტაჟი დავით გარეჯიდან.

"მონასტერში აქვთ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ კლდეში ნაკვეთ ტაძრებს იქით კიდევ 600 ჰექტარი საქართველოს საკუთრებაა. ჩიჩხიტურის კოშკი, რომელსაც ახლა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ, 4 წლის წინ ჩვენი იყო, მაგრამ მოვიდნენ და უნებართვოდ დაიკავეს. მთელმა სოფელმა იარაღი ავისხით და მესაზღვრეები იქიდან გავყარეთ, მაგრამ სახლებში ჩვენი პოლიცია მოგვივარდა - იარაღი საიდან გქონდათო. მაშინ პრემიერი ნოღაიდელი იყო და პატრიარქს დაჰპირდა, პრობლემა რამდენიმე დღეში მოგვარდებაო, მაგრამ 4 წელი გავიდა და კოშკი ისევ აზერბაიჯანელებს უკავიათ და ჩვენ ფაქტობრივად დავკარგეთ. მათ მესაზღვრეებს ხშირად ვედავები ხოლმე და მეუბნებიან, ცოტაც გვაცადეთ, მონასტრიდან ბერებს გავყრით და ჩვენ დავიკავებთო" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას უდაბნოს მკვიდრი ჯიმშერ ჩართოლანი.

"უდაბნოში მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სვანეთიდან სტიქიური უბედურებების დროსაა ჩამოსახლებული. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს. ადგილობრივები თავს ძირითადად მეცხოველეობისთ ირჩენენ და ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე ღარიბი სოფელი საქართველოში, რომელსაც წყალი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით აქვს. თითქმის ყველა ოჯახში "გლობალ ტივის" თეფშებია დამონტაჟებული, ამბობენ, რომ მხოლოდ "მაესტროს" იჭერენ. სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა გარეჯის მონასტრის მრევლია. ისინი ტურისტებს ხორცს და ღვინოს სთავაზობენ - "მიირთვით, თორემ ღვინის გარეშე ამ კლდეების გავლა გაგიჭირდებათ" - გვითხრა უდაბნოელმა ბაჩო იოსელიანმა - ის ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებიდან, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ მშობლიურ სოფელში დაბრუნდნენ და ამბობენ, რომ გარეჯის მონასტერს საკუთარი სისხლით დაიცავენ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ნაკურთხი ღვინისა და ხორცის მიღების შემდეგ კლდეებს ავუყევით, მეგზურობა ჯიმშერ ჩართოლანმა გაგვიწია. დავით გარეჯელის ცრემლების წყაროს მონახულების შემდეგ იმ მთაზე მივედით, სადაც წარსულში 6 000 ბერი დახოცეს, ახლა კი ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები პირისპირ დგანან. ადგილს უამრავი ტურისტი ნახულობს და მათი საუბრის თემა, რა თქმა უნდა საზღვარია. ყველა ქართველი თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს საზღვარი წლიდან-წლამდე ჩვენი ქვეყნის საზიანოდ იცვლება. ადამიანი იფიქრებს, რომ ორივე ქვეყნის მესაზღვრეები თავიანთი ხელმძღვანელობისგან ძალიან დაჩაგრულები არიან - არც ქართველ და არც აზერბაიჯანელ სამხედროებს არ აქვთ რამე ჯიხური, რომ მცხუნვარე მზეს შეეფარონ. თუმცა, შენობის დადგმა, როცა საზღვარი არაა, თავისთავად გამორიცხულია. ეს ადამიანები მთელ დღეებს უწყლოდ, მზესთან და გიურზებთან ერთად ატარებენ. ჯიმშერ ჩართოლანმა ყველა ის მონასტერი დაგვათვალიერებინა, რომლებიც 6 მაისს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაიკავეს, მაგრამ ადგილობრივებისა და ქართული პრესის აქტიურობის შემდეგ უკან დაიხიეს", - დასძენს გამოცემა.

"6 მაისს მამაომ გვითხრა, რომ ტაძარში არ შეუშვეს. მთელი სოფელი ბრძოლას ვაპირებდით. ტაძარში სულ კარტოფილის ნაფცქვენები და კონსერვის ქილები ეყარა. იმათ კომენდანტს ვუთხარი - წადი, თორემ ფეხებით ჩამოგკიდებ-მეთქი და მიპასუხა - ისევ შენი პოლიცია დაგიჭერსო - როგორც არ უნდა იყვიროთ, ეს საკითხი ზემოთ უკვე გადაწყვეტილი, ეს ტერიტორია ჩვენიაო. თბილისში გამოსვლების და პრესის აქტიურობის შემდეგ დაიხიეს უკან, მაგრამ ეს დროებითია", - დასძენს ჯიმშერ ჩართოლანი. 

"კლდეში ნაკვეთი ტაძრების ფერწერა უნიკალურ ნიმუშადაა აღიარებული, მაგრამ, სამწუხაროდ, თითქმის ყველა ფრესკას თვალები ან ამოთხრილი აქვს, ან თეთრი გაჯით ამოლესილი. ზოგი მათგანი დაფხაჭნილია. ჩვენი მეგზურის განმარტებით, ეს აზერბაიჯანელებმა ჩაიდინეს, თუმცა ფრესკებზე ქართველების კვალიც იგრძნობა, უფრო საბჭოთა პერიოდის - უნიკალურ ფრესკებზე ხშირად შეხვდებით იმ დროის წარწერებს. ადამიანების გარდა მონასტრებს კიდევ ერთი მტერი ჰყავს - დრო. წლების გასვლასთან ერთად პერიოდულად კლდეები იშლება, რაც ეკლესიებს საფრთხეს უქმნის", - წერს რეპორტაჟის ავტორი.