"27 მაისის მასშტაბური აქცია თავისი პლუს-მინუსებით "ქართულ ოცნებაში" ორი კაცის დაგეგმილ-შესრულებულია - ერთი კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგურია, მეორე კი ყოფილი ფორუმელი, ამჟამად ივანიშვილის პარტიის წევრი და მთელი კოალიციის რეგიონული სამსახურის უფროსი გელა ხვედელიძე. როგორც აღმოჩნდა, ხვედელიძე არა მხოლოდ აქციების ორგანიზებითა და რაიონებში "ოცნების" ოფისების აღებითაა დაკავებული, არამედ სახელმწიფო კომისიის უნდობლობის გამო, მოსახლეობის "კარდაკარის" მეთოდით ალტერნატიული აღწერის ერთ-ერთი ხელმძღვანელიცაა. კონკრეტულად, რა იგეგმება 7 ივნისს ქუთაისში, სად გაიმართება კოალიციის მესამე აქცია იმერეთის შემდეგ და როგორ აპირებს 10 000 ადამიანით 3 კვირაში ალტერნატიული "კარდაკარის" დასრულებას ამას გელა ხვედელიძე პასუხობს", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით "7 ივნისს ქუთაისში ხალხს იმერეთის ყველა რაიონიდან ჩავიყვანთ და და 50 000 კაციან აქცია ჩავატარებთ".
"საორგანიზაციო საკითხებში ჩემთან ერთად ირაკლი ჩიქოვანი, ზვიად ძიძგური, დავით უსუფაშვილი, მანანა კობახიძე, სოზარ სუბარი, ელენე იმერლიშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანია ჩართული. თბილისში უკვე ყველა შტაბი გახსნილი გვაქვს და კოალიციის გაერთიანებულ აქტივს ჭადრაკის სასახლეში ხშირად ვხვდებოდით 27 მაისის მოსამზადებლად. ამიტომაც გამოვიდა აქცია გაცილებით კარგი წინა წლებში ჩატარებულ ღონისძიებებთან შედარებით. ყველა რაიონში ყველა პარტიას ჰყავს თავისი პარტაქტივი, ისინიც ურეკავენ თავიანთ მხარდამჭერებს და ჩვენც გვაქვს იმის საშუალება, თითოეულმა კაცმა დამატებით, 10-15 ადამიანი მოიზიდოს. მე ვარ იპოდრომის, ასევე 13 იანვრის აქციის მონაწილე და შემიძლია გითხრათ, რომ 27 მაისს გაცილებით ბევრი ხალხი გამოვიდა. ჩემი აზრით გარეთ 200-დან 250 000-მდე ადამიანი იყო. რეგიონებშიც ძალიან დიდი მასშტაბის აქციას გავაკეთებთ, მაგრამ განსხვავება რაოდენობის მხრივ, ცხადია, მაინც იქნება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გელა ხვედელიძე.
"აუცილებლად იქნება ხელისშემშლელი ფაქტორებიც. ქუთაისის მუნიციპალიტეტში აქციაზე განაცხადი უკვე შეტანილია. ღონისძიების გამართვას ქალაქის ცენტრში, თეატრთან ვაპირებთ. აბა ახალ პარლამენტთან მიშამ უკვე ჩაატარა "პარადი" და... ყველა დეტალი ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა, მაგრამ იქნება შეხვედრა ადამიანებთან, გაჟღერდება ჩვენი ძირითადი მესიჯები, ასევე ხალხს ვეტყვით, სამომავლოდ რას ვაპირებთ. შესაძლოა, რაც თბილისში ნახეთ, იმისგან განსხვავებით ქუთაისში რაღაც სიახლეებიც იყოს. თუნდაც ის, რომ ფაქტობრივად მთელ იმერეთში ყველა ჩვენი მხარდამჭერი თავს ქუთაისში მოიყრის. ახლა დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ 50-60 000 კაცს ველოდებით, 50 ათასს ყველა შემთხვევაში - ვერ წარმოიდგენთ, ხალხს რა განწყობა აქვს იმერეთში. პირდაპირ ამბობენ, ჩამოვალთ და დავდგებით, რომ ხელისუფლებას ვაჩვენოთ, ვის მხარეზეც ვართო. ისიც ვიცით, რომ ხელისუფლება წინაააღმდეგობის გაწევას შეეცდება, მაგრამ არაფერი გამოუვათ", - აღნიშნავს კოალიცია "ქართული ოცნების" რეგიონული სამსახურის უფროსი.
"თითქმის ყოველი დღე ერთმანეთზე უკეთესია. სულაც არ ვფიქრობ, რომ ზაფხულის პერიოდში მუშაობის ტემპი დავარდება, პირიქით. ზოგადად, რეგიონებში კამპანია არჩევნებამდე გაგრძელდება მთელი ზაფხულის განმავლობაში. მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი კამპანიის ყველა მსხვილ აქციას პირადად დაესწრება, ისევე როგორც ყოველდღიურ შეხვედრებს ხალხთან. რაც შეეხება შემდეგ აქციას, შევხედავთ რა იქნება, მონახაზის დონეზე შემიძლია ვთქვა, რომ შემდეგი აქცია, შესაძლოა უფრო აღმოსავლეთ საქართველო იყოს. ეს მასშტაბური აქციები იმის მიხედვით ჩატარდება, სადაც უფრო სწრაფად მომწიფდება სიტუაცია და დასრულდება საორგანიზაციო სამუშაოები. თითქმის ყველა რაიონში უკვე ჩვენი შტაბია გახსნილი და შესაბამისი დავალებებიც გაცემულია. ოფისებით ჯერ 100%-იანი დაფარვა ნამდვილად არ გვაქვს - გასახსნელია 6 ოფისი და ესეც იმიტომ, რომ ხელისუფლება მაგრად გვებრძვის. დღე-დღეზე გაიხსნება კოალიციის ოფისი ბათუმში, ასევე ახალქალაქსა და ნინოწმიდაში. დარჩენილია ახალციხე, ასპინძა და ბოლნისი. პრინციპში ეს ყველაფერი გაიწელა - ყველას აშინებენ, ვინც ჩვენთან საიჯარო ხელშეკრულება შეიძლება გააფორმოს", - დასძენს გელა ხვედელიძე.
"სწორედ ახლა ვმუშაობთ "კარდაკარის" პროექტისთვის ხალხის მოძიებაზე, ჯგუფის დაკომპლექტებაზე. ჯერ ხალხის შერჩევა ბოლომდე არ დასრულებულა. ისე, ჩვენც დაახლოებით 11 000-მდე ადამიანი დაგვჭირდება აღწერის ჩასატარებლად. შეიძლება ცოტა მეტიც. ჩვენი "კარდაკარი" ალბათ, სადღაც ივნისის ბოლოს დაიწყება და ვვარაუფობ, რომ 2, მაქსიმუმ 3 კვირა დაგვჭირდება მთელი საქართველოს მასშტაბით. მერე ამ მონაცემებს დავამუშავებთ, თუმცა პრობლემებს აქაც ველოდებით, ალბათ სახლში არშეშვების მომენტები იქნება, შესაძლოა ჩვენს ხალხს ნამუშევრებიც კი წაართვან ან რომელიმე უბანზე ვინმემ დებოშის მაგვარი მოაწყოს", - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვას - "სახელმწიფო ბიუჯეტმა კომისიას 5 მილიონი ლარი გამოუყო ამ საქმისთვის, ივანიშვილის ბიუჯეტმა თქვენ რამდენი გამოგიყოთ?" - პასუხობს:
"მე არ ვიცი რამდენია გამოყოფილი, ფინანსური საკითხები არ მეხება"