სააკაშვილის ეკონომიკური ზღაპარი

სააკაშვილის ეკონომიკური ზღაპარი

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საქართველოს პრეზიდენტი ოპტიმისტურადაა განწყობილი. საკუთარი განწყობის მიზეზებზე პრეზიდენტმა Bloomberg-ის ეთერში ისაუბრა:

 

„წელს ჩვენ დაახლოებით 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ველით. ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზია. გაისად კი ეს მაჩვენებელი 7-8% იქნება. ვფიქრობ, ორ წელიწადში ჩვენ კვლავ ეკონომიკური ზრდის ორციფრიან ნიშნულს მივაღწევთ. რა თქმა უნდა, ეს ძირითადად უცხოური ინვესტიციების ხარჯზე მოხდება, რომელიც განსაკუთრებით უკანასკნელი ორი კვარტლის განმავლობაში გაიზარდა, ამიტომ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“.

 

სააკაშვილმა უცხოელი ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ გაზრდილ ინტერესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების დიდი ნაკადის შემოდინებას მოელის:

 

„ინვესტიციები შემოდის ტურიზმის, აგროკულტურის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკულ და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სექტორში. ყატარიდან ბევრი ინვესტიცია გვაქვს. ამ დღეებშიც რამდენიმე შეხვედრა მქონდა ქუვეითელ და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ბიზნესმენებთან და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა დავაინტერესოთ ისინი, მათთვის კი ეს დეჟავუა, ვინაიდან ჩვენ დღეს იმ პოზიციაში ვიმყოფებით, როგორშიც წლების წინ დუბაი იყო“.

 

თუმცა, პრეზიდენტის ოპტიმისტური მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარ მონაცემებთან შესაბამისობაში ვერ მოდის: საქსტატის ინფორმაციით, 2010 წლის პირველ ნახევარში საქართველოში სულ 273 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციაა შემოსული. წლის დასაწყისში მთავრობა 1,2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის შემოსვლას მოელოდა. მოგვიანებით, 1,2 მილიარდიანი საპროგნოზო მაჩვენებელი 750 მილიონამდე შემცირდა.

 

ხელისუფლება ცდილობს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიცია მოიზიდოს და ყოველი წლის დასაწყისში ინვესტიციების სავარაუდო მოცულობასაც ასახელებს. თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობის პროგნოზი არ მართლდება.

 

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება 2008 წლიდან დაიწყო. 2008 წელს საქართველოში 1 მილიარდ 564 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, მაშინ, როცა 2007 წლის მონაცემებით, უცხოური ინვესტიციების ოდენობა 2 მილიარდს აჭარბებდა. გასულ წელს კი საქართველოში რეკორდულად მცირე - 658,4 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა.

 

ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი დარწმუნებულია, რომ წელს ქვეყანაში, შარშანდელთან შედარებით, უფრო მეტი უცხოური კაპიტალი შემოვა. ბაინდურაშვილი საინვესტიციო პროცესების გააქტიურებას წლის ბოლოსკენ ვარაუდობს. ფინანსთა მინისტრი მარტო ქობულეთის „თავისუფალი ტურისტული ზონიდან“ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის მობილიზებას მოელის.

 

მთავრობის ოპტიმიზმს ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი იზიარებს. ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ 2010 წელი რეცესიიდან გამოსვლის პერიოდად უნდა ჩაითვალოს და შესაბამისად, ინვესტიციების და ეკონომიკური ზრდის პრეზიდენტისეული პროგნოზი სავსებით რეალურია:

 

„არსებობს კონკრეტული საინვესტიციო პროექტები: ფოთის ინდუსტრიული ზონა, თბილისში მიმდინარე დიდი მშენებლობები... მარტო „კავკასუს ონლაინს“ რამდენიმემილიონიანი ინვესტიციის განხორციელება აქვს დაგეგმილი. ამდენად, ინვესტიციების ზრდა მოსალოდნელია. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა, საქართველოსთვის მომავალ წელს 7–პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა სავსებით რეალურია“.

 

ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენრის ექსპერტი შოთა მურღულია მიიჩნევს, რომ საინვესტიციო ბაზრებზე გასვლისას ქვეყნის პირველი პირი ოპტიმისტური პროგნოზით უნდა წარდგეს, მაგრამ სასურველი რეალურში არ უნდა აგვერიოს:

 

„2011 წლის ბიუჯეტის პროექტით, ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4,5 პროცენტია. 8%-ანი ზრდის მოლოდინი რომ არსებობდეს, ის ბიუჯეტშიც აისახებოდა. რაც შეეხება ინვესტიციებს, წელს პირველ 2 კვარტალში იმდენად ცოტა ინვესტიცია შემოვიდა, რომ საპრივატიზებო გეგმის გადახედვა მოგვიხდა. თუ ამ მაჩვენებლებს 2007 წლის მონაცემებს შევადარებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინვესტიცია საერთოდ არც ხორციელდება. მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მეტი უცხოური ფული მოიზიდოს. ეკონომიკის სამინისტროც გააქტიურებულია და ყოველდღიურად საპრივატიზაციოდ ახალი ობიექტი გამოაქვს. თუმცა, პრივატიზება აუცილებელ ინვესტიციას არ გულისხმობს. ახლა საუბრობენ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ახალი ევრობონდების განთავსებაზე. თუ მთავრობა ახალი საგარეო ვალდებულებების ასაღებად ემზადება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სახელმწიფომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეკონომიკაში თანხების დაბანდება გადაწყვიტა“.

 

ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში ინვესტიციების სიმწირეს გლობალური კრიზისი და რუსეთ-საქართველოს ომის გამო შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა განაპირობებს. მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე გასულ წელს გლობალური ინვესტიციები 30 პროცენტით შემცირდა. თუმცა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადის შემცირებას გლობალური საფინანსო კრიზისის გარდა სხვა მიზეზებიც აქვს და ეს მიზეზები საერთაშორისო რეიტინგებში კარგად ჩანს.

 

მსოფლიო ბანკის კვლევაში – „ბიზნესის კეთება 2010“ ინვესტორთა დაცვის კრიტერიუმის მიხედვით საქართველო ორმოცდამეერთე პოზიციაზეა. რაც შეეხება, გადასახადების რაოდენობას და გადასახადების გადახდა-დაბრუნებისათვის საჭირო დროს, ამ მხრივ საქართველოს სამოცდამეოთხე ადგილი უკავია. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ამჟამად, საქართველოში თითქმის შეუძლებელია გონივრულ დროში დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა, ან ზედმეტად გადახდილი გადასახადის უკან დაბრუნება.

 

იმ კრიტერიუმის თანახმად კი, რომელიც კომერციული დავების მოსაგვარებლად საჭირო დროს, პროცედურებსა და ხარჯებს შეეხება, მსოფლიო ბანკის კვლევაში საქართველოს ორმოცდამეერთე ადგილი უკავია. ლეგალური სტრუქტურისა და კერძო საკუთრებაზე უფლებების დაცვის კომპონენტში საქართველომ საკმაოდ დაბალი შეფასება მიიღო „ფრეიზერის“ ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგშიც. ამ კომპონენტში მისი შეფასება გარდამავალი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. სამწუხაროდ, ეს ის თემებია, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლება არ აპელირებს. არადა, კერძო საკუთრების უფლებების და ინვესტორთა დაცვა ის კრიტერიუმებია, რომლებსაც უცხოელი ბიზნესმენები სკურპულოზურად აკვირდებიან.