"სახელმწიფომ თავიდანვე აიღო კურსი, რომ განათლება მთლიანად იყოს პოლიციის ხელში".

"განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ ხელმძღვანელად პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი ხატია დეკანოიძე დანიშნა. პროფესორ-მასწავლებლები ცალსახად აღნიშნავენ, რომ ამით მთელი საგანმანათლებლო სისტემის "პოლიციზაცია" მოხდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით განათლების სისტემის "პოლიციზაცია" / "სახელმწიფომ თავიდანვე აიღო კურსი, რომ განათლება მთლიანად იყოს პოლიციის ხელში".

"ხატია დეკანოიძემ კი კადრების შერჩევაზე ზრუნვა გუშინვე დაიწყო. მან ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამსახურიდან წასული კადრების ჩანაცვლების პროცესი დაწყებულია. ხოლო რაც შეეხება იმ თანამშრომლებს, რომლებმაც სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერეს, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მათი მომავალი გადაწყვეტილებები არ აინტერესებს - "ეს არის თავისუფალი ქვეყანა, ვისაც სურს შეუძლია დარჩეს, ვისაც არა - წავიდეს, მათი მოთხოვნა იქნება დაკმაყოფილებული. ისინი პროფესიონალი კადრებით ჩანაცვლდებიან, ამაში განსაკუთრებული ტრაგიზმი არ არის და ამ თემის პოლიტიზება უმართებულოა" - განაცხადა დეკანოიძემ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ჯგუფის ყოფილმა ხელმძღვანელმა თამაზ ჯოლოგუამ კი "რეზონანსს" განუცხადა, რომ ცენტრის ახალი დირექტორისგან ამგვარი განცხადება "ცუდად ენიშნა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ძალიან ცუდად მენიშნა ახალი ხელმძღვანელის პოლიციური სიმტკიცით ნათქვამი, რომ მას არ აინტერესებს იმ ადამიანთა ბედი, ვინც ეს ცენტრი შექმნა და ვინც აქამდე კეთილსინდისიერად ემსახურებოდა საქმეს. ეს არის, კიდევ ვიმეორებ, მტკიცე პოლიციური განცხადება და მე ვფიქრობ, სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია", - მიიჩნევს თამაზ ჯოლოგუა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრის პოლიციის აკადემიის თანამშრომლებით დაკომპლექტების შესახებ, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ამაზე საუბარი ადრეა, რადგან პოლიციის აკადემიაში ძალიან ბევრი საქმეა - "იმაზე საუბარი, რომ მთელი პოლიციის აკადემიას აქ წამოვიყვან, უხერხული და ბავშვურია. ალბათ იქნება რამდენიმე ადამიანი, რომლებიც პროფესიონალები არიან, თუმცა ამაზე მოგვიანებით შეიტყობთ"- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ. თუმცა პროფესორები და საგანმანათლებლო სისტემაში მომუშავე პირები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი კადრების დაკომპლექტებას მართლაც ასე აპირებს", - დასძენს გამოცემა.

"ვიდრე პოლიციის აკადემიის ყოფილ რექტორს დანიშნავდნენ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორად, მანამდე, მოგეხსენებათ განათლების მინისტრად ციხეების უფროსი შაშკინი დანიშნეს - ასე არ არის? მისი მოადგილე რომ არის, კოკა სეფერთელაძე, შაშკინმა ესეც სასჯელაღსრულებიდან მოიყოლა ისევ მოადგილედ. პოლიციის ყოფილ რექტორს, როგორც მე გავიგე თავისი ხალხი მოჰყავს სამუშაოდ. სკოლებში, მოგეხსენებათ მანდატურები არიან. მეტი რაღა გინდათ, ფაქტობრივად მოხდა მთელი განათლების სისტემის "პოლიციზაცია". გასაკვირი ჩემთვის აქ ნამდვილად არაფერია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პროფესორი ჯემალ მებონია.

"ეს არის პოლიციური სახელმწიფო და ამაში გასაოცარი ნამდვილად არაფერია. სახელმწიფომ თავიდანვე აიღო კურსი, რომ განათლება მთლიანად იყოს პოლიციის ხელში. პოლიციაში ნამუშევარი ასეთი გამოცდილი კადრებით თანდათანობით მოხდება ჩანაცვლება და ასე გააგრძელებენ, თუ, რა თქმა უნდა, დასცალდათ", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ქართული აკადემიის" წარმომადგენელი, პროფესორი თემურ ნანეიშვილი.