27 მაისი - აისი და დაისი

27 მაისი - აისი და დაისი

27 მაისს ბიძინა ივანიშვილმა დიდ წარმატებას მიაღწია. აქცია თბილისში მონაწილეთა რაოდენობით, განწყობით, შემართებით, ფსიქოლოგიური ეფექტით, რომელიც მან მოახდინა, უპრეცედენტო თუ არა, გამორჩეული ნამდვილად იყო. ეს მატჩი «ქართულმა ოცნებამ» ხელისუფლებას ისევე პირწმინდად მოუგო, როგორც არგენტინამ _ იამაიკას (5:0) 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რაზეც მოგვიანებით მეტად დასამახსოვრებელი სიმღერა დაიწერა. თუმცა იყო მნიშვნელოვანი სხვაობაც: მაშინ, «პარკ დე პრენსის» გაზონთან გასწორებული, მაგრამ ვაჟკაცურად მებრძოლი იამაიკის ნაკრების მიმართ მაყურებელი აშკარა სიმპათიას გამოხატავდა, ხელისუფლებისთვის კი 27-ში ტაში არავის დაუკრავს.

ეს არ იყო ფინალი და მეოთხედფინალიც კი; 27 მაისის აქცია მხოლოდ დასაწყისია. ახლა კრიტიკული მნიშვნელობა იმ ღონისძიებას ენიჭება, რომლის გამართვას «ქართული ოცნება» 7 ივნისს ქუთაისში გეგმავს. იქ ხელისუფლება, სავარაუდოდ, ერთგვარი რევანშის აღებას შეეცდება და გამორიცხული არაა, უხეშ პროვოკაციებს მიმართოს. ფსონი ძალზე დიდია, თუ ქუთაისის აქცია ასეთივე შთამბეჭდავი იქნება, ეჭვქვეშ დადგება სახელისუფლო მითოლოგიის ერთ-ერთი ცენტრალური იდეა იმის თაობაზე, რომ, დედაქალაქისგან განსხვავებით, რეგიონები მხარს სააკაშვილს უჭერენ.

ფსიქოლოგიას ვერსად გავექცევით, თითოეული წარმატებული გამოსვლა არა მხოლოდ აძლიერებს გამარჯვების რწმენას ივანიშვილის მხარდამჭერებში, არამედ თავისებური ტარანის როლსაც ასრულებს, რომელიც სახელისუფლო ციხესიმაგრის კედელს ურტყამს და მასში ბზარებს აჩენს. თუ ასე გაგრძელდა, ადრე თუ გვიან (2-3 თვე) ეს კედელი ჩამოიშლება, ამიტომ ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს, რათა ივანიშვილის მარშს რეგიონებში წინ აღუდგეს. ის, სავარაუდოდ, შეეცდება, მას უსიამოვნო სიურპრიზი მოუმზადოს და, ვინაიდან სტრატეგიის სიბრტყეში ჯერჯერობით ვერაფერს უხერხებს, ტაქტიკური იმპროვიზაცია, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება აიძულოს, იმ იმედით, რომ ივანიშვილი შეცდომას დაუშვებს.

შეუძლიათ თუ არა მათ რაიმე მოულოდნელი მოაწყონ? ერთის მხრივ, ივანიშვილს, ძალიან დიდი ალბათობით, ჰყავს არაერთი ინფორმატორი ხელისუფლების მაღალ და საშუალო რგოლებში, ამ ქსელის წინასწარი გამართვის გარეშე, ხელისუფლებისთვის ბრძოლის დაწყება მეტად წინდაუხედავი იქნებოდა. ამასთანავე, საკმაო ინფორმაცია ხელისუფლების ზრახვების შესახებ ამერიკელი პარტნიორების ხელში ხვდება, მართალია, მათ ივანიშვილის 100%-იან მოკავშირეებად ვერ ჩავთვლით, მაგრამ ისინი, სავარაუდოდ, შეეცდებიან, დაბლოკონ ოპოზიციასთან სასწრაფო ანგარიშსწორების მანიაკალური გეგმა, რომელიც შეიძლება სააკაშვილის თავში აღმოცენდეს, განსაკუთრებით კი საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტის (5 ივნისი) მომდევნო დღეებში, რათა თავიდან აიცილონ საუბარი «მწვანე შუქის ანთებაზე», რომელიც შარშან 26 მაისის აქციის დარბევის და აშშ-ის ელჩის _ ჯონ ბასის შესაბამისი განცხადების შემდეგ დაიწყო. ასე რომ, ხელისუფლების სამზადისი შეუმჩნეველი ნებისმიერ შემთხვევაში არ დარჩება, თუმცა სრული გარანტია იმისა, რომ 7 ივნისს ქუთაისში ან «ქართული ოცნების» მომდევნო რეგიონული აქციების დროს (მაგალითად, ბათუმში) სააკაშვილი რაიმე გამორჩეულად ცუდს არ ჩაიდენს, ცხადია, არ არსებობს. 

ერთი, მითუმეტეს რეგიონული, მიტინგის დარბევა ოპოზიციას ვერ დაამარცხებს, მეტიც, გააძლიერებს მას; თუ ხელისუფლება ამ გზაზე პირველ ნაბიჯს გადადგამს, შემდგომ საკუთარი თავის გადარჩენისთვის პროტესტის ტოტალური ჩახშობა და მასშტაბური რეპრესიების დაწყება მოუწევს. ამის გაკეთება არჩევნების წინ სრული უგუნურებაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე მიხეილ სააკაშვილთან გვაქვს, რომელიც თავის მოქმედებაში ძალიან უცნაური ლოგიკით ხელმძღვანელობს. ძნელი წარმოსადგენი არაა, რა გრძნობა დაეუფლა მას, როდესაც 27 მაისს თბილისის ქუჩებში დემონსტრანტების ზღვა იხილა; ახლო მომავალში მას შეიძლებმა ნერვებმა უმტყუნოს. სხვათა შორის, ხელისუფლების კულუარებიდან გამოსული დაუზუსტებელი ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილის გარემოცვაში სრული სერიოზულობით განიხილებოდა 27 მაისის აქციის დარბევის სცენარი, რომლის საბაბიც მომიტინგეთა რიგებში შეგზავნილ პროვოკატორებს უნდა შეექმნათ. ეს სახიფათო იდეა, როგორც ჩანს, ხელისუფლების წიაღშივე დაიბლოკა, თუმცა არავინ იცის, გაიმარჯვებს თუ არა კეთილგონიერება მომავალშიც.

დედაქალაქში დემონსტრანტების ამხელა მასისთვის ხელის ხლება ხელისუფლებისთვის ძალზე საშიშია, ეს შეიძლება ყოვლისმომცველი არეულობითა და რევოლუციითაც კი დასრულდეს. ამას თავი რომ დავანებოთ, დასავლელი პარტნიორები სააკაშვილს, როგორც მინიმუმი, ვერ გაუგებდნენ. თუმცა რეგიონებში, სადაც ყველაფერი თითქოსდა «თვალს მიფარებულია» და მიტინგებზე (თბილისთან შედარებით) ნაკლები ხალხი მივა, სააკაშვილმა შეიძლება ცდუნებას ვერ გაუძლოს. დღეს ის მოწადინებულია საკუთარი ძლიერების დემონსტრირება მოახდინოს, ასეთ დროს კი მისი ფანტაზია სადამსჯელო აქციების ჩატარების იქით, როგორც წესი, არ მიდის.

სიმეტრიული პასუხის გაცემა სააკაშვილს არ შეუძლია. საბიუჯეტო ორგანიზაციებში სრული მობილიზაციის ჩატარებითა და რეგიონებიდან პარტაქტივისტების ჩამოყვანით მან, იდეაში, შეიძლება ხალხმრავალი მიტინგი მოაწყოს (არის ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნოდ სტადიონის გავსებას გეგმავენ), მაგრამ ამ «ნაცმობილიზაციას» იმდენი მამხილებელი სკანდალური ვიდეოჩანაწერი და «მხარდამჭერების» აღიარება მოჰყვება, რომ სიტუაცია ანეკდოტური გახდება და სააკაშვილს კიდევ ერთხელ მოუწევს იმის მტკიცება, რომ «ეს ხალხი ძალით არავის მოუყვანია». საზოგადოების განხილვის საგნად ისევ გადაიქცევა არა საკუთრივ ღონისძიება, არამედ «იძულება მხარდაჭერისადმი». სხვათა შორის, ამას წინათ საინტერესო ექსპერიმენტი ჩავატარე და ოციოდე ადამიანს ვკითხე, ნახეს თუ არა ფოტო თბილისის მერიის მიერ გამოცემული ჟურნალიდან, სადაც სააკაშვილთან შეხვედრაზე მისული (მიყვანილი?) ადამიანების ორი ჯგუფი «ფოტოშოპით» გაამრავლეს (ეს «ამბები.ჯე»-ს ჟურნალისტმა აღმოაჩინა), რათა შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ ბელადი ხალხმხრავალი თავყრილობის ფონზე დგას. მათ, ვინც დადებითად მიპასუხა, ვკითხე: «რას აკეთებდა ამ დროს სააკაშვილი, ვის ხვდებოდა, რა თქვა, რა ეცვა, რა ეწერა ფოტოს ქვემოთ?». პასუხი ვერავინ გამცა, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ფოტომანიპულაციის გამაოგნებელმა სიყალბემ ყველაფერი დანარჩენი გადაფარა. სააკაშვილის მიერ მრავალათასიანი მიტინგის ჩატარების მცდელობა, ალბათ, დაახლოებით ასეთ ეფექტს გამოიწვევს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება, თუ რა მეთოდებით ხდებოდა სტატისტების მობილიზება.

მადლობა უფალს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ადამიანის კლონირების ტექნოლოგიას არ ფლობს, ზომბების გაცოცხლება კი მხოლოდ არჩევნების დღეს შეუძლია.

გავითვალისწინოთ ისიც, რომ მთავარი მიზნობრივი აუდიტორია სააკაშვილისთვის დღეს მისი მხარდამჭერები არიან, რომელთაც მომავლის იმედი შეერყათ. მათი თავმოყრა სტადიონზე სააკაშვილს სასურველ შედეგს ვერ მოუტანს, ისევე, როგორც საკუთარი პარტიის შიგნით «მერყევთა» დევნის დაწყება, რადგან ამან შეიძლება მისი ფარდობითი მდგრადობა შეიწიროს. სააკაშვილს, პრაქტიკულად, არ აქვს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ არჩევნებამდე რაიმე ფორმით უჩვენოს «გამარჯვება ივანიშვილზე» თავის მხარდამჭერებს, რომლებზეც «ქართული ოცნების» კამპანიის სტარტმა დამთრგუნველი ზემოქმედება მოახდინა. იმის ალბათობა, რომ ამის მიღწევას ძალისმიერი აქციის მეშვეობით შეეცდება, საკმაოდ მაღალია.

გამორიცხული არაა, ამის გაკეთება სწრაფად სცადოს, რადგან დაახლოებით 3 თვეში ჩვენ შეიძლება მეტად საინტერესო პროცესის მომსწრენი გავხდეთ. ამ დროისთვის «ქართულ ოცნებას» უკვე «დადებული» ექნება პროგრამა, მოხდება მისი გაშლა კონკრეტულ, დასამახსოვრებელ დაპირებებად და ლოზუნგებად და ის საყოველთაო განხილვის საგანი გახდება. პარალელურად მოხდება იმ განწყობის მაქსიმალური გაღვივება, რომელსაც შეიძლება პირობითად «გამარჯვების რწმენა» ვუწოდოთ. სავარაუდოდ, ამ დროს ხელისუფლების ქვედა და საშუალო ბევრ წარმომადგენელში ოპოზიციის მხარეს გადასვლის სურვილი იმძლავრებს, თუმცა შიშის დასაძლევად მათ გარკვეული ბიძგი, სხვისი მაგალითი დასჭირდებათ. გამორიცხული არაა, რომ სწორედ ამ მომენტში ხელისუფლების შიგნით «პოლიტიკური ნაღმების» აფეთქება დაიწყება, კერძოდ კი _ სააკაშვილისგან იმ ჩინოვნიკების წასვლა, რომლებსაც მასთან განშორება უკვე გადაწყვეტილი (და შეთანხმებული?) აქვთ, თუმცა ამას მოგვიანებით, ყველაზე კრიტიკულ მომენტში გააკეთებენ, რათა მმართველი ძალის შიგნით უშუალოდ არჩევნების წინ სრულმასშტაბიანი რღვევა დაიწყოს. ვინ იცის, რას გააკეთებენ ხვალ ის ადამიანები, რომლებიც დღეს მშვიდად სხედან თავიანთ კაბინეტებში სააკაშვილის პორტრეტის ქვეშ. ჩემი მიზანი სულაც არ არის «ნაციონალურ მოძრაობის» შიგნით კუდიანებზე ნადირობის პროვოცირება, თუმცა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ამ აქტივის გამოყენება დღემდე საერთოდ არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ (თუნდაც მცირე მოცულობით) ივანიშვილი მას 99%-იანი ალბათობით ფლობს. ამ ადამიანების პრესკონფერენციაზე ან მიტინგზე გამოყვანა «ნაცმოძრაობის» დახეული პარტბილეთით ხელში მხოლოდ წამიერ საინფორმაციო ეფექტს წარმოშობს, გაცილებით მეტ სარგებელს ისინი ივანიშვილს იმ შემთხვევაში მოუტანენ, თუ გარკვეულ მომენტამდე სისტემის შიგნით დარჩებიან.

სხვათა შორის, ამქვეყნად კაპიტულაციის ოთხი სახეობა არსებობს: საპატიო, ჩვეულებრივი, საერთო და უპირობო. თუმცა ეს ისე, სხვათა შორის, დროებით ჩავთვალოთ, რომ სრულიად «ნაცმოძრაობა» «ნიხტ კაპიტულირენ» განწყობაზეა და რაიხსტაგის მისადგომებს ამაგრებს.

რეჟიმის ძალა, თუ საქმე მაინც და მაინც არითმეტიკაზე მიდგა, იზომება არა ხიშტების ნომინალური რაოდენობით, არამედ იმით, თუ რამდენი ადამიანია მზად მისთვის და იმ იდეებისთვის, რომელსაც ის ასახიერებს, სრულიად უსასყიდლოდ იბრძოლოს და, საჭიროების შემთხვევაში, თავი გაწიროს. ეს ერთადერთი ღირებული რესურსია, რადგან მოსყიდულები შეიძლება სხვამ იყიდოს, ხოლო შეშინებულები უარესად შეაშინოს. საინტერესოა, რამდენი უანგარო მხარდამჭერი ჰყავს სააკაშვილს? თუ მათი რაოდენობა დიდი იქნებოდა, ბელადს, ალბათ, არ შეეშინდებოდა პოლიტიკური კონკურენციის, თუმცა ყველა ნაბიჯი, რომელიც მან ასპარეზზე ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ გადადგა, ოპონენტის სრულ განადგურებაზეა ორიენტირებული და მათ ერთობლიობას შეუძლებელია XXI საუკუნეში «პოლიტიკა» ეწოდოს.

ამ გზიდან გადახვევას სააკაშვილი, როგორც ვხედავთ, არ აპირებს და, სავარაუდოდ, მალე ძალისმიერ ესკალაციაზე წავა, რადგან პოლიტიკურ და საინფორმაციო სივრცეში დამაჯერებელ შედეგებს ვერ აღწევს. ის ასე იქცეოდა მაშინ, როდესაც მისი მოწინააღმდეგეები, ივანიშვილთან შედარებით, სუსტი ლიდერები იყვნენ და, ალბათ, ვერავინ გამორიცხავს, რომ ახლაც იმავეს არ გააკეთებს. როდესაც ცუდი მოთამაშე აგებს, ოპონენტს შეიძლება საჭადრაკო დაფა ესროლოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ არ გააფრთხილებენ, რომ ამისთვის სასტიკად დასჯიან (მაგალითად, იმავე დაფას შეაჭმევენ).

ისე კი... ვარდი უეკლოდ ჯერ არავის ამოუძირკვია.