კავკასიის ქედზე უღელტეხილების ნახევარზე კონტროლი დავკარგეთ

კავკასიის ქედზე უღელტეხილების ნახევარზე კონტროლი დავკარგეთ

საქართველომ კავკასიონზე 43 ისტორიულ გადასასვლელიდან 23-ზე კონტროლი დაკარგა. საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი უღელტეხილებისა თუ სტრატეგიული გზებიდან ჩვენ დღეს მხოლოდ 20-ს ვაკონტროლებთ. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ოკუპირების გარდა, საქართველომ დაკარგა ხევსურეთში სოფელ ნაძვების მიმდებარე, დაახლოებით 10 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია; ასევე ლარსის სასაზღვრო პუნქტის არასწორი განლაგების გამო დაიკარგა ტერიტორიის რაღაც ნაწილი.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულია საქართველოს კონტროლირებადი მონაკვეთი - კოდორის ხეობა. მალევე ქართველი მესაზღვრეები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ მამისონის უღელტეხილის საკონტროლო პუნქტი და 20 კმ-ით ქვეყნის სიღრმეში დაეხიათ. თუშეთში, დიკლოს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთმა თვითნებურად 3 კმ-ით გადმოსწია საზღვარი და 24 კვადრატული კილომეტრი მიითვისა, - როგორც კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, ეს იმ სტრატეგიული სიმაღლეებისა და გზების ჩამონათვლია, რომელიც საბჭოთა პერიოდში საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებში შედიოდა.

შსს-ს პრეს-სამსახურის უფროსი შოთა ხიზანიშვილის განცხადებით საქართველოს არც ერთი უღელტეხილი არ დაუკარგავს, სხვა დაწვრილებით კომენტარისავის კი ოფიციალური წერილის გაგზავნა გვთხოვა და ადმინისტაციული კოდექსით გათვალისწინებულ ვადებში პასუხის გაცემას შეგვპირდა.

"არც ერთი უღელტეხილი დაკარგული არ არის, თუკი რომელიმე კონკრეტულ უღელტეხილზე გსურთ ინფორმაცია, მოგვწერეთ და 10 დღის ფარგლებში გაგცემთ პასუხს", - განგვიცხადა ხიზანიშვილმა.

მამუკა არეშიძის თქმით კი "საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიებს 43 უღელტეხილი აკავშირებდა. დღეს ამ 43-დან 23-ს რუსეთი აკონტროლებს, როგორც საქართველოს, ისე საკუთრივ რუსეთის ტერიტორიაზე. 23 უღელტეხილი თუ სტრატეგიული გზა დავკარგეთ. დაკარგულთაგან ნაწილი განლაგებულია, როგორც სამხრეთ ოსეთის, ისე აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ გარდა ამისა არის ისეთი უღელტეხილები, რომლებიც სულ მცირე სადავო ტერიტორიაზეა განლაგებული. მაგალითად, ასეთია ყველაზე მსხვილი - მამისონის უღელტეხილი, რომელსაც დღეს ორივე მხრიდან რუსეთი აკონტროლებს. საბჭოთა რუკების მიხედვით მამისონი ადმინისტრაციული თვალსაზრისი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას ეკუთვნის. თუმცა ამ ზონას არც საბჭოთა და არც შემდგომ, ფსევდო დამოუკიდებლობის პირობებში სამხრეთ ოსეთის ოლქის ხელმძღვანელობა საერთოდ არ აკონტროლებდა. ის ყოველთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს ქვეშ იყო.

რ": მამისონის უღელტეხილთან დაკავშირებით რა ხდება დღეს?

მამუკა არეშიძე: მამისონის უღელტეხილი დაიკავეს რუსებმა. ქართველებმა თვითონ გადმოწიეს 20 კილომეტრი საზღვარი. როგორც ჩემთვის ცნობილია, რუსებმა მოითხოვეს ეს ტერიტორია, მაგრამ ეს არ იყო წერილობითი მოთხოვნა, არამედ ზეპირი. საქართველოს მესაზღვრეებმა 20 კილომეტრით უკან დაიხიეს. ის 20 კილომეტრი, რომელიც დღეს ქართულ და რუსულ პოსტებს შორის არის, არც ერთი მხარის მიერ არ კონტროლირდება და ეს ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება რომ საქართველოს სასაზღვრო საგუშაგომ დაიწია 20 კილომეტრით უკან და ახლა დგას სოფელ შოვის მიმდებარე ტერიტორიაზეა.

სხვა რამეც მინდა ვთქვა, მარტო უღელტეხილებში არ არის საქმე, ასევე მნიშვნელოვანია სტრატეგიული სიმაღლეები. არის მაგალითები, როცა საბჭოთა დროს ტერიტორია საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებში ითვლებოდა, დღეს კი სხვადასხვა ხრიკებით და მიზეზებით რუსეთმა ამ სიმაღლეების კონტროლი ხელში ჩაიგდო. ცნობილი, ყბადაღებული ისტორია იყო ხევსურეთში სოფელ ნაძვებთან დაკავშირებით, როცა რუსებმა გადმოწიეს საზღვარი სოფლის სიღრმეში და სტრატეგიული სიმაღლე და სტრატეგიული მიმათულება დაიკავეს.

საბჭოთა რუკების მიხედვით ყაზბეგთანაც საზღვარი საქართველოს სიღრმეშია გადმოწეული და ის ადგილი, რომელიც რუსებმა ხელში ჩაიგდეს, სტრატეგიული მიმართულებებია, რომლითაც როგორც თუშეთისაკენ, ისე ხევსურეთისაკენ კონტროლი შეუძლიათ.

"რ": ამ ნაწილზე უკვე დემარკირებულია საზღვარი?

მ.ა: როგორც ვიცი, არა. მთლიანად საქართველო-რუსეთის საზღვარი დემარკირებული და დელიმიტირებული არ არის. პროცესი დაიწყო, მაგრამ ლოგიკურ ფინალამდე სეპარატისტული რეგიონების არსებობის გამო ვერ მივიდა. უბრალოდ რუსეთთან არსებობს დოკუმენტი, სხვა რესპუბლიკებთანაც არსებობს დოკუმენტი, რომ საზღვარი განისაზღვროს ადმინისტრაციული საზღვრის მიხედვით.

"რ": ნაძვების ტერიტორიის დაბრუნების მცდელობა საქართველოს არ ჰქონია?

მ.ა: საქართველოს ხელისუფლება თვლის, რომ რუსეთთან გვაქვს სადავო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები. იმ რამდენიმე ასეულ კვადრატული მეტრზე, რომელსაც რუსები ადმინისტრაციული საზღვრის სიღრმეში აკონტროლებენ, ამაზე ლაპარაკი აღარც არის.

სხვათა შორის, ინგუშეთის საზღვართან ხევსურთში არის როშკა-არხოტის სოფლის მონაკვეთი, სადაც სამანქანო გზა არა საქართველოს მხრიდან, არამედ ინგუშეთის მხრიდან შედის. სამანქანო გზიდან 30 კილომეტრს ახლაც ცხენებით დადიან. იქ ჩვენი საგუშაგო დგას, მაგრამ ჰაერშია გამოკიდებული.

მინდა გითხრათ, რომ საზღვრის დაცვას ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა. საზღვრის დაცვაზეა მიბმული მთიანი რეგიონების უმძიმესი დემოგრაფიული საკითხი. საზღვრის საუკეთესო დამცველები ადგილობრივი მოსახლეობაა. თუკი ადგილობრივი მოსახლეობა არ იქნება, საზღვარს ვერ დაიცავ. მთიან რეგიონში ეს გამორიცხულია. მაგალითად, სვანეთში საზღვრის დაცვის თემა ბევრად უფრო მოგვარებულია, იმიტომ, რომ იქ ადგილობრივი მოსახლეობა საკმარისია იმისთვის, რომ საზღვრის დაცვის სისტემა შეიქმნას. ასევე აჭარაში, მეტ-ნაკლებად რაჭაშიც. ხევსურეთი და თუშეთი ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად მოტიტვლებულია.

"რ": რა რაოდენობის ადამიანი ცხოვრობს საზღვრისპირა მაღალმთიან სოფლებში?

მ.ა: დღეს მთელ 800 კილომეტრიან საზღვარზე დაახლოებით 25 ათასი მაცხოვრებელია და ეს ძირითადად სვანეთისა და რაჭის ხარჯზეა. აღმოსავლეთ საქართველოში დემოგრაფიის თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობაა. ყაზბეგის რაიონში სულ 1500 მოსახლეა. თუშეთი და დანარჩენი კუთხეები სულ ცარიელია. ხევსურეთში სულ 15-20 მოსახლეა. აქედან გამომდინარე ურთულესია ამ რეგიონის დაცვა და ამიტომაც მთიან რეგიონში მოსახლეობის დაბრუნების თემა არის უმთავრესი. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ნება, რომ კანონი შემუშავდეს და განსაკუთრებული პირობები, შეღავათები შეიქმნას მთაში მცხოვრები ადამიანებისთვის. ეს იქნება სვადასხვანაირი სესხების სისტემა სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებისათვის, ტურისტული ბიზნესისთვის ცალკე შეღავათები და ა.შ.

"რ": 2008 წელს რა სტრატეგიული სიმაღლეები დავკარგეთ?

მ.ა: დაიკარგა კოდორის ხეობა, იმ წელს მოხდა მამისონზე ქართველი მესაზღვრეების 20-კილომეტრიანი უკან დახევა და ასევე დუშეთში დიკლოს მთასთან საზღვრის გადმოწევა, სადაც რუსებმა 24 კვადრატული კილომეტრი მიითვისეს.

"რ": როგორ ფიქრობთ დარჩათ რუსებს იმის ინტერესი, რომ კიდევ რომელიმე ქართული სტრატეგიული სიმაღლე თუ უღელტეხილი დაიკავონ?



მ.ა: რა თქმა უნდა. ზუსტად ეს არის მთავარი. საქმე ის არის, რომ 1982 წლის რუსეთის გენშტაბის გეგმის მიხედვით საბჭოთა კავშირის თავდაცვითი ზღუდე მაგალითად, ნატოსთან ომის შემთხვევაში შემდეგნაირი იყო: პირველი ზღუდე გადიოდა საბჭოთა კავშირისა და თურქეთის საზღვარზე - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაკვეთი. მეორე ზღუდე იყო კავკასიონი ქედი. მესამე - ეს იყო შედარებით სიღრმეში, სტავროპოლისა და როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველი ზღუდე მოიშალა და ის გახდა სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოების საზღვარი თურქეთთან. აქედან გამომდინარე, კავკასიის ქედი რუსეთის თავდაცვისთვის პირველ ზღუდედ გადაიქცა.

საქმე იმაშია, რომ თავდაცვითი ზღუდე მარტო მთათა სისტემა არ არის, ეს არის ინფრასტრუქტურაც. ზღუდეს ინფრასტრუქტურა სჭირდება. საბჭოთა კავშირის დროს ბათუმი, ახალციხე, ვალე და ზოგიერთი სხვა ქალაქი თითქმის დახურული იყო, ზუსტად იმის გამო, რომ ისინი თავდაცვითი ზღუდის სისტემაში შედიოდნენ. ისეთივე სისტემა სჭირდება დღესაც რუსეთს კავკასიონის ქედის წინ.

თავდაცვითი ზღუდის სიფართე 40 კილომეტრია საზღვრის მთელ პერიმეტრზე. ამიტომ რუსეთს სჭირდება ჰქონდეს კომუნიკაციური საშუალებები საზღვართან ახლოს და პლუს ჰქონდეს რაც შეიძლება ფართო ზოლი კავკასიის ქედის წინ საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ არის მთავარი, რომ იმ უღელტეხილებთან, რომლებიც რუსებმა შეგნებულად დაიკავეს, მოყვანილია გზები და ეს გზები ყველა გარემონტებულია.

"რ": სადამდეა მიყვანილი ეს გზები?

მ.ა: მოყვანილია გზა ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან კოდორის ხეობამდე და ამ გზის გაგრძელებას სოხუმიკენ აპირებენ. ამ გზის დასრულებას 2015 წლისთვის ვარაუდობენ. მოყვანილია გზა მამისონის უღელტეხილამდე, ეს გზა 18 კილომეტრიანია და 3,2 მილიარდი რუბლი დაჯდა. სტრატეგიული თვალსაზრისით სჭირდებოდათ და ამდენი იმიტომაც დახარჯეს.

გარდა ამისა, როკის გვირაბს აკეთებენ, მეორე სამარკაფო გვირაბს, ზუსტად იმიტომ, რომ სტრატეგიული დანიშნულებისაა. პლუს დაღესტნიდან კახეთის მიმართულებით ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლამდე მოყვანილია ბეშთა-ახალსოფლის გზა. ეს ის გზაა, პუტინი რომ კითხულობდა, ტანკები გაივლიან თუ არაო. დღეს ეს ახალი გარემონტებული გზა ზედ ჩვენს საზღვარზეა მოყვანილი, რადგან ლოლოიანის უღელტეხილიდან სოფელ ახალსოფლამდე 30 კილომეტრია. რუსეთის მხარემ მთელი საზღვრის პერიმეტრებზე აითვისა ყველა სტრატეგიული გადმოსასვლელი და გზები მოიყვანა.

ასევე გზა მოყვანილია ჩეჩნეთიდან შატილამდე. ეს გზები ჩვენს ტერიტორიაზე არ გადმოსულა, მაგრამ ეს არის პერსპექტივის საქმე. ამიტომაც ვამბობ - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტი და დამპყრობელია, გარკვეული დიალოგის ფორმატის შექმნა აუცილებელია.

არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საქართველომ მოულოდნელად დაიწყო ომი, რადგან 2008 წლის კონფლიქტი რუსეთის მხრიდან ძალიან დიდი ხანია მზადდებოდა და საქართველოს ხელიუფლება ამ დაგებულ ხაფანგში გაება, მაგრამ საბოლოო ჯამში დასავლეთთან საუბრის დროს რუსეთი ყოველთვის აპელირებს იმაზე, რომ ეს არის აგრესილი ხელისუფლება და მასთან დიალოგის რეჟიმში არ შევა.

დიალოგის რეჟიმის გარეშე ჩვენ ექსტრემალურ სიტუაციაში ხიფათის აცილების არანაირი მექანიზმი არ გვაქვს. ამიტომაც ვვარაუდობ, რომ თუ ირანთან კონფრონტაცია დაიწყო და კონფრონტაციაში აშშ ჩაერთო, ამ შემთხვევაში გამორიცხული არ არის რუსეთმა სომხეთში არსებული თავისი გიუმრის ბაზის დაცვის მოტივით საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი ჯარის გატარება მოინდომოს - ეს ცხინვალი-ბორჯომი-ახალქალაქის მიმართულებაა და ამით შეიძლება საქართველოს ტერიტორია შუაზე გაიჭრას. ამ გეგმის განსახორციელებლად კავკასიის იქითა მხარეს ყველაფერი მზად არის. არ ვამტკიცებ, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება, მაგრამ ამდაგვარი ვერსია არსებობს და ამ ვერსიას ხელს ის მზადება უწყობს, რასაც რუსეთი კავკასიის ქედის პერიმეტრზე ეწევა.