ნანა დევდარიანი: ,,დასავლეთი მხოლოდ მოსალოდნელი სცენარისთვის ემზადება, არავინ იფიქროს, ამერიკაში ღამეებს ათენებენ იმაზე ფიქრში, სააკაშვილი იქნება თუ ივანიშვილი. მთავარია, ქვეყანაში საკუთარი ინტერესები გაატარონ!''
27 მაისის მასშტაბური აქციის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენა განიმტკიცა, ხელისუფლებამ კი გუნდის იმ წევრების დასჯა დაიწყო, რომელთა შვილებიც ,,ქართული ოცნების'' აქციას შეუერთდნენ _ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული მაია მიმინოშვილი, მეორე დღესვე ,,ქართული ოცნების'' ლიდერს შეხვდა. შეძლებს თუ არა კოალიცია იგივე წარმატებით რეგიონებში მასშტაბური აქციების ციკლის გაგრძელებას, რატომ ფიქრობს, რომ ნინო ბურჯანაძემ პოლიტიკური სითამამე გამოიჩინა და რა პოზიციას დაიკავებენ არჩევნებამდე საერთაშორისო ორგანიზაციები, ,,ვერსიის'' კითხვებს ნანა დევდარიანი უპასუხებს:
_ ფაქტია, 27 მაისის აქცია შედგა და კოალიციამ ძალის დემონსტრირებაც შეძლო. ისიც კარგად ვნახეთ, რომ ხალხის მასასთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობადი და გაწონასწორებული სახეებიც აჟიტირებულნი იყვნენ. რაც შეეხება სლოგანს _ ,,ჩვენ ვიწყებთ'' _ მიანიშნებს, რომ კოალიციის წევრები თავადაც ხვდებოდნენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, მათი აქტივობა არ იყო ის, რაც საქმეს რეალურად სჭირდებოდა. ასევე, კარგად მახსოვს სლოგანი _ ,,ჩვენ შევცვლით'', რომელმაც არ იმუშავა. ახლა კი ვნახოთ, ,,ქართული ოცნება'' საზოგადოებას რა სიახლეს შესთავაზებს.
_ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანიის დაწყება უკვე შესთავაზა. ქართულ რეალობაში, 27 მაისის აქცია რას შეცვლის?
_ სიმართლე გითხრათ, როცა ,,ქართულ ოცნებაში'' ვიყავი, ყოველთვის მიკვირდა, რატომ იმეორებდა ბიძინა ივანიშვილი ჯიუტად, რომ ქუჩაში გამოსვლები მისთვის მიუღებელია. მარტივი პოლიტიკური მეთოდოლოგიაა _ ხან ქუჩაში უნდა გამოხვიდე, ხან დარბაზში შეკრიბო მხარდამჭერები და ზოგჯერ, მეტი ყურადღების მისაქცევად, ძალიან ხმამაღლაც უნდა იყვირო. გასაგებია, რომ 27 მაისის მიმართ საპროტესტო ელექტორატმა დიდი ყურადღება გამოიჩინა, თუმცა, ამ შემთხვევაში, ბევრად საინტერესოა, როგორ მუშაობს კოალიცია იმ ადამიანებთან, ვინც ჯერ კიდევ ნეიტრალურად განწყობილია პოლიტიკური პროცესების მიმართ ან ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს. 27 მაისის აქცია მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერების მობილიზაციას ჰგავდა და სხვების გადმობირებაზე გათვლილი არ იყო. შესაძლოა, ნეიტრალურად განწყობილი ადამიანი დაფიქრდა _ ალბათ, ბიძინა ივანიშვილი მართლაც მოდის ხელისუფლებაშიო, მაგრამ მხოლოდ ერთი აქციით ამ კატეგორიის საკუთარ ამომრჩევლად გადაქცევა შეუძლებელია. ამას ხანგრძლივი და სისტემური მუშაობა სჭირდება.
_ ამიტომაც ,,ქართული ოცნება'' 27 მაისის გაგრძელებას 7 ივნისს ქუთაისში გვპირდება. ფიქრობთ, რომ კოალიცია რეგიონებში მსგავსი ეფექტის მოხდენას შეძლებს?
_ სააკაშვილს რეგიონებში ხალხი ავტობუსებით დაჰყავს. იმედია, ,,ოცნებაც'' იგივე გზაზე არ ივლის. მოგეხსენებათ, თბილისთან შედარებით, რეგიონებში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. დედაქალაქში ,,მაესტრო'' და ,,კავკასია'' მაუწყებლობს, ასევე დიდია ბეჭდური მედიის როლიც. რეგიონებში კი გაზეთების ყიდვის საშუალება ბევრს არ აქვს, ამიტომ, პირადად ჩემთვის, გაუგებარია, თუნდაც გურიაში, სადაც მხოლოდ ,,გურია ნიუსი'' გამოიცემა, სამაგიეროდ, აქტიურად მუშაობს სამი ცენტრალური არხი, რა საშუალებით უნდა დაუძახონ აქციაზე ადგილობრივებს. მართალია, ბიძინა ივანიშვილი გვარწმუნებს, რომ თითოეული ნაბიჯი გათვლილი აქვს, მაგრამ პოლიტიკა ფიზიკაში მომზადება ნამდვილად არ არის. რაც არ უნდა ბევრი თეორია შეისწავლო და ინტელექტუალურად მოემზადო, სანამ სცენაზე პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად არ გახვალ, ძლიერი პოლიტიკოსი ვერ გახდები. სხვათა შორის, თუ დააკვირდით, 27 მაისის აქციაზე, ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და დათო მაღრაძე სიტყვით გამოვიდნენ, თუმცა კოალიციის დანარჩენ ლიდერებს ხალხისთვის არ მიუმართავთ.
_ ანუ კოალიციაში პირველობისთვის ბრძოლა შესამჩნევია?
_ პირდაპირ გეტყვით, თუ ბიძინასთან ერთად, სხვა პოლიტიკური ლიდერებიც გამოვიდოდნენ, ისინი ერთ პოლიტიკურ წონას შეიძენდნენ, ამიტომ ის 27 მაისს კოალიციის დანარჩენ წევრებზე ბევრად მაღლა დადგა. ბუნებრივია, პოლიტიკაში ლიდერები გამოკვეთილები არიან, მაგრამ აქ მეორე ფაქტორსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება: მართალია, კოალიციაში ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს არც უნდა დაეტოლონ, მაგრამ შემდეგ ბუნებრივად გაჩნდებოდა პრეტენზია _ რატომ უნდა გამოვიდნენ სიტყვით პირველნი რესპუბლიკელები და არა გუბაზ სანიკიძე, ან პირიქით. მსგავსი ფაქტები ჩემ თვალწინ არაერთხელ მომხდარა. ზოგჯერ პოლიტიკოსები უმნიშვნელო დეტალებს გადამეტებულ ყურადღებას უთმობენ, თუმცა კარგი იქნება, თუ მხოლოდ იმაზე იფიქრებენ, ვინ რა მიმართულებითაა ეფექტური. არავის ეგონოს, ამას მტკიცებით ფორმაში ვამბობ, უბრალოდ, ეს ჩემი ვარაუდია. იმასაც არ გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილს ეთქვა, აქცია ხანმოკლე უნდა იყოს და ამიტომ სიტყვით არ გამოხვიდეთო. ჯერჯერობით, ჩვენ არ ვიცით, მოქმედ პირებს რა სვლები აქვთ ჩაფიქრებული ან რამდენად შეკრული და კოორდინირებული იქნება კოალიცია. თუ დანარჩენი მოქმედებებიც, 27 მაისის აქციის მსგავსად, ორგანიზებული იქნება, მაშინ პირადად მე, ამ გუნდის მიმართ სკეპტიკურად განწყობილიც აღარ ვიქნები.
_ 27 მაისის აქციაზე ხელისუფლების პასუხმაც არ დააყოვნა, ერთ-ერთი წარმატებული გუნდის წევრი მაია მინინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მმართველი გუნდი ისევ ეიფორიაში ჩავარდა?
_ გაგანია გამოცდების პერიოდში მაია მიმინოშვილის გათავისუფლებით ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა, თუმცა კარგი ქართული ანდაზა მახსენდება: სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. ძალაუფლებით აღჭურვილი პირები ვალდებულნი არიან, მეტი მოთმინება გამოიჩინონ, თუმცა ფაქტია, მიმინოშვილის გათავისუფლებით პირველმა პირებმა დანარჩენები გააფრთხილეს _ ვინც ,,ოცნებისკენ'' გაიხედავს, დაისჯება. რაც შეეხება ეიფორიას, ხელისუფლება 7 ოქტომბრის შემდეგ, ეიფორიაში ნამდვილად აღარ არის, პირიქით, უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აატარებს. ფაქტია, ტერორი არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გაძლიერდება. საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს უკვე ემუქრებიან _ თქვენ კი არა, ,,ქართულ ოცნებას'' თქვენი ნათესავიც არ გაეკაროსო. რა უნდა ქნან ამ ადამიანებმა, ნავთობის ბიზნესს ხომ ვერ გახსნიან? ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას უნდა მიმართოს: მართალია, დღეს სამსახურს დაკარგავთ, მაგრამ არჩევნების შემდეგ ბევრად უკეთეს პირობებში იცხოვრებთო. საზოგადოებამაც უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, როდემდე სურთ ტერორში ცხოვრება. სხვათაAშორის, გესტაპოში არსებობდა დაუწერელი კანონი, ტყვეების წამებისას ზღვარს არ უნდა გადასულიყვნენ, რადგან თუ ადამიანს ზღვარგადასულად მოექცევი, მისთვის ყველაფერი სულ ერთი ხდება, რაც საკმაოდ საშიშია. თუმცა კოალიციაში იმეორებენ, ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება მხოლოდ ჩვენ სასარგებლოდ მუშაობსო, რაც, ვფიქრობ, მხოლოდ პიარის ნაწილია. მოსახლეობამ დიდი ხანია ისედაც კარგად იცის, რა კალიბრის ხელისუფლება გვყავს. სააკაშვილის რეჟიმის ლუსტრაციისთვის სულაც არ არის აუცილებელი, ბიძინა ივანიშვილი წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდეს. თუ გინდა ყველაფერი შენს სასარგებლოდ მუშაობდეს, წარმატებული ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.
_ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი პოლიტიკური ნაბიჯი 26 მაისს გადადგა, როცა სამებაში ნინო ბურჯანაძეს სოლიდარობა გამოუცხადა. ფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება ახალი პოლიტიკური ბლოკის შექმნის წინაპირობა გახდება?
_ ბიძინა ივანიშვილი სამებაში, პარაკლისზე რომ არ მისულიყო, დაადასტურებდა, რომ 26 მაისს ხელისუფლების მიერ ჩადენილ არაადამიანურ დარბევას არ გმობს, ეს კი მისთვის პოლიტიკურად წამგებიანი ნაბიჯი იქნებოდა. თუ ყურადღება მიაქციეთ, ბიძინა ივაიშვილმა ნინო ბურჯანაძეს მხოლოდ ხელი ჩამოართვა, სახალხო კრების დანარჩენი ლიდერები კი გადაკოცნა. ამით მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბურჯანაძის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას, თუმცა, პირადად მე, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, როცა მიუხედავად იგნორირებისა, ნინო ბურჯანაძე აქციას შეუერთდა. როგორც ჩანს, ბურჯანაძეს ამ ნაბიჯის გადასადგმელად პოლიტიკური სითამამე ეყო. თუ ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის რიგებში დანარჩენი ოპოზიციური პარტიები არ მიიღო, მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებას აზრი არ აქვს. პარტიული ბიულეტენი ხომ ერთი რიგდება, ამ შემთხვევაში, ამომრჩევლებმა რა უნდა გააკეთონ? თუ კოალიციაში დანარჩენი პარტიების მოზიდვასაც მოახერხებენ, ყველა ხმა ერთ ყულაბაში წავა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, მესამე ძალა შეიქმნება, რომელიც ნატო-ს მოწინააღმდეგეების ხმებს მთლიანად წაიღებს, ეს კი მინიმუმ 10-15%-ია. ქრესტომათიული ფორმულაა _ თუ ძლიერი რეჟიმის დამარცხება გსურს, ყველა ერთ მუშტად უნდა შეკრა, მაგრამ თუ ამას ვერ ახერხებ, გამარჯვებაც სათუო ხდება. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ემზადება თუ არა კოალიცია არჩევნების მეორე დღისთვის.
_ იკვეთება, რომ ბიძინა ივანიშვილი 2003 წლის მოვლენების გამეორებას შეეცდება და დასავლეთის მხარდაჭერას რატომ ვერ გრძნობთ, თუნდაც ბასის კრიტიკული განცხადებების ფონზე?
_ ყოველ შემთხვევაში, 2003 წელს, ქუჩაში გამოსული ადამიანების რაოდენობას პოლიტიკური პროცესები არ გადაუწყვეტია. გადამწყვეტი სწორედ დასავლეთის მხარდაჭერა იყო. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, კოალიციისადმი მხარდაჭერა, ჯერჯერობით, არ იგრძნობა. განცხადებები კი არაფერს ნიშნავს, მაშინ რატომ პირდაპირ არ ეუბნებიან მმართველ გუნდს _ საარჩევნო კოდექსი შეცვალე, თორემ არჩევნებს არ ვაღიარებთო?! გახსოვთ, ალბათ, ბეიკერის ვიზიტი, რომელმაც კონკრეტული ფორმულები ჩამოიტანა. ჯერჯერობით, ამერიკელები მხოლოდ თადარიგს იჭერენ _ თუ მიშა დარჩება ხელისუფლებაში, უკვე ნათქვამი აქვთ მის მიღწევებზე, ხოლო თუ ბიძინას გუნდი გაიმარჯვებს, კრიტიკული განცხადებებიც გაჟღერებულია. ასე რომ, დასავლეთი მხოლოდ მოსალოდნელი სცენარისთვის ემზადება და არავინ იფიქროს, რომ ამერიკაში ღამეებს ათენებენ იმაზე ფიქრში, სააკაშვილი იქნება ხელისუფლებაში თუ ივანიშვილი. მათთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში საკუთარი ინტერესები გაატარონ. ჯერჯერობით, იკვეთება, რომ ორივე ძალა ამის გამკეთებელია. ივანიშვილის კოალიციისადმი საკმაოდ კეთილგანწყობილი ვარ, მაგრამ რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ. თუ შემეშლება, ბოდიშის მოხდაც არ გამიჭირდება, თუმცა ვხედავ, რომ ჯერჯერობით, არაფერში შევმცდარვარ.